Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის ფრაგმენტაცია გრძელდება


არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კოროზია ოპოზიციის რიგებში სულ უფრო შესამჩნევი ხდება. 9 ივნისს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო კიდევ სამმა წევრმა დატოვა:

ორმა - საბჭოში გამეფებული დიქტატისადმი პროტესტის ნიშნად, ერთი კი, პოლიტიკური რესურსის ამოწურვის გამო, ბიზნესს დაუბრუნდა. 5 პროცენტგადალახული კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება კი, ”ქრისტიან-დემოკრატები”, მზად არის საკონსულტაციოდ ხელისუფლებასთან, რომელიც, თავის მხრივ, თანახმაა ოპოზიციას სერიოზული სახელისუფლებო და საკანონმდებლო ბერკეტები მისცეს პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად.

ოპოზიციის გაერთიანებული ეროვნული საბჭოს ორმა წევრმა - გიორგი თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა - 9 ივნისს საბჭოს რიგები ოფიციალურად დატოვა. როგორც ცნობილია, მანამდე გაერთიანებულ ეროვნულ საბჭოს პარტია ”ჩვენ თითონის” ლიდერი პაატა დავითაია და ”ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია გაემიჯნენ. თუმცა, კოლეგებისაგან განსხვავებით, თორთლაძე-ცაგარეიშვილის ტანდემისათვის მიუღებელი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რამაც, თორთლაძის თქმით, ”ახალი მემარჯვენეების” გავლენით, პარტიული დიქტატის სახე მიიღო და საპროტესტო მუხტი დასცა:

[გიორგი თორთლაძე] ”იმიტომ რომ საპროტესტო მუხტი დაეცა. ხალხს, რომელსაც ეუბნებიან, მოდით და მოვაწყოთ ეს სირცხვილის კორიდორები და მერე აღარ მოვიდა ხალხი და, ფაქტიურად, ამ ხალხში დაისადგურა ნიჰილიზმმა და უნდობლობა გაჩნდა და ყველაფერი ერთად. ამიტომ მე აღარ მინდა ასეთ ორგანოში ყოფნა, სადაც არ სრულდება დაპირებები.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ეროვნული საბჭოს რიგების დატოვებისა, ცაგარეიშვილ-თორთლაძის ტანდემი პოლიტიკაში რჩება, თანაც ოპოზიციურ ფლანგზე, და არ აპირებს პარლამენტში შესვლას მანამ, სანამ ოპოზიციის მუშაობისათვის საკანონმდებლო გარანტიები არ შეიქმნება. სამაგიეროდ, პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი იაშვილი, რომელსაც, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დავით გამყრელიძე პრემიერ-მინისტრის სავარძელს სთავაზობდა. როგორც ირაკლი იაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, მან ამოწურა პოლიტიკაში რესურსი და ბიზნესში დაბრუნებას აპირებს:

[ირაკლი იაშვილი] ”ფაქტიურად, მოტივაცია აღარ მაქვს პოლიტიკაში დარჩენის და შინაგანი რესურსი ჩემი არის ამოწურული და მინდა დავუბრუნდე ჩემს საქმეს და ჩემს ბიზნესს. და, მით უმეტეს, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ხელსაყრელია ძალიან ბიზნესის კეთებაო, გამარტივებულია. და მინდა ჩემს თავზეც გამოვცადო ყველაფერი და დავრწმუნდე, რომ მართლაც ასეა.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების დაპირების ”საკუთარ თავზე” გამოცდას არ აპირებენ ლეიბორისტული პარტია და ეროვნულ საბჭოში შემავალი ის ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, ოპოზიციის კრისტალიზაცია მიმდინარეობსო, და უპრინციპობაში ადანაშაულებენ ყველა იმას, ვინც ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გამართავს და პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოსა და ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ისინი სამდღიან ტაიმ-აუტს აიღებენ მოქმედების გეგმის შესამუშავებლად:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”კრისტალიზაცია ხდება. ახლა, ფაქტიურად, ბრძოლის ძალიან მძიმე ეტაპი დგება. გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და, ბუნებრივია, ყველა ის პოლიტიკური ძალა და ადამიანი, ვინც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ამავე დროს ვყალიბდებით იმაზე, თუ მომავალში როგორ განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა, რა უნდა შევცვალოთ და როგორ უნდა გავაფართოოთ ეს პროცესი.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციის ფრაგმენტაციის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას ოპტიმიზმი ემატება, რომ შეძლებს კონსულტაციაზე დაითანხმოს ოპოზიციური მანდატის მქონე ის ლიდერები, რომლებმაც უარი თქვეს ”ალტერნატიული პარლამენტის” შექმნის იდეაზე. ერთ-ერთმა მათგანმა, პაატა დავითაიამ, უკვე წამოაყენა ის პირობები, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში მზად არის მიიღოს მონაწილეობა კონსულტაციებში:

[პაატა დავითაია] ”ჩემი მოთხოვნებია, რომ ოპოზიციას გადაეცეს გარკვეული ბერკეტები. საუბარია კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე, გენერალური პროკურორის პოსტზე, რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმებით უნდა იყოს დანიშნული, და აგრეთვე საუბარია საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე.” (სტილი დაცულია)

მომავალ კონსულტაციებზე თავისი პირობები აქვს ”ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას”, რომელმაც უარი თქვა მანდატების უკან დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ლევან ვეფხვაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ლაპარაკია უმცირესობის შესახებ კანონზე და უფრო ძლიერ გარანტიებზე, ვიდრე კონკრეტული თანამდებობებია:

[ლევან ვეფხვაძე] ”უნდა იყოს უმცირესობის შესახებ კანონი, რომლის მსგავსიც არის უკრაინაში, რომელიც განსაზღვრავს უკვე, თუ რა დოზით მონაწილეობს პარლამენტის ან კომიტეტების მართვაში ოპოზიცია, ანუ უმცირესობა, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, თუ რა მექანიზმები აქვს უმცირესობას, მართვაზე - აღმასრულებელ ხელისუფლებას ვგულისხმობ- რომ კონტროლი განახორციელოს.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ოპოზიციასთან ყველა საკითხზე გამართონ კონსულტაციები და პირობას დებენ,რომ კონსულტაციები ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება. მანამდე კი უმრავლესობა ოპოზიციის წინადადებებს ბიუროზე განიხილავს, რომელიც ან ოთხშაბათს, პარლამენტის სხდომის დაწყებამდე, ან 10 ივნისს გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG