Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერი დევისი რუსეთსა და საქართველოს შერიგებისკენ მოუწოდებს


სტრასბურგში მყოფი ქართველი დეპუტატები საკომიტეტო შეხვედრებს განაგრძობენ და 29 აპრილის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ოკუპაციის დამგმობ მორიგ რეზოლუციას ამზადებენ. თუმცა, ევროსაბჭოს კედლებში განწყობა აშკარად შერბილებულია. 28 აპრილს პრეს-კონფერენცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა და რუსეთსა და საქართველოს შერიგებისაკენ მოუწოდა:

“ მე რუსეთსა და საქართველოს, ორივე ვურჩევ, ისე იმოქმედონ, როგორც შევთავაზეთ, როგორი რეკომენდაციაც მივეცით. ჩემი აზრით, საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან კონსტრუქციული წვლილი შეიტანა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ევროპის საბჭოს დანარჩენი უწყებები დაძაბული მუშაობენ სხვა თემებზე, კერძოდ, შიგ საქართველოში. ჩვენ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ წევრი ქვეყნისაგან ის, რასაც საპარლამენტო ასამბლეა ურჩევს მას. მაგრამ საკმარის ზეწოლას ვახდენს, მეგობრულ ზეწოლას, რათა საქართველო და რუსეთი ერთმანეთს შეურიგდნენ. ასევე იდგა საკითხი სომხეთსა და თურქეთს შორის, და ახლა მივესალმები წინსვლას, რომელსაც მათ მიაღწიეს. იმედია, რუსეთისა და საქართველოს შერიგებისთვის ცდა, ასევე დიდხანს არ მოგვიწევს”. ტერი დევისი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირიპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსია პარლამენტის ფარგლებში უნდა წყდებოდეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებების დაცვაა, ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა გასული აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც შედეგად მოჰყვა დიდი რაოდენობით მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა, ათეულ ათასობით ადამიანის სახლებიდან გამოდევნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ტერი დევისი კიდევ ერთხელ შეეხო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს და სიტუაციიდან გამოსავლად წინა რეზოლუციების შესრულება და დაპირიპირებული მხარეების შერიგება დაასახელა.

ქართველი ჟურნალისტის თხოვნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საქართველოში მიდინარე საპროტეტსო აქციებსაც შეეხო. ტერი დევისმა ამ შემთხვევაში შემრიგებლის როლი არჩია და განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკური საკითხები არა ქუჩაში, არამედ პარლამენტის კედლებში უნდა წყდებოდეს.

“ჩემი აზრით, შეთანხმების მისაღწევად უკეთესი იქნება დისკუსიის გამართვა პარლამენტში და არა, ქუჩაში. დარწმუნებული ვარ, როცა ამას ვამბობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკოსებმა ეს უნდა გააკეთონ პარლამენტში... მე დიდი ხანი გავატარე გაერთიანებული სამეფოს, კონსერვატული მთავრობის ოპოზიციაში. ჩვენ პარლამენტს ვიყენებდით, რათა სამთავრობო პოლიტიკის მიმართ ჩვენი უთანხმოება გამოგვეხატა, აგვეხსნა, რა გვსურდა უკეთ და სხვაგვარად გაგვეკეთებინა. ამისათვის კი პარლამენტში ადგილის დაკავებაა საჭირო”.

თუმცა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირიპირება ჯერჯერობით არ გამხდარა ევროსაბჭოს მონიტორინგის საგანი. მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებისათვის გახდა ცნობილი, რამდენიმე რუსი დეპუტატი, მათ შორის დელეგაციის ხელმძრვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი, შეეცდება ასამბლეის ტრიბუნა გამოიყენოს და 29 აპრილს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ მომხსენებელთა გამოსვლა იგეგმება, გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ნორმების დარღვევისა და მილიტარისტული განწყობილებების გამო.

29 აპრილის სხდომაზე სერიოზული დებატები იგეგმება ახალი გენერალური მდივნის არჩევნების პროცედურის განხილვისას. გენმდივნის არჩევნები პირველად ტარდება ახალი წესით, რომელიც ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან კლოდ იუნკერმა შეიმუშავა. ამ წესის თანახმად, ევროსაბჭოს თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ მხოლოდ ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც სახლემწიფოს მეთაურის ან მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობის სტაჟი აქვს. თუმცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასეთ პროცედურას ეწინააღმდეგება და შეეცდება დაიცვას პოლიტიკური წარმომადგენლების მიერ შელახული ”მუნდირის ღირსება”. საქმე ისაა, რომ ასამბლეის დაწყებამდე პოლიტიკური წარმომადგენლების კომიტეტმა გენმდივნობის კანდიდატების სიიდან ამოიღო ბელგიელი დეპუტატი ლიუკ ვან დერ ბრანდე და უნგრელი მათიას ეორში, რომლებიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე მთავარი მომხსნებლები არიან.

28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედმა გენერალურმა მიდივანმა ტერი დევისმა არ ისურვა ამ დებატებზე კომენტარი და საკუთარი მემკვიდრის დასახელებისაგანაც თავი შეიკავა.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნობის ე.წ. ”შორტ ლისტში” დარჩა მხოლოდ ორი კანდიდატი - ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტორბორნ იაგლანდი და პოლონეთის ექს-პრემიერი ვლოდზიმეჟ ჩიმოშევიჩი.

რაც შეეხება საქართველსო დელეგაციას, ევროსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მათიას ეორშის კანდიდატურის საბოლოოდ ჩავარდნის შემთხვევაში, საქართველოს დელეგაცია მხარს, სავარაუდოდ, პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვლოდზიმეჟ ჩიმოშევიჩს დაუჭერს. თუმცა, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა საპარლამენტო ასამბლეაში, გოკა გაბაშვილმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, ამ ”საკითხზე საქართველოს საბოლოოდ პოზიცია ივნისის თვეში გახდება ცნობილი”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG