Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი და ქართველი ექსპერტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ


რუსი და ქართველი ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა უდიდესი ზიანი მიაყენა ორი ქვეყნის ურთიერთობას.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა და მხარი დაუჭირა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ არ აპირებს 26 აგვისტოს გადაწყვეტილების, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების, გაბათილებას, ასევე შეუძლებლად მიიჩნევს რაიმე სახის ურთიერთობას საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან. ამ და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, პოლიტიკის ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ შექმნილია ერთგვარი ჩიხური ვითარება, რომლის დასაძლევად არა ერთი და ორი წელია საჭირო.


რუსეთ-საქართველოს ისედაც დაძაბულმა ურთიერთობამ კრიტიკულ ზღვარს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია. ხუთდღიანმა ომმა, ადამიანების სიცოცხლესთან ერთად, შეიწირა მხარეების დამაკავშირებელი თითქმის ყველა ხიდი. ამის შესახებ ითქვა 9 სექტემბერს „რია - ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მოსკოვსა და თბილისს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოლიტოლოგმა ლეონიდ რადზიხოვსკიმ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ასეთი დიაგნოზი დაუსვა:

[ლეონიდ რადზიხოვსკის ხმა] „რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა გარდაიცვალა. ურთიერთობის გაწყვეტით მხოლოდ სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა. ყველა გონიერ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება არასოდეს იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობაზე. ცხადია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქ არაფერ შუაშია. ეს პრინციპის საქმეა.“


ლეონიდ რადზიხოვსკის თქმით, პოლიტიკურისგან განსხვავებით, მეტად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელსაც ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება, თუმცა, მისივე განმარტებით, სრულფასოვანი ურთიერთობის აღსადგენად საჭიროა დრო, რომლის სამკურნალო თვისებებში ეჭვი არ ეპარება რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სერგეი მარკედონოვს:

[სერგეი მარკედონოვის ხმა] „შესაძლებელია საბოლოოდ გაფუჭებული ნებისმიერი ურთიერთობის ნორმალიზაცია. გავიხსენოთ თურქეთ-სომხეთის დიალოგი, ისრაელისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურთიერთობა. პირველი ელჩის „მერსედესს“ ებრაელებმა ქვები დაუშინეს, მაგრამ შემდეგ დაიწყო დიალოგი, რომლის წარმოდგენა ჰოლოკოსტის შემდეგ შეუძლებელი იყო... იმისათვის, რომ ვითარების ნორმალიზება რეალობად იქცეს, საჭიროა უარი ვთქვათ ისეთ იმპერატიულ ფორმულირებებზე, როგორიცაა „ არასოდეს მოხდება“, „შეუძლებელია“... საჭიროა, სერიოზული და საღი გათვლა. უაზრობაა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე ლაპარაკი, რომ მედვედევმა რაღაც არასწორად გააკეთა. ხატოვნად რომ ვთქვათ, თავიდან მაინც ვერ შობ. გასათვალისწინებელია არსებული რეალობა.“

არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა კონფლიქტოლოგიისა და სტრატეგიული მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორიც. გოგი ხუციშვილის თქმით, არჩევანი, თუ რას უნდა დაეფუძნოს ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა, დიდი არაა:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „თუ გვსურს მშვიდ ვითარებაში მოლაპარაკების წარმოება, მაშინ აუცილებელია იმ შეთანხმების დაცვა, რომელსაც ხელი მოაწერეს გაერთიანებული ევროპისა და რუსეთის ხელმძღვანელებმა. ვფიქრობ, რომ ეს არის პოზიტიური პროცესების დაწყების აუცილებელი წინაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები გაუთვალისწინებელი მიმართულებით განვითარდება.“

გოგი ხუციშვილის ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავაც, თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მკვდარი წერტილიდან მანამ ვერ დაიძრება, ვიდრე რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს:

[კახა კუკავას ხმა] „თუ მოსაზრება, რომ საქართველომ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ერთადერთია რუსეთში, მაშინ ასეთი მიდგომა მიგვიყვანს ურთიერთობის მორიგ კონფრონტაციამდე. ვფიქრობ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადახედვის გარეშე, კავაკასიაში სტაბილურობის მშენებლობა უიმედო საქმეა. ასეთი პოლიტიკის შედეგია ის, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ესწრაფვიან ნატოში ინტეგრაციას.“

ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის რუსი ექსპერტების აზრი ორად იყოფა. ლეონიდ რადზიხოვსკი მიიჩნევს, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს ალიანსში უახლოეს მომავალში მიიღებენ. თუმცა მის ამ მოსაზრებას არ იზიარებს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სერგეი მარკედონოვი, რომლის თქმითაც, საქართველოსთან მიმართებაში ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. რუსი ექსპერტი ასევე მიუთითებს იმ ახალ გარემოებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას უკავშირდება. სერგეი მარკედონოვი მიიჩნევს, რომ, საერთო საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობა უფრო აძლევს ხელს:

[სერგეი მარკედონოვის ხმა] „ისლამის ფაქტორი აქტუალურია კავკასიის ორივე ქედს გადაღმა. რადიკალური ისლამისტებისათვის საქართველოც და რუსეთიც საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ეს ის ფაქტორია, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის გარეშეც დააახლოებს საქართველოსა და რუსეთს. თანაც დააახლოებს ისე მჭიდროდ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფანტომური ტკივილები დავიწყებას მიეცემა.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG