Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი დასავლეთში პირველი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება


რუსეთის ახალი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ამ რანგში პირველად იმოგზაურებს დასავლეთში.

ხუთშაბათს ის გერმანიას ესტუმრება ხანმოკლე ვიზიტით და მოლაპარაკებებს გამართავს კანცლერ ანგელა მერკელთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. როგორც ვარაუდობენ, მერკელი მედვედევს მთელ რიგ უხერხულ შეკითხვებს დაუსვამს მის შეხედულებებზე სასამართლო რეფორმის, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

მაისში პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ დმიტრი მედვედევის პირველი ვიზიტი დასავლეთში სულ რვა საათს გაგრძელდება.

ანგელა მერკელის გარდა რუსეთის ლიდერი ხუთშაბათს შეხვდება გერმანიის პრეზიდენტ ჰორსტ კიოლერს და საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და საღამოს მოსკოვში დაბრუნდება.

მაგრამ მიუხედავად ხანმოკლეობისა, ამ ვიზიტმა შესაძლოა ცხადყოს, აირჩევს თუ არა მედვედევი უფრო ლიბერალურ კურსს, ვიდრე მისი წინამორბედი, ვლადიმირ პუტინი, და რეალურად ვინ განაგებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტი მედვედევი თუ ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი პუტინი.

გასულ კვირაში საფრანგეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტმა ცხადყო, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩრდილში ყოფნას არ აპირებს.

რუსი პოლიტოლოგი, ევგენი ვოლკი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში პუტინის კურსიდან გადახვევას არ მოელის:

[ვოლკის ხმა] "ევროპაში ფსონს, როგორც ყოველთვის, დებენ გერმანიაზე, როგორც ყველაზე ახლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორზე და ამით, გერმანიაში ვიზიტით, მედვედევი საგარეო პოლიტიკური კურსის სრული მემკვიდრეობითობის დემონსტრირებას ახდენს. ეს დასავლეთს აუწყებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არავითარი ცვლილება არ მოხდება იმასთან შედარებით, რაც იყო პუტინის დროს."

მედვედევმა თავის პირველ ვიზიტებად ჩინეთი და ყაზახეთი აირჩია, მას მერე, რაც პრეზიდენტი გახდა. მიმომხილველთა აზრით, ხუთშაბათს ბერლინში ვიზიტით მას გადაწყვეტილი აქვს, აჩვენოს, რომ მოსკოვს კვლავაც სურს დასავლეთთან ხიდების გადება.

ბერლინში შეხვედრისას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ალბათ წამოჭრის რუსეთისთვის უხერხულ მთელ რიგ საკითხებს. კერძოდ, დასავლეთის შეშფოთებას რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე.

მოუსმინეთ გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსს, იორგ ჰიმელრაიხს:

[ჰიმელრაიხის ხმა] "ზოგადად ძალზე ძნელია ისეთი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, როგორც რუსეთია. რუსეთს, როგორც ჩანს, მობეზრდა ლექციების სმენა იმაზე, როგორ უნდა განახორციელოს დემოკრატია და საგარეო პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის მკაფიოდ ჩვენება, რომ რუსეთის საშინაო და საგარე პოლიტიკა არ შეესატყვისება ზოგიერთ ხელშეკრულებას, რომლებსაც რუსეთმა ხელი მოაწერა შეერთებულ შტატებთან, ევროპის საბჭოსთან ერთად. არ შეესატყვისება ოფიციალური თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმებას."

ბერლინში მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ენერგომატარებლების ფასები, გარემოს დაცვა, აღლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, კოსოვო და დიდი რვიანის სამიტი, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.

გერმანიაში იმედოვნებენ, რომ ყოფილი ადვოკატი მედვედევი უფრო ლიბერალური პოლიტიკოსი გამოდგება, ვიდრე კაგებე-ს ყოფილი ოფიცერი პუტინი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვოლკის აზრით, მერკელს შესაძლოა მეტი ჰქონდეს საერთო პუტინთან, ვიდრე მედვედევთან.

[ვოლკის ხმა] "თუკი მერკელი და პუტინი ერთ თაობას ეკუთვნობდნენ, მედვედევი საგრძნობლად უფრო ახალგაზრდაა. ამასთან, მედვედევი არ არის გერმანისტი, ის პუტინივით არ ლაპარაკობს გერმანულად. ასე რომ, მჭიდრო კონტაქტები არ არის მოსალოდნელი. პირიქით, მე ვფიქრობ, მერკელი მედვედევის, როგორც ბევრად უფრო ახალგაზრდის მიმართ, მფარველის როლს აირჩევს. და ვინაიდან - ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით - პუტინზე ნაკლებად გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევს მას."
XS
SM
MD
LG