Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიზიტებისა და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების კვირა


სერგეი ლავროვისა და სერგეი ბაგაფშის შეხვედრა სოხუმში
სერგეი ლავროვისა და სერგეი ბაგაფშის შეხვედრა სოხუმში
გასული კვირა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცხინვალში ვიზიტით დაიწყო და სამშაბათს სოხუმში ჩასვლით დასრულდა. დე ფაქტო რესპუბლიკებში ვიზიტისას განიხილებოდა მთავრობათაშორისი ურთიერთობების პერსპექტივები, მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში - საკითხი რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებამოსილების შესახებ, ხოლო ცხინვალში - სატრანსპორტო პრობლემები. რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების პირველი პირის ვიზიტს თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა - ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ლავროვის ვიზიტს ცინიკური ნაბიჯი უწოდა:

საჭიროა მიღება დოკუმენტის ან დოკუმენტებისა (და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ განსხვავებული ვარიანტები), რომლებიც იურიდიული გარანტია იქნება ძალის გამოუყენებლობისა...
”ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს, რომ საერთოდ არ მიიღოს ყურად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება, არამედ ცინიკური და გამიზნული ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკის საყოველთაო დემონსტრირება მოახდინოს.”

სერგეი ლავროვმა ცხინვალში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დააყენა დე ფაქტო რესპუბლიკების უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი, რაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ გამეორდა მოთხოვნა, რომლის ჯიუტად დაყენების გამოც მოსკოვმა აშკარა ჩიხში მოაქცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ბოლო რამდენიმე რაუნდი:

”საჭიროა მიღება დოკუმენტის ან დოკუმენტებისა (და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ განსხვავებული ვარიანტები), რომლებიც იურიდიული გარანტია იქნება ძალის გამოუყენებლობისა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს და საქართველოსა და აფხაზეთს შორის”, განაცხადა სერგეი ლავროვმა 25 აპრილს ცხინვალში ყოფნისას.

მიუხედავად სხვადასხვა ექსპერტის შეფასებისა, რომლის მიხედვითაც ლავროვის ვიზიტი სოხუმსა და ცხინვალში იმის დასტურია, რომ ის საერთაშორისო საზოგადოების აზრს არად აგდებს, ბევრისთვის მაინც გაურკვეველი რჩება, ხომ არ დგას ამ ვიზიტების უკან კრემლისთვის საინტერესო სხვა საკითხები, საერთაშორისო თუ შიდაპოლიტიკურ ჭრილში.

გასული კვირა რუსულ-ქართული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო დატვირთული. ეს გახლავთ მოლაპარაკებები რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. 29 აპრილს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. წინასწარ შეთანხმებული დახურული ფორმატის გამო, მხარეებს დეტალების გამჟღავნების უფლება არც მე-2 რაუნდის შემდეგ ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთ რამეზე მაინც შეიძლება ლაპარაკი - მაგალითად, იმაზე, რომ საქართველოს პოზიციას ცვლილებები არ განუცდია და ეს დაადასტურა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ:

”საქართველოს მოთხოვნა არის უცვლელი და ეხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ერთობლივად შეთანხმებული სქემის ჩამოყალიბებას, რომ ერთობლივად შემუშავებული მონიტორინგის მექანიზმი გვქონდეს სავაჭრო მიმოქცევაზე და ამ პროცესის განმავლობაში განვიხილავთ საქართველოს მოთხოვნის დარეგულირების სხვადასხვა მექანიზმს... ეს შეხვედრა იყო უფრო კონკრეტული, ვიდრე ის პირველი შეხვედრა, რომელიც ზოგად სახეს ატარებდა.”

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს უცვლელი მოთხოვნის მისამართით, რაც ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა გაწევრიანდეს ვმო-ში საქართველოს თანხმობის გარეშე. ვმო-ს წესდების მიხედვით, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობა მართლაც არსებობს, თუმცა იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრი 153 ქვეყნიდან ჯერ არც ერთი არ გაწევრიანებულა საერთო კონსენსუსის გარეშე, თბილისს იმედი აქვს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია გამონაკლისს არც რუსეთის შემთხვევაში დაუშვებს და რომ რუსეთს აუცილებლად დასჭირდება საქართველოს ხმა.

უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთს დასავლეთის და შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს ვმო-ში გასაწევრიანებლად. ამ მხარდაჭერაზე 15 აპრილს, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას, გარკვევით ილაპარაკა მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ. ის ასევე უძღვება რუსეთის და ევრაზიის საკითხებს ეროვნული უშიშროების საბჭოში:

ვინაიდან საქართველო შედის ე.წ. საარჩევნო სეზონში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს...
”უპირველეს ყოვლისა, რისი გაკეთებაც გვინდა მიმდინარე წელს, - იმისათვის რომ გამოვხატოთ ნდობა სავაჭრო ინვესტიციების საკითხში რუსეთთან, - ჩვენ უნდა გავაწევრიანოთ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და თანადგომა გავუწიოთ ამ პროცესს. პრეზიდენტმა თქვა, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, ელჩმა თქვა და ყველამ, ვისაც შეხება აქვს ამ საკითხთან, თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას და მხარს ვუჭერთ გაწევრიანებას წელს...”

თუმცა იგივე ვაშინგტონი ყურადსაღებად მიიჩნევს საქართველოს მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და ეს 27 აპრილს დაადასტურა თბილისში მყოფმა ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტინა კეიდანაუმ, რომელმაც თბილისში, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბრის თემა კი იყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები და მედიის თავისუფლების ხარისხი. მოგვიანებით მთავრობის კანცელარიაში, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის კანცელარიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ტინა კეიდანაუმ იმედისმომცემი უწოდა ოპოზიციური „რვიანისა“ და ხელისუფლების მოლაპარაკებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე.

ტინა კეიდანაუ
”ვინაიდან საქართველო შედის ე.წ. საარჩევნო სეზონში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს. შეერთებული შტატები არ აპირებს ადვოკატირება გაუწიოს რომელიმე კონკრეტულ რეფორმას, ჩვენ დიალოგის მომხრეები ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროულად იქნება მიღწეული შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე, რათა ეს პროცესი არჩევნებამდე განხორციელდეს”,- განაცხადა ტინა კეიდანაუმ.

გასულ კვირას თბილისს ევროპარლამენტის დეპუტატი კრჟიშტოფ ლისეკიც სტუმრობდა 3 დღიანი ვიზიტით. მის მიერ მომზადებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველად მაისში შევა. მიუხედავად ლისეკის საქართველოს ხელისუფლებისადმი სიმპათიებისა, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მისი მოხსენება ობიექტური იქნება.

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლების პატივისცემის შესახებ. სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქმეს არასწორად იძიებდა, არაეფექტურად შეაფასა სასამართლო გამოძიების პროცესიც. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩლე გურამ გირგვლიანის მოთხოვნა მორალური ზიანის კომპენსირების შესახებ - მის სასარგებლოდ საქართველომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში 50 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. გირგვლიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველომ ევროსასამართლოში ეს საქმე წააგო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა 26 აპრილს რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელზე პროცესს, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს ის, არასდროს აფასებს მოგებულად ან წაგებულად და, მით უმეტეს, ისეთ მძიმე საქმეზე, როგორიც გირგვლიანის მკვლელობის საქმე იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებას კი ბურჯალიანი ასეთ შეფასებას აძლევს:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომა
”სახელმწიფომ იმსჯელა, იყო თუ არა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობა და დაადგინა, რომ არა, რომ არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ ის გარემოება, რომ გამოძიებაში იყო ხარვეზები, რის გამოც სახელმწიფოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ სახელმწიფო სიკვდილის ფაქტზეც არის პასუხისმგებელი. დანარჩენ მუხლებზე კი სასამართლომ თქვა, რომ დაუსაბუთებელია განმცხადებლების მხრიდან და დარღვევა არც ერთ დანარჩენ მუხლში არ დადგინდა. და ფაქტია ისიც, რომ სასამართლომ არ დაგვაკისრა საქმის ხელახალი გამოძიება.”

კვირის ბოლოსკი, 30 აპრილს, ქართულ არმიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ქართულ ჯარს იუბილე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საველე სწავლების დასრულების შემდეგ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG