Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ”გულის მოსაგებად” სააკაშვილი კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ამზადებს


შეერთებულ შტატებში მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი სამშაბათ საღამოს გამოვიდა ინიციატივით, 35 მანდატით გაიზარდოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობა.

3/19/2008
ანუ ამომრჩეველს არა 150, არამედ 185 დეპუტატის არჩევა მოუწევს. ამ ინიციატივით სააკაშვილი გამოეხმაურა მოშიმშილე ოპოზიციას და შეეცადა განემუხტა რთული პოლიტიკური ვითარება საპარლამენტო არჩევნების წინ. ამ იდეას ოპოზიციის ერთმა ნაწილმა პოზიტიური უწოდა, რესპუბლიკური პარტია კი, რომელიც მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წინადადება ოპოზიციისათვის საფრთხეს შეიცავს და, თანაც, ფეხქვეშ თელავს მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ბოლო წელს უფრო მეტჯერ შეიცვალა, ვიდრე საბიუჯეტო კანონი, ალტერნატიული ვარიანტით გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუცია 16-ჯერ შეიცვალა, რასაც იურისტები და სამართალმცოდნეები ანალოგს ვერ უძებნიან. ზაქარია ქუცნაშვილი, ცნობილი იურისტი და წამყვანი რადიო ”იმედის” საავტორო გადაცემისა ”კანონი ხალხისათვის”, მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ხშირ ცვლილებას საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სათავისოდ იყენებს:

[ზაქარია ქუცნაშვილი] ”კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ხდება 5 წელიწადში, 10 წელიწადში ერთხელ ან, მაქსიმუმ, ორჯერ. და თუ შევა იმ 5 წელში ცვლილება, იგი ამოქმედდება მომდევნო ხელისუფლების დროს. და ჩვენთან ცვლილებები შედიოდა გამოქვეყნებისთანავე, რაც რეალურად მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიმღები თავისთვის ცვლიდა კონსტიტუციას.” (სტილი დაცულია)

უკანასკნელად საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მარტის დასაწყისში მიიღო, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა პარლამენტის წინ დაწყებული უვადო საპროტესტო შიმშილობისა, რომელიც მე-11 დღეა გრძელდება.
კანონის თანახმად, კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე 150-კაციანი პარლამენტის ნახევარი პროპორციული, მეორე ნახევარი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.
გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებით დაირღვა 2003 წლის ნოემბრის რეფერენდუმის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ 50 უნდა ყოფილიყო. ოპონენტები ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეპუტატების მანდატების გარეშე დატოვებასაც უსაყვედურებენ. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში ვიზიტს უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის ფონზე განაგრძობს, გამოვიდა ახალი ინიციატივით, რაც, მისი აზრით, სიტუაციას განმუხტავს:

[მიხეილ სააკაშვილი] ”თუ ეს მოემსახურება ეროვნულ თანხმობას, თუ ეს მოემსახურება სხვადასხვა პარტიებს შორის კონსენსუსს, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ავუხსნათ ჩვენს ხალხს, რომ ამისთვის ღირს იმ 25 თუ 35 მანდატის დამატება, მაგრამ იმ პირობებში, თუკი ყველა პოლიტიკური ძალა ამაზე შეთანხმდება.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რომლის წევრებიც პარლამენტის შიგნით და მის გარეთ შიმშილობენ, მიხეილ სააკაშვილის ეს იდეა შეაფასა ”გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობად.” მოშიმშილე დეპუტატმა გია თორთლაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ეს იდეა მათთვის მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, თუკი იგი გავრცელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონზე და ეს რეგიონები საკონსტიტუციო სივრცეში შემოვა:

[გია თორთლაძე] ”წინა კონსტიტუციურ ცვლილებაში რაც მიიღეს, იქ არ დარჩა ადგილები და საერთოდ არ მოიაზრებოდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციაში და მის სივრცეში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მოთხოვნა ეს არის და ამიტომ, თუკი ეს მოაზრებულია, მაშინ იმ მოთხოვნებთან ერთად, რაც ჩვენ გვაქვს, შესაძლებელია, რომ ჩვენ მივიდეთ კონსენსუსამდე და ჩვენ ავდგეთ.” (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის რესპუბლიკური პარტია, რომლის ლიდერები მიიჩნევენ, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, რაც არჩევნებამდე დარჩენილ დროში არ მოესწრება. ხოლო თუ მოესწრება, მაშინ ხელისუფლება შეეცდება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაში აიყოლიოს ოპოზიცია და ამით მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკურმა პარტიამ ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან თავისებური გამოსავალი შესთავაზა, რაც, დავით ზურაბიშვილის თქმით, კონსტიტუციის დაცვას უზრუნველყოფს:

[დავით ზურაბიშვილი] ”ეს მოდელი არის ეგრეთ წოდებული რეგიონულ-მაჟორიტარული სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქმნება ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქები. ეს არ ემთხვევა, ცხადია, რაიონების საზღვრებს. იქნება 75 ოლქი, მათ შორის მოხვდება, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქი და ამით ეს პრობლემაც თავიდან იქნება აცილებული. ვთქვათ, კახეთში თუ იქნება 4 მანდატიანი ოლქი, იმ ოთხ მანდატში ამომრჩეველი ხმას აძლევს 4 პიროვნებას. ანუ ყველა პარტია წარმოადგენს თავის სიას, რომელშიც პიროვნებები იქნება ჩამოწერილი. პიროვნებებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი და ის [ამომრჩეველი] ხმას კონკრეტულ პიროვნებას აძლევს.” (სტილი დაცულია)

თუმცა საბოლოოდ რომელი ვარიანტი გახდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის საგანი, ეს თავად ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომლის წევრებსაც მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე შეიმუშაონ ერთიანი მიდგომა. ამასობაში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სურს საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს ჩატარდეს, დამოუკიდებლობის დღესასწაულამდე, რომლის აღსანიშნავადაც ხელისუფლება წელს განსაკუთრებით პომპეზურად ემზადება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG