Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეცლება თუ არა დასაყრდენი ჩეჩნეთის ლიდერის პოზიციას?


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმმა” სამშაბათს გაავრცელა ცნობა, ჩეჩნეთში პრეზიდენტ რამზან კადიროვის მოკვლის მცდელობაზე.

ეს ინფორმაცია, რომელიც უკვე უარყო კადიროვის პრეს-მდივანმა, მოჰყვა ბოლოხანს გავრცელებულ, ასევე დაუდასტურებულ ცნობებს ჩეჩნეთის ლიდერის მოკვლის უფრო ადრინდელ მცდელობაზე. ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორ ასლან დუკაევის შეფასებით, ყველა ეს ცნობა, ჩეჩნეთის გარშემო შექმნილ ზოგად ვითარებასთან ერთად, ცხადჰყოფს, რამდენად არამყარია პოზიცია, რომლის დაცვასაც ყველანაირად ცდილობს ჩეჩნეთის ამჟამად 31 წლის ლიდერი. ჩვენი კოლეგის, ასლან დუკაევის ზოგ სხვა მოსაზრებას ახლა გაგაცნობთ.

თუ ჩეჩნეთის “ახალგაზრდა და ტემპერამენტულ ლიდერს” - ასე მოიხსენიებს რამზან კადიროვს ჩვენი კოლეგა - დღემდე არ გაუნადგურებია ყველა მოწინააღმდეგე, ეს იმიტომ არა, რომ მონდომება აკლია. პირიქით, კადიროვი ძალ-ღონეს არ იშურებს ბრძოლაში, რომელიც უწინარეს ყოვლისა, სამი პრობლემის წინააღმდეგ არის მიმართული. კადიროვისთვის ეს პრობლემებია, განმარტავს ჩვენი კოლეგა: [ასლან დუკაევის ხმა] “ისლამური ამბოხება, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზულ საფრთხეს ქმნის; რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტი”, რომელსაც მონოპოლია ეკუთვნის ჩეჩნეთის ნავთობმრეწველობაში; და რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩეჩნეთში. მათთან ბრძოლა საკუთარი გავლენის გაფართოებისაკენ სწრაფვას ნიშნავს და არც მალავს კადიროვის მისწრაფებას ტოტალური ძალაუფლებისა და კონტროლის ხელში ჩაგდებისაკენ”.

ახლა ცალ-ცალკე სამ პრობლემაზე, ასლან დუკაევმა რომ დაასახელა.

ამბოხებას რაც შეეხება, ბრძოლის ველზე მძიმე მარცხებისა და ყველაზე გამოცდილი საველე მეთაურების დაკარგვის შემდეგ, ჩეჩენმა მებრძოლებმა წარმატებით შეძლეს გადაჯგუფება, ისევე როგორც ახალი, ეფექტიანი საბრძოლო ტაქტიკის შემუშავება: საკუთარ მიწაზე მოულოდნელი თავდასხმების მოწყობის გარდა, ისინი იდეებისა და სამხედრო ინსტრუქტორების ექსპორტს ეწევიან მეზობელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში, სადაც ისლამური ამბოხება თავბრუდამხვევი სისწრაფით ვრცელდება.

დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ინგუშეთში გახშირებული თავდასხმები - თვით ჩეჩნეთში ძალადობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ - აჩვენებს, რომ რამზან კადიროვის მიერ არაერთხელ გამოთქმული შეფასება, წინააღმდეგობა “ნეიტრალიზებულიაო”, უბრალოდ სინამდვილეს არ შეესაბამება. აქ გავიხსენოთ, რომ სწორედ წინააღმდეგობის “ნეიტრალიზების” მიზნით შეიქმნა ჩეჩნების გასამხედროებული ჯგუფი, რომელსაც თვით რამზან კადიროვი ედგა და, ფაქტობრივად, ახლაც უდგას სათავეში. “კადიროვცებისა” და მსგავსი შეიარაღებული ჯგუფების სისასტიკეს მეამბოხეებთან და ამბოხების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილ სამოქალაქო პირებთან ბრძოლაში ათასობით ჩეჩენის წამება და მკვლელობა მოჰყოლია.

თავსატეხს უჩენს პრეზიდენტ კადიროვს ნავთობკომპანია “როსნეფტიც”, რომელსაც, როგორც ამბობენ, კრემლთან დაახლოებული გავლენიანი პირების ბიზნეს-ინტერესები უკავშირდება. კადიროვი შარშან ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნეთის ნავთობის გაყიდვით კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 777 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩეჩნეთის მთავრობას კი, მიუხედავად იმისა, რომ “გროზნეფტეგაზის” - ჩეჩნეთში “როსნეფტის” შვილობილი კომპანიის - აქციების 49 პროცენტი ეკუთვნის, შემოსავლის 5 პროცენტზე ნაკლები ერგო. კადიროვი, რასაკვირველია მეტს მოითხოვს - “როსნეფტის” შემოსავლების ინვესტირებას ჩეჩნეთის ეკონომიკაში...

მესამე პრობლემა - რუსეთის ჯარები ჩეჩნეთში. რუსი სამხედროების რიცხვი, სულ ცოტა, 38 000 შეადგენ. ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორის ინფორმაციით კი, შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს - 70 000 კი აღწევდეს. კადიროვი მოითხოვს მათი რიცხვის მკვეთრად შემცირებას და დაკავებული ტერიტორიისა და სამხედრო ობიექტების განთავისუფლებას. საქმე ის არის, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტერიტორია, ახლა რომ უკავიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ფედერალური სამსახური შენაერთებს 15-ჯერ აღემატება იმას, რაც იჯარით აიღეს საბჭოთა რეჟიმის ბოლო წლებში. ახლა, ოფიციალურად, 31000 ჰექტარზე არიან განთავსებული, არაოფიციალურად - კიდევ უფრო მეტზე.

ჩვენი რადიოს კომენტატორს ეჭვი ეპარება, მოსკოვში ყურად იღონ ჩეჩნეთის ლიდერის მოთხოვნა სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე - და არა მარტო იმის გამო, რომ ჩეჩენი მეამბოხეები ჯერ კიდევ ქმნიან საფრთხეს. [ასლან დუკაევის ხმა] “არაპროგნოზირებადი, მერყევი, ძალაუფლების მოყვარული ჩეჩენი ლიდერი, თვითონაც ყოფილი მეამბოხე, ღრმა უნდობლობას იწვევს რუს სამხედროებშიც და პოლიტიკოსებშიც და მოსკოვში მას დაბრკოლებად უფრო მიიჩნევენ, ვიდრე მოკავშირედ. ბოლო ორი დღის მანძილზე გავრცელებული ცნობები მისი მოკვლის მცდელობის შესახებ, რაც მისმა პრეს-სამსახურმა უარყო, წამოჭრის შეკითხვას: ეცლება თუ არა დასაყრდენი კადიროვის პოზიციას? და თუ ეცლება, კიდევ რამდენი ხანი შეძლებს ის პოზიციის შენარჩუნებას?”
XS
SM
MD
LG