Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის მხარეებს შორის თავდაუსხმელობის იდეას საქართველოში მომხრეები გამოუჩნდნენ


საქართველოს კონფლიქტის ზონებში მომხდარი ახალ-ახალი შეტაკებების ფონზე, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად შეიტანა ახალი რეზოლუციის პროექტი


აფხაზეთის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ყველა მონაწილეს გააფორმონ ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობაზე. პროექტს საქართველოს ხელისუფლებაში უკვე უწოდეს ”არარეალისტური” და ”სახიფათო”, თუმცა ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი და მოღვაწე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ძალის გამოუყენებლობის იდეა წარმატებულად შეუტრიალოს რუსეთს და ახალი სამშვიდობო სტრატეგიის შემადგენელ ელემენტად აქციოს.

გალში, სოხუმსა და ცხინვალში მომხდარი აფეთქებებისა და დივერსიული აქტების შემდეგ, თავდასხმის ტალღამ უკვე ზემო აფხაზეთსაც მიაღწია. ოფიციალური ინფორმაციით, 9 ივლისს კოდორის ხეობაში, ქვაბჩა-დელუქი-აჩამახის მიმართულებით პატრულირებისას, პოლიციის რაზმზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი პოლიციელი. ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა საგანგაშო უწოდა და პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთს დააკისრა:

[ეკა ტყეშელაშვილი] ” ნათელია, რომ რუსეთის სახელმწიფო ძალიან მიზანმიმართულად ახდენს პროვოკაციების გზით მდგომარეობის ესკალირებას, რათა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან რუსეთის სახელმწიფოს მიერ ინსცენირებულ, პროვოკაციულ ქმედებებზე.” (სტილი დაცულია)

მორიგი პროვოკაციის ფონზე, საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ოთხშაბათს ”არარეალისტური” და ”საშიში” უწოდა რუსეთის მიერ მომზადებულ ახალი რეზოლუციის პროექტს, რომელშიც საქართველო გამოყვანილია ლამის ყველა ბოლოდროინდელი პროვოკაციის ავტორად. ამასთან, რუსეთი ცდილობს დოკუმენტში შევიდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხარეებისადმი მოწოდება, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა რუსეთის ამ ინიციატივას საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა:

[ეკა ტყეშელაშვილი] ”გაეროში განსახილველად შეტანილია ტექსტი, რომელიც აბსოლუტურად რეალობას მოკლებულია და ცალსახად მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გატანას ემსახურება მიზნად. და თავისთავში დიდ საფრთხეს შეიცავს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ჩავარდება. თუმცა, შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების იდეას უშიშროების საბჭოში მომხრეები გამოუჩნდნენ, მათ შორის, გერმანიის სახით, რომლის საგარეო უწყება, ჟურნალ ”შპიგელის” ინფორმაციით, მხარს უჭერს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას, ოღონდ როგორც ერთ-ერთ პირობას იმისათვის, რომ განახლდეს დიალოგი, მოხდეს კონფლიქტური ზონების ეკონომიკური რეაბილიტაცია და აღდგეს მოლაპარაკება პოლიტიკური სტატუსის თაობაზე.
ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ერთ-ერთი თანაავტორია კონფლიქტის ზონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის იდეისა. როგორც ლაშა ტუღუშმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს კონფლიქტის მოგვარების სრულიად ახალი სტრატეგია, რითაც ძალის გამოუყენებლობა ერთ-ერთი საშუალება იქნება მთავარი მიზნის მისაღწევად:

[ლაშა ტუღუში] ”ერთი მიზანია ის, რომ არ დაიღვაროს სისხლი, მაგრამ მეორე მიზანი არის ის, რომ დაიწყოს რეალური სამშვიდობო პროცესი იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს; იმისათვის, რომ ჩვენ შევრიგდეთ რეალურად; იმისათვის, რომ აფხაზებმაც და ოსებმაც ამ ქვეყანაში თავი იგრძნონ უსაფრთხოდ; იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს, წავიდეს წინ და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი.”

კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. პროვოკაციებზე ადეკვატურმა, ანუ საპასუხო ძალისმიერმა, ქმედებებმა კი, შესაძლოა, საქართველო ჩაითრიოს ”რუსულ თამაშში”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა ”სამართალი და თავისუფლება”. 8 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ”ყველა საშუალებით” გაეთავისუფლებინათ ცხინვალში დატყვევებული 4 ქართველი სამხედრო, რომლებიც თვითაღიარებულმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით საკუთარი ნებით გაათავისუფლა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, სწორედ ბოლოდროინდელი ძალადობის ფონზე მართებს საქართველოს ხელისუფლებას სამშვიდობო კურსის დემონსტრირება:


[ირაკლი სესიაშვილი] ”თუ ვფიქრობთ, რომ გვინდა აფხაზეთის არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ საზოგადოების დაბრუნებაც, ამ შემთხვევაში იარაღის მუქარით ან ძალადობით ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. შევძლებთ მხოლოდ კეთილი სიტყვით და იმის მტკიცებით, რომ მშვიდობა არის ჩვენი ერთადერთი თანაარსებობის საფუძველი და წინაპირობა.”(სტილი დაცულია)_

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ძალის გამოუყენებლობას, რომელიც ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგისა და კონფლიქტის მოწესრიგების დასაწყებად, - მხარს დასავლეთის სახელმწიფოებიც დაუჭერენ. მომავალი საომარი დაპირისპირების თავიდან აცილებისა და სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, განიხილება საკითხი ”მშვიდობის კორპუსის” შექმნის შესახებ.

თუმცა ძნელი სათქმელია, გაიზიარებს თუ არა შექმნილ რთულ ვითარებაში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ამ მოსაზრებას საქართველოს ხელისუფლება. 9 ივლისს კოდორის ხეობაში პოლიციის პატრულზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ”აღნიშნულ პროვოკაციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG