Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წელი ქართული არმიის შექმნიდან


30 აპრილს საქართველოს ჯარმა დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა, რასაც ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გამართული საველე სწავლება "ვაზიანი 2011" დაემთხვა. მასში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის, ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. 1991 წლის 30 აპრილიდან დღემდე საქართველომ სხვადასხვა ხანგრძლივობისა და მასშტაბის რამდენიმე კონფლიქტი გადაიტანა, მათ შორის, ყველაზე ხანგრძლივი - 1992-93 წლებში აფხაზეთისა და ყველაზე ხანმოკლე - 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი - ომები.

30 აპრილს ქართულ ჯარს 20 წლის იუბილე და სწავლების წარმატებით დასრულება ვაზიანის ბაზაზე მისულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთდროულად მიულოცა:
თქვენ ხართ მთავარი ხაზი საქართველოს დაცვის და ჩვენი მომავლის მთავარი გარანტიც. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას...

”დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ, მიუხედავად საქართველოს მტრის ყველანაირი მცდელობისა წელში გაეტეხა, პირველ რიგში, ჩვენი შეიარაღებული ძალები, მოეხდინა ჩვენი საბრძოლო შემადგენლობის დემორალიზება, ჩვენ არა მხოლოდ სულისკვეთების და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება მოვახერხეთ, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის ჩქარი ტემპით განვითარებაც.”
მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, მის მოდერნიზაციას:

”ჩვენ კარგად ვიცით ვინ ახდენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას და ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები საქართველოს მიმართ. მაგრამ თქვენ ისიც კარგად იცით, რომ თქვენ ხართ მთავარი ხაზი საქართველოს დაცვის და ჩვენი მომავლის მთავარი გარანტიც. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, მაქსიმალური ტემპით მოდერნიზაციას და მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს ძალიან კარგად მომზადებული, კარგად აღჭურვილი და მზად ყველა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც ჩვენს წინაშე ჩვენი ცხოვრება დასახავს.”

როგორ ვითარდებოდა ქართული არმია ამ ოცი წლის განმავლობაში?
ექპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე ქართული შეიარაღებული ძალების ამ პერიოდის შეფასებისას ამბობს, რომ არ შექმნილა სამხედრო აღმშენებლობის კონცეფცია:

”არ შექმნილა სტრატეგია, ოფიციალურად დამტკიცებული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავდა რა ტიპის საფრთხეები ემუქრება საქართველოს, რა ტიპის კონფლიქტებში შეიძლება მოუწიოს ჩართვა, როგორ უნდა იბრძოლოს. არ შექმნილა სამხედრო განათლების სისტემა, კარიერული ზრდის სისტემა, ეს ოცი წელი იყო არაკომპეტენტურობის ზეიმი ყველა სფეროში და, მათ შორის, თავდაცვაშიც.”
რიგ შემთხვევებში ეს ჰაერში გასროლილი თანხები იყო, რადგან ჯარისკაცის ჩაცმა-დახურვა ან ტექნიკის შეძენა თუ ინფრასტრუქტურის მოწყობა არ ნიშნავს იმას, რომ ჯარი ბრძოლისუნარიანია...

სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების“ დირექტორის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავისი არსებობიდან დღემდე, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, არასდროს ჰქონია ამოსუნთქვის საშუალება. მესამე მხარის, რუსეთის ჩარევის გამო მუდმივად წაგებულ მდგომარეობაში მყოფი არმია ფსიქოლოგიურად გატეხილი რჩებოდა. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც. 1997 წლამდე არსებულ სამხედრო შენაერთებს ძნელად შეიძლება ეწოდოს არმია. მაშინ შეიარაღებული ძალების შესაქმნელად არც ადამიანური რესურსი იყო საკმარისი და არც ფინანსური:
”2003 წლის ხელისუფლების ცვლილებამდე ჯარს სახელმწიფო ინახავდა მხოლოდ იმისთვის, რომ ჯარი ჰყოლოდა.”

განვითარების თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯები 1998 წლიდან გადაიდგა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა განათლება დასავლეთის მნიშვნელოვან სამხედრო აკადემიებში მიიღეს. მოლოდინი გაიზარდა 2003-2004 წლის შემდეგ, მას მერე, რაც თავდაცვის სამინისტოს ბიუჯეტმა 2007 წლისათვის მილიარდ-ნახევარს მიაღწია:

”რიგ შემთხვევებში ეს ჰაერში გასროლილი თანხები იყო, რადგან ჯარისკაცის ჩაცმა-დახურვა ან ტექნიკის შეძენა თუ ინფრასტრუქტურის მოწყობა არ ნიშნავს იმას, რომ ჯარი ბრძოლისუნარიანია. ჯარს სჭირდება მართვა, კოორდინაცია და კონტროლი, ამ მხრივ კი ყველა დროს იყო სერიოზული პრობლემები და სწორედ ამიტომ იყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ძალიან მოკლე დროში მწარე მარცხი განვიცადეთ.”

ექპერტების შეფასებით, შეიარაღებული ძალების განვითარებას სამხედრო ხელმძღვანელობის ხშირი ცვლაც აფერხებდა:

”მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ახალ შემადგენლობას დასავლეთის ექსპერტები რეკომენდაციებით ეხმარებოდნენ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება მათ რჩევებს არ ან ვერ ითვალისწინებდა. მიზეზი კი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ნაწილობრივ კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების ინსტრუმენტად მოიაზრებოდა.”

ამ ოც წელში არაფრისგან შეიქმნა ქართული ჯარი და ეს ცალსახა წინსვლაა...
ისიც ფაქტია, გვეუბნება ირაკლი სესიაშვილი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჯარისადმი დამოკიდებულება შეცვალა, რის შედეგადაც, დღეს ქართულ ჯარში საკმაოდ არაკომფორტული სიტუაციაა:

”თუ 2008 წლამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ამაყობდა ჯარში მიმდინარე რეფორმებით და მას ყველაზე წარმატებულ პროექტს უწოდებდა, 2008 წლის აგვისტოს შემდგომ მითები დაიმსხვრა. შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეასრულა თავისი პირდაპირი ფუნქცია დაიცვას ქვეყანა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანა სრულ ოკუპაციას გადაარჩინა არა ჯარმა, არამედ საერთაშორისო პოზიციამ. დამოკიდებულების ცვლილებაში კი იმას ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტის წინაშე დადგა ამოცანა, რომ ჯარი უფრო მეტად ეკონტროლებინა, ვიდრე მისი არსებობა გამოეყენებინა.”

თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი ანდრო ბარნოვი კი მიიჩნევს, რომ იყო წინსვლაც და იყო შეცდომებიც, მაგრამ პროგრესის არაღიარება გადამეტებული სკეპტიციზმია:

”ამ ოც წელში არაფრისგან შეიქმნა ქართული ჯარი და ეს ცალსახა წინსვლაა. პირველი ჯარი, რაც გვყავდა, უფრო ორგანიზებული შეიარაღებული დაჯგუფება იყო, ვიდრე ჯარი, თანამედროვე გაგებით. მაგრამ ის, რაც დღეს გვაქვს, არის ნამდვილი ჯარი, თავისი ყველა პარამეტრით. გამოწვევები არსებობს, მაგრამ იმის თქმა, რომ ჯარში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ინფრასტრუქტურა გარემონტდა და ჯარისკაცებს ფორმები ჩააცვეს, უბრალოდ, უსინდისობაა, რადგან ბევრი სხვა რამეა გაკეთებული, ძალიან ბევრი.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG