Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და მისი ორი ახალბედა წევრი


წელიწადნახევრის წინ, 2007 წლის იანვარში, ბუქარესტსა და სოფიაში შთამბეჭდავი ზეიმებით აღნიშნეს სანუკვარი მიზნის მიღწევა: ევროკავშირში გაწევრიანება.

მაგრამ მას შემდეგ გასულ დროში ბულგარეთმაც და რუმინეთმაც ევროკავშირის ყველაზე უფრო “პრობლემური წევრების” რეპუტაცია შეიძინეს, პირველ რიგში კორუფციის მასშტაბის გამო. საერთაშორისო რეიტინგებში ისინი, როგორც წესი, ევროპის ყველაზე უფრო კორუმპირებულ ქვეყნებს შორის სახელდებიან. მომავალ კვირაში ორივე ქვეყანას ეწვევიან ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები და ექსპერტები იმის დასადგენად, თუ რამდენად სრულდება კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები.

ბრუსელს ბულგარეთისთვის სუბსიდიების მიწოდება აქვს შეჩერებული სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სფეროებში, რადგან შიშობს, რომ ფული არამიზნობრივად დაიხარჯება. ლაპარაკია მილიონობით დოლარზე და მათ, შესაძლოა, კიდევ მილიარდობით დოლარი დაემატოს - ევროკავშირი ბულგარეთისთვის სხვა სუბსიდიების შეჩერების საკითხსაც განიხილავს. სუბსიდიების შეჩერება ემუქრება რუმინეთსაც. ამასთან, რუმინეთს კიდევ ერთი მძიმე პრობლემა აქვს ევროკავშირთან მიმართებით: საქმე ეხება დანაშაულებს, რომელთაც რუმინელი მიგრანტები სჩადიან იტალიაში. იტალია იმდენად შეაწუხა ამ პრობლემამ, რომ სასაზღვრო კონტროლის აღდგენის საკითხსაც კი განიხილავს.

ბრიუსელში მოღვაწე პოლიტოლოგ მაიკ ემერსონის განცხადებით, ევროკავშირის ბევრი ოფიციალური წარმომადგენელი ფიქრობს, რომ რუმინეთის, ისევე როგორც ბულგარეთის მიღება ევროკავშირში ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. [ემერსონის ხმა] “ბრიუსელში გავრცელებული შეფასებით, ევროპის საბჭომ შეცდომა დაუშვა, როცა ამ ორ ქვეყანას მისცა ევროკავშირში 2007დ ან 2008 წელს გაწევრიანების გარანტია. ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა ერთი-ორი წელი მკაცრი პირობები წაეყენებინათ ორივე ქვეყნისთვის, ვიდრე მათ გაწევრიანების გარანტიებს მისცემდნენ.”

მაგრამ ევროკომისიის პრეს-მდივანი მარკ გრეი განმარტავს, რომ რუმინეთი და ბულგარეთი უპირობოდ არ მიუღიათ ევროკავშირში. მათი საყოველთვაოდ ცნობილი პრობლემების გამო, ორივეს დაუსახეს მთელი რიგი ამოცანები. [გრეის ხმა] “ბულგარეთმაც და რუმინეთმაც მთელი რიგი ვალდებულებები იკისრეს 2007 წლის დასაწყისში ევროკავშირში გაწევრიანების დროს. მათ დაუსახეს ამოცანები, რომლებიც განსაზღვრულია სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისთვის, კორუფციასთან საბრძოლველად და - ბულგარეთის შემთხვევაში - ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ზომების მისაღებად”.

ანგარიში, თუ რა პროგრესს მიაღწია ორმა ქვეყანამ ამ ამოცანების შესრულების მხრივ, ივლისში უნდა გამოქვეყნდეს. ევროკომისიის პრეს-მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში გაუმჯობესება იქნება ასახული. თუმცა, უკვე მომზადებული, გარდამავალი პერიოდის ამსახველი ანგარიში, რომელიც აპრილში გავრცელდა, დიდად დამაიმედებელი არ ჩანს.

ბულგარეთთან და რუმინეთთან დაკავშირებული სიძნელეები, ბევრის შეფასებით, უარყოფითად აისახება ევროკავშირის გაფართოების, ახალი წევრების მიღების პერსპექტივაზე. ამ შეფასებას გამოთქვამს, მაგალითად, დამოუკიდებელი ექსპერტი ედრიან ოტნადი. [ოტნადის ხმა] “რასაკვირველია, ევროკავშირს ბევრი მუშაობა უწევს ინტეგრაციის კონსოლიდაციისთვის და გაფართოების პროცესის გამო, რომელიც ამ ეტაპემდეა მისული. ბევრი ქვეყანა საკუთარი საქმეებით არის დაკავებული, ამიტომ არა ვარ დარწმუნებული, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ახალ წევრებს მიიწვევენ”.
XS
SM
MD
LG