Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჰყვება თუ არა დასავლეთის მხარდაჭერას კონკრეტული შედეგები


სოხუმს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვია,

რომლის შემადგენლობაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი, მრჩეველი კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხებში მაიკლ კარპენტერი და საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილების გამგე ბრიჯიტ ბრინკსი არიან. ვიზიტის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს. საკითხავია, მოჰყვება თუ არა დასავლეთის მხარდაჭერას კონკრეტული შედეგები.

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას შეხვდა. დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ვიზიტის მიზანია აფხაზებს ქართული მხარის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა გააცნოს და ხელი შეუწყოს ნამდვილი სამშვიდობო პროცესის დაწყებას:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რუსი კოლეგები წაახალისებენ ჩვენს კოლეგებს სოხუმში, მიიღონ ეს იდეები, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა, ისინი კიდევ უფრო განავითარონ და შემოგვთავაზონ დამატებები ან ცვლილებები. შედეგად მივიღებთ ნამდვილ სამშვიდობო პროცესს, რომელიც აფხაზეთში ვითარების პოლიტიკურ დარეგულირებას შეუწყობს ხელს.”

სერგეი ბაღაფშთან შეხვედრამდე მეთიუ ბრაიზამ გააკეთა განცხადება: უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების მიერ შესრულებული სამუშაო მნიშვნელოვანია - ის ეხმარება ქართულ მხარეს უკეთ გაიგოს, რა ხდება აფხაზეთში, რაც საქართველოს უსაფრთხოებისათვის აუცილებელიაო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარები გააკეთეს აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე არც რეკომენდაციები და არც მოთხოვნები არავის წამოუყენებია და, უბრალოდ, კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ. სერგეი ბაღაფშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ კი განაცხადა, რომ შეხვედრა დაძაბულ, მაგრამ გულახდილ ფორმატში მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამერიკულ დიპლომატიურ მისიას კონკრეტული წინადადებები არ წამოუყენებია, მაგრამ ინტერესდებოდნენ აფხაზური მხარის აზრით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში.

ვიზიტის დაწყებამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესის განახლებას.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია აფხაზეთთან მოლაპარაკებაში, რუსეთის გარდა, სხვა მხარეებიც, კერძოდ, ამერიკელები და ევროპელებიც ჩაერთონ. მისი თქმით, ამჟამინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შეუძლია. თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრების საბოლოო მიზანი მოლაპარაკების მაგიდასთან ქართველებისა და აფხაზების ერთად დაჯდომა იქნება:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”მე არა მგონია, რომ აფხაზები ასევე ღიად დათანხმდნენ ამ ყველაფერზე. ალბათ, ამისათვის საჭირო იქნება არა ბრაიზასა და აფხაზების შეხვედრა, არამედ ქართველებისა და აფხაზების შეხვედრა. და თუ ბრაიზას ვიზიტის შედეგად მოხდა ჩვენი და მათი შეხვედრა, ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს მისი ვიზიტის წარმატებად.”

ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს ცალსახად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობა. ახლა საჭიროა ამ მხარდაჭერის სწორად გამოყენება, - ამბობს ტერიტორიული მთლიანობის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციები ადრეც უჭერდნენ მხარს, მაგრამ ვერ ხერხდებოდა ამ მხარდაჭერის სწორ კალაპოტში მიმართვა:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ჩვენს შემთხვევაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედება წინასწარ ჩვენ მიერ არის რეალურად დაგეგმილი. ანუ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ტერიტორიების დაბრუნება თქვენთვის ნიშნავს აქ ადამიანის უფლებების დაცვას და მათთვის ეს მისაღები ფორმულირებაა.”(სტილი დაცულია)

ამერიკის დელეგაციის ვიზიტის პირველ დღეს, 10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია რუსეთის პროვოკაციული ქმედებებით, რომელთა გამოც გაიზარდა დაძაბულობა საქართველოს ხელისუფლებასა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის. ფინლიმ აღნიშნა, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც შუამავლის, სტატუსს გაეროს მეგობარი ჯგუფის საქმიანობის პროცესში. ამას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციაში ამერიკის ელჩის უილიამ ბერნსის განცხადება იმის შესახებ, რომ მისი ქვეყნის პოზიცია უცვლელი რჩება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ელჩმა 6 მაისს რადიოსადგურ ”ეხო მასკვისთან” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ განცხადებებს? სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”დასავლელი მეგობრების განცხადებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც განცხადებები უნდა გადავიყვანოთ კონკრეტულ საქმეში. რუსებმა უნდა გაიყვანონ თავისი ეგრეთ წოდებული დამატებითი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც არანაირად არ ჯდებიან მშვიდობისმყოფელების არანაირ მანდატში. უნდა უკან წაიღონ თავისი 16 აპრილის გადაწყვეტილებები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რეალური გახდეს. მე ვფიქრობ, რომ ძველ რეალობაში ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით.”(სტილი დაცულია)

შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი სოხუმში 11 მაისამდე გასტანს. გეგმის მიხედვით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ამერიკელების ვიზიტის დასრულების შემდეგ ქართული მხარის სამშვიდობო გეგმას ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. სლოვენიის, შვედეთის, პოლონეთისა და ლიტვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თბილისში 12 მაისს ჩამოვლენ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG