Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობა გაიმართა


აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა თბილისში, ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეში გამართულ ყრილობაზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ მეორედ შეიკრიბა.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ამ შეკრებით მათ სურთ ხელისუფლებას ის პრობლემები შეახსენონ, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილებს უკვე მეჩვიდმეტე წელია აწუხებთ.


აფხაზეთიდან დევნილებმა ვერის ბაღის კალათბურთის სასახლე გაავსეს. მოვიდნენ თბილისში მცხოვრები ადამიანები, ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც. ბევრმა მათგანმა ერთმანეთი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამ ყრილობაზე ნახა. ამ ადამიანებს ბევრი სათქმელი დაუგროვდათ ერთმანეთისთვის, ხელისუფლებისა და აფხაზებისთვისაც.
ყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი როლანდ ნიჟარაძე ყრილობის მიზანზე გვესაუბრება:

[როლანდ ნიჟარაძე] ”ხელისუფლება უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ ჩვენ ყურადღება მოგვაქციონ, იმიტომ რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან ხომ უყურადღებოდ ვართ, არც ლეგიტიმური ხელისუფლება გვაქცევს ყურადღებას და ისინი ამ ხელისუფლების ყურმოჭრილი ლაქიები არიან. ამიტომ ისევ ხალხმა რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ შევაცვლევინოთ კურსი ამ ხელისუფლებას. ჩვენ დაბრუნება გვინდა, დაბრუნებამდე ღირსეული ცხოვრება გვინდა, ღირსეულ ცხოვრებას დახმარება სჭირდება. ჩვენ თუ არ მოგვხედეს, სერიოზული ძალა ვართ, ნაომარი ხალხი, და ერთ მშვენიერ დღეს ყველა გამოვალთ - 200 000 მარტო აქ ვართ დღეს, საქართველოში - და მერე აღარ დავიშლებით, სანამ თავად არ დაიშლებიან და წავლენ იქიდან, სადაც არიან.

სოციალურ თემებზე საუბრის გარდა, არის კიდევ საკითხები, რაც აფხაზეთიდან დევნილებს აწუხებთ. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში არაერთმა ადამიანმა თქვა, რომ კავშირები აფხაზ ხალხთან სულ უფრო მცირდება. სახალხო დიპლომატია მკვდარია. პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი აფხაზეთის” კიდევ ერთი წევრი და ყრილობის ორგანიზატორი გიორგი ქოიავა ამბობს, რომ დღევანდელი ყრილობის შესახებ აფხაზებმა იციან და იქ ყველას აინტერესებს, რას იტყვიან ენგურს გამოღმა მცხოვრები მათი მეზობლები:

[გიორგი ქოიავა] ”აბსოლუტურად გაქვავდა ურთიერთობები თავად აფხაზებთან. ეს კი ჩვენთვის გარდაუვალია, მათთან ურთიერთობები. თუ ჩვენ ოდესმე ვაპირებთ დაბრუნებას, აფხაზების გარეშე ხომ ვერ ვიცხოვრებთ? ის, რასაც სახალხო დიპლომატია ჰქვია, პრაქტიკულად არ არსებობს დღეისათვის და უამისოდ შეუძლებელია რამის გაკეთება. ჩვენ იარაღით ხელში ვერ დავბრუნდებით და არც არის საჭირო. მათ, სხვათა შორის, იციან ამ ჩვენი ყრილობის შესახებ. თავად ეშინიათ მსგავსი ყრილობის გამართვა. ერთმა მაღალმა ჩინოსანმა აფხაზეთის ხელისუფლებაში, იცით, რა მითხრა? ჩვენ ჩვენით ვერაფერს ვწყვეტთო.”


მსახიობი დიმა ჯაიანი ყრილობაზე თავისი სათქმელით მივიდა. ის შიშობს, რომ რაც დრო გადის, აფხაზებთან დიალოგის აღდგენის ყველა რესურსი იწურება:

[დიმა ჯაიანი] ”ჩვენთან გვაქვს ცუდად საქმე, ჩვენთან არ არის ადამიანები, რომელიც აფხაზებს დაელაპარაკება. დღევანდელი მთავრობა რომ არ წავიდეს ახლა, ეს არის დამღუპველი საქართველოსთვის.”


ყრილობის მონაწილე დევნილების პრობლემები ერთმანეთის მსგავსია. რომელსაც არ უნდა მიუახლოვდეთ, ყველა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და უმოქმედობაზე ჩივის. აი, ერთ ერთი მათგანი:

[თინა ზაქარაია:] ”მე დევნილი ვარ სოხუმიდან, თინა ზაქარაია. აქამდეც ხომ მიტოვებულები ვიყავით, დევნილები, მაგრამ ახლა საერთოდ აღარავის ახსოვს აფხაზეთის ლტოლვილობა. მეორეხარისხოვნი გავხდით. თან გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, არავინ გველაპარაკება, რა იქნება, რა მოგველის.”

ყრილობაზე მისული აფხაზეთიდან დევნილი დარეჯან კაჭარავა კი გვეუბნება:

[დარეჯან კაჭარავა] ”ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ეს არის ჩემი სათქმელი. რომ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, იმას ვეტყვით ჩვენს სათქმელს. ახლა ერთი კვირა, ერთი თვე კიდევ მოვითმენთ ცოტა ხანი, მაგრამ ამათ ხელში ჩვენი დაბრუნება არ მოხდება.”

14 მარტს გამართულ დევნილთა ყრილობაზე დევნილებმა ხელისუფლებას სოციალური პრობლემების გაუმჯობესება მოსთხოვეს და შეახსენეს, რომ 200 000 ადამიანი მზადაა 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მივიდეს.



  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG