Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება არმიის რეფორმას ერთიანი სტრატეგიის გარეშე განაგრძობს?


საქართველოს სამხედრო ძალები 2009 წელს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი იქნება, თუმცა, ბიუჯეტის შემცირებისა და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო,

”ქამრის შემოჭერას” ვერც ”ძალოვანი უწყებები” ასცდებიან. ამ მხრივ, უკვე გასული წლის ბოლოს დაიწყო ზოგიერთი საჯარისო სახეობის ოპტიმიზაცია. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალები გამოემშვიდობა სამხედრო ფლოტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი არმიას მესაზღვრეთა სამხედრო ავიაცია გადასცა. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება სამხედრო ძალებში და როგორია ექსპერტების შეფასება?

საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ საკუთარი სამოქმედო გეგმის მთავარ მიმართულებად სამხედრო უწყების ”რეფორმირება და ინსტიტუციური სრულყოფა” დაასახელა. ჩაფიქრებული ინსტიტუციური ცვლილება კი ასე განვითარდა: გასული დეკემბრის დასაწყისში სამხედრო უწყებამ უარი თქვა სამხედრო-საზღვაო ძალებზე და ფლოტის მთელი პირადი შემადგენლობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურს გადასცა. ვალში არც შინაგან საქმეთა სამინისტრო დარჩა და საშობაოდ არმიამ - კერძოდ, მისმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა - სასაზღვრო პოლიციის მთელი ავიაპარკი მიიღო საჩუქრად. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გენერალ ბადრი ბიწაძის თქმით, მესაზღვრეებს ჰყავდათ 2 სატრანსპორტო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, რომლითაც ზამთრის პერიოდში სახმელეთო საზღვრის საჰაერო კონტროლი ხორციელდებოდა. ასეთი ოპტიმიზაციის შემდეგ კი სახმელეთო საზღვრების საჰაერო კონტროლი ან შეწყდება, ან ეს უფლება სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაეცემათ, რაც, ბადრი ბიწაძის თქმით, გაუმართლებელია, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე:

[ბადრი ბიწაძე] ”850 კილომეტრია საზღვარი რუსეთთან. კავკასიის [უღელტეხილზე] ახლა შეუძლებელია სხვა ტრანსპორტით ხალხის გადაყვანა, როტაცია, შეცვლა. ახლა ეს უნდა შეასრულოს თავდაცვამ. წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა რუსეთთან და ახლა თავდაცვის ფერტმფრენი რომ გამოჩნდეს?! მესაზღვრის ვერტმფრენს არანაირი პრობლემა არ აქვს. თავდაცვის ვერტმფრენებს კი პრობლემები შეექმნებათ საზღვარზე.”(სტილი დაცულია)

სამაგიეროდ, გენერალ ბადრი ბიწაძეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია სამხედრო-საზღვაო ფლოტის შერწყმა სანაპირო დაცვასთან, რაც აღმოფხვრის პარალელიზმს, შეამცირებს ხარჯებს და უფრო ეფექტურს გახდის ტერიტორიული წყლების კონტროლს. მაგრამ ოპონენტები ხელისუფლებას ორი ფლოტის გაერთიანების საკითხშიც ჰყავს. სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებული ძალების სტრუქტურიდან გამოყვანა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საზიანო გადაწყვეტილებად მიაჩნია ერთადერთ ქართველ ადმირალს, სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილ სარდალს, ალექსანდრე ჯავახიშვილს:

[ალექსანდრე ჯავახიშვილი] ”ეროვნული უსაფრთხოებისთვის ცუდი ის არის, რომ მესაზღვრის ფუნქციები - ეს არის 12 მილი და ეკონომიკური ზონა. მეზღვაურს კი, ბოდიში და, მთელი საზღვაო აკვატორია ხელში აქვს.” (სტილი დაცულია)

რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი სამხედრო ფლოტის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერთიანების ისეთ ნეგატიურ მომენტებზე საუბრობს, როგორიცაა საზღვაო სკოლის გაუქმება და ”ბლექსიფორის” საზღვაო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესაძლო შეჩერება:

[ალექსანდრე ჯავახიშვილი] ”ჩვენი ერთი ხომალდი ყოველ წელს ერთი თვით გადიოდა სწავლებას ამ სისტემაში და ექვსი ქვეყანა ერთი თვით ატარებდა სწავლებას ზღვაზე. ეს ძალიან დიდი საქმეა, ძალიან დიდი! სხვადასხვა ენაზე ერთობლივი მანევრირება, სროლები და... შედიოდნენ კიდევ პორტებში ჰუმანიტარული მისიებით. ჩვენ აქედან ამოვვარდებით!” (სტილი დაცულია)

რადიო ”თავისუფლება” დაინტერესდა, თუ რამდენად სახიფათოა ზღვაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის სამხედრო-საზღვაო ძალების შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვაში ინტეგრაცია. ჩვენთან საუბარში სანაპირო დაცვის სარდალმა, პირველი რანგის კაპიტანმა ბესიკ შენგელიამ განაცხადა, რომ ასეთი შერწყმა იძულებითი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იყო. თანაც, ბესიკ შენგელია დარწმუნებულია, რომ სანაპირო დაცვა შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რასაც აქამდე სამხედრო-საზღვაო ძალები ასრულებდნენ:


[ბესიკ შენგელიას ხმა] ”შეზღუდვა არ იქნება. ჩვენ, შესაბამისად, დებულებას ვამზადებთ, სადაც ყველა არა, მაგრამ ის შესაძლებელი ფუნქციებიც ჰქონდა საზღვაო ძალებს, რომ ამ დებულებაში ჩაჯდეს... ”ბლექსიფორში” მონაწილეობას სანაპირო დაცვა ზუსტად ისევე ღებულობს და, შეიძლება ითქვას, ასლია, ოღონდ სანაპირო დაცვის ხაზით, აი, ამ ქვეყნებისა.” [სტილი დაცულია]


თუმცა ორი ფლოტის შერწყმა-ოპტიმიზაცია არ არის ერთადერთი ცვლილება, რისი განხორციელებაც რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაიწყო. გასული წლის ბოლოს შეიარაღებული ძალების რიგებში შეიქმნა კიდევ ერთი საარტილერიო ბრიგადა, რომელმაც ქალაქ ხონში დაიდო ბინა. საარტილერიო შენაერთმა უკვე ჩაატარა პირველი სწავლება ორფოლოს პოლიგონზე, სადაც დემონსტრირებული იქნა როგორც რუსული, ასევე ევროპული ქვეყნების საარტილერიო სისტემები, მათ შორის, ჩეხური წარმოების”დანა” და ებრაული ”ლარ გრადები”, რომლებმაც, საერთო აღიარებით, ყველაზე დიდი ზარალი მიაყენეს მოწინააღმდეგს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში. ეს ცვლილებები სამხედრო ძალებში იმაზე მიუთითებს, რომ ომში დამარცხებული საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს არმიის როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი პოტენციალი, რათა ქვეყანა მოსალოდნელი აგრესიისაგან დაიცვას. სამხედრო ძალების შემდგომი ინსტიტუციური ცვლილებები ასახვას პოვებს თავდაცვის ახალ სტრატეგიაში, რომლის შექმნაში, ოფიციალურ სტრუქტურებთან ერთად, დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ღებულობენ მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG