Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება


უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო პარლამენტის დათხოვნით დაიმუქრა

მას შემდეგ, რაც დაიშალა ქვეყნის მმართველი, პროდასავლური კოალიცია, რომელშიც იუშჩენკოს ბლოკის “ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვის” გარდა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ბლოკი შედიოდა. ნარინჯისფერი რევოლუციის გმირები ერთმანეთს აკისრებენ პოლიტიკური კრიზისის პასუხისმგებლობას.

პრეზიდენტ იუშჩენკოს განცხადება მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ მოჰყვა უკრაინის პარლამენტში გამართულ კენჭისყრას, როცა ტიმოშენკოს ბლოკი პრო-მოსკოვური ოპოზიციის მხარეს დადგა და მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდავ კანონებს.

იუშჩენკოს გუნდის ზოგი წევრი ტიმოშენკოს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს, თვით იუშჩენკო შედარებით თავშეკავებულ კრიტიკას დასჯერდა. [იუშჩენკოს ხმა] “ვერხოვნა რადაში დე ფაქტო ახალი საპარლამენტო კოალიცია შეიქმნა. იულია ტიმოშენკო შევიდა ბლოკში რეგიონების პარტიასთან და კომუნისტებთან ერთად. და ეს წარმონაქმნი, ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ეფუძნება უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ამ ალიანსის შექმნით უღალატეს დემოკრატიულ უმრავლესობას”.

კანონი, რომლის მხარდაჭერითაც ტიმოშენკომ პრეზიდენტი გაანაწყენა, ჰგავს კანონს, რომელსაც ჯერ კიდევ 2006 წლის დეკემბერში მიემხრო ტიმოშენკოს ბლოკი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, იანუკოვიჩის პარტიასთან ერთად. მაგრამ ახლანდელ და მაშინდელ მხარდაჭერას შორის საგულისხმო სხვაობაა: მაშინ ოპოზიციაში მყოფი ტიმოშენკო კანონპროექტს მიემხრო იმ იმედით, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებას ვადამდელი არჩევნები მოჰყვებოდა და ტიმოშენკო შეძლებდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებას. ასეც მოხდა. იუშჩენკომ ვადამდელი არჩევნები დანიშნა და 2007 წლის სექტემბრის კენჭისყრის შედეგად, ტიმოშენკო მართლაც სათავეში მოექცა მთავრობას.

ახლა სხვა ვითარებაა და ტიმოშენკოს სხვა მიზანი ამოძრავებს: ბევრის შეფასებით, ის პრეზიდენტის პოსტს უმიზნებს. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2010 წელს გაიმართება.

თუმცა, თვით ტიმოშენკო სხვა მიზეზს ასახელებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის მხარდაჭერის მიზეზად - ჩივის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამუდმებით ერევა საქმეებში, რომელთა კეთებაც მთავრობის პრეროგატივაა. გუშინ ტიმოშენკომ პრეზიდენტის ბლოკს მოუწოდა, დაბრუნდეს მმართველ კოალიციაში.

ვითარება ასეთია: თუ იუშჩენკოს ბლოკი 10 დღის განმავლობაში გააუქმებს გადაწყვეტილებას მმართველი კოალიციიდან გასვლის თაობაზე, მთავრობა ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. თუ არა - 30 დღეში უნდა შეიქმნას ახალი კოალიცია. და თუ ესეც არ მოხდა, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება (მაგრამ არა მოვალეობა), დაითხოვოს პარლამენტი, დანიშნოს ახალი რიგგარშე არჩევნები.

ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში იუშჩენკოს ბლოკის წევრმა, პარლამენტარმა იური კარამზინმა აღნიშნა, რომ ბლოკის რიგებში არ სუფევს ერთსულოვნება ტიმოშენკოსთან კოალიციიდან გასვლის საკითხზე. [კარამზინის ხმა] “ასეთ შემთხვევებში, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საჭიროა კოალიციის უმაღლესი ორგანოს სხდომის მოწვევა. სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. დღეს კიევში ტემპერატურა 32 გრადუსია, და მგონი, ყველა გადახურდა”.

უკრაინელი პარლამენტარი შესაძლოა, მართალი იყოსო - ამბობს ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი იან მაქსიმიუკი, რომლის შეფასებითაც უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ბოლო რამდენიმე წელია, პირადი დაპირისპირებებითა და ამბიციებით უფრო განისაზღვრება, ვიდრე ეროვნული ინტერესებით.

რაც შეეხება კონკრეტულად, იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს შორის დაპირისპირებას - თითქმის ყველა ანალიტიკოსის შეფასებით, საქმე ეხება 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას, რომელიც ახლა გადამწყვეტ ეტაპზეა გადასული.

გასულ თვეში პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა ტიმოშენკოს ბრალად დასდო უკრაინის ეროვნული ინტერესების ღალატი რუსეთის სასარგებლოდ. დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ტიმოშენკოს აბრალებენ, რომ მოსკოვს დაჰპირდა დუმილს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტზე, რის სანაცვლოდაც მოსკოვისაგან მიიღებს მხარდაჭერას 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ეს ბრალდება უკრაინელების უმრავლესობის თვალში, დამაჯერებლობით არ გამოირჩევა: ბევრმა ჩათვალა ბინძურ ხრიკად ტიმოშენკოს იმიჯის შესალახად 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მაგრამ თუ მართლაც ასეა და იუშჩენკოს ბანაკმა წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყო იმით, რომ ტიმოშენკოს პრო-მოსკოვურ ფიგურად წარმოსახავს, ხოლო თვით იუშჩენკოს, რომელმაც ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისს, მოსკოვის მოწინააღმდეგედ, მაშინ უკრაინას შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოელოდეს, ვიდრე 2004 წელს გამოიარა.

როგორც ჩვენი ექსპერტი წერს, “აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად უკრაინის ცივილიზაციური დაყოფის ბოროტი სულები” შესაძლოა, მავანმა ისევ მოიხმოს პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის. და ერთიანი უკრაინის იდეა, რომელზეც ასეთი შთაგონებით ლაპარაკობდნენ ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში იუშჩენკოც და ტიმოშენკოც - დიდი ხნით გაუჩინარდება...
XS
SM
MD
LG