21 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - ჯინ ტეფტმა საქართველოსთვის 53,3 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ეს თანხა არის იმ ერთმილიარდიანი დახმარების ნაწილი, რომელსაც აშშ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დაპირდა. ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 20 მილიონი დოლარი დემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობას მოხმარდება. იგულისხმება: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, პარლამენტთან მუშაობა მისი საზედამხედველო როლის გაძლიერებისთვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა საარჩევნო კოდექსის რეფორმირებისთვის, მედიის პროფესიონალიზმის ამაღლების ხელშეწყობა. 53,3 მილიონიდან 18 მილიონზე მეტი გამოყოფილია ენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სტიმულაციისთვის; 8 მილიონი დოლარი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ სფეროებს მოხმარდება; ექვს მილიონ დოლარამდე მოხმარდება საზღვრის დაცვის, ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილებისა და კანონის აღსრულების რეფორმის სფეროებს; მილიონ ორასი ათასი დოლარი კი აგვისტოს კონფლიქტზე სწრაფი რეაგირებისას დახარჯული ჰუმანიტარული მარაგების შევსებას და იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
ყველაზე პოპულარული
1