Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. 8 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში მოცემულია იმ პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების სია, რომლებიც მიწვეულნი არიან ახალი კონსტიტუციის პროექტზე სამუშაოდ. სხვა საკითხია, რომ ამ სიიდან არცთუ მცირე ნაწილი, და კერძოდ არასაპარლამენტო ოპოზიცია, პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს. სამაგიეროდ, მუშაობისთვის მზადყოფნას გამოხატავს სახალხო დამცველის ოფისი.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, 20 პოლიტიკურ პარტიისა თუ ალიანსის თითო წარმომადგენლის გარდა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების 16 წარმომადგენელს. აქედან, მაგალითად, სამი წევრი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, სამი პარლამენტმა და სამიც - მთავრობამ. მიწვევა მიიღეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითმა ადმინისტრაციამაც. ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ჩართვა ასევე შეუძლიათ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასა და აკადემიური პერსონალის 20 წარმომადგენელს. მსურველებმა თანხმობა 20 ივნისამდე წერილობით უნდა დაადასტურონ.

სიით გათვალისწინებული 20 პოლიტიკური პარტიიდან თუ გაერთიანებიდან პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნა ჯერჯერობით მხოლოდ რვამ გამოხატა. ესენია: ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ზურაბ ნოღაიდელის "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". პოზიცია არ შეუცვლიათ არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის ძალებს, რომელთა აზრით, კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე მუშაობა ქვეყანას მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ქვეყნის მთავარი კანონის ახალ ვარიანტზე მუშაობა პირველ რიგში გადასადგმელ ნაბიჯად არც იმ ძალებს წარმოუდგენიათ, რომლებიც მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ასეთ ძალას წარმოადგენს, მაგალითად, "ალიანსი საქართველოსთვის".

თუმცა, თუ პარლამენტის თავმჯდომარის 4 ივნისის განცხადებას გავიხსენებთ, არასაპარლამენტო ოპოზიციას ხელისუფლება ამ ეტაპზე დიალოგსა და თანამშრომლობას მხოლოდ სხვადასხვა კომისიაში ჩართვით სთავაზობს. დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო კომისიაც ახსენა: "მოვუწოდებ მათ და ველით, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. თუ ოპოზიციას აინტერესებს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და უკეთესი საარჩევნო გარემო, მაშინ ველით მათ საარჩევნო რეფორმის ჯგუფში. მზად ვართ, ანტიკრიზისული საბჭო გადავახალისოთ და შევთავაზოთ მათ შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან. საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ჩვენ მზად ვართ დიალოგის დასაწყებად."

უკვე ვთქვით, რა პასუხი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას ხელისუფლების ამგვარ წინადადებაზე. ამიტომ, პრეზიდენტის 8 ივნისის განკარგულების სიაში ექსპერტთა შორის ვერ ვხვდებით საკონსტიტუციო საკითხების ისეთ გამოცდილ სპეციალისტს, როგორიც ვახტანგ ხმალაძე გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ის რესპუბლიკური პარტიის და, შესაბამისად, "ალიანსის" წარმომადგენელია. ხმალაძე პროცესში ჩართვისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს: "მე მზად ვიქნები, ჩავერთო კომისიის მუშაობაში იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება, ჩემი აზრით, აუცილებელი პირობა - ის, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს მაქსიმალურად ფართო პოლიტიკურმა სპექტრმა", ამბობს ხმალაძე.

სოზარ სუბარი
სახელმწიფო ორგანოებისთვის განკუთვნილი კვოტით კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის ოფისიც ჩაერთვება. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული გვარი, თუმცა თავად სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი აქტიურობას აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო გამოცდილებისა: ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული და ვეცდებით, რომ ჩვენი იდეები მაქსიმალურად ასახული იყოსო, ამბობს სუბარი და იხსენებს შარშანდელ "მწარე გამოცდილებას". მაშინ, საპარლამენტო არჩევნების წინ, გათვალისწინებულ იქნა სახალხო ის წინადადებები, რომლებიც ტექნიკური ხასიათის სრულყოფას ეხებოდა. "მაგრამ, როგორც კი საკითხი შეეხებოდა პოლიტიკურ ნებას, რაც შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობისთვის უარესი ყოფილიყო მოგების თვალსაზრისით, ყოველგვარი კამათის გარეშე ხდებოდა ჩვენი იდეების უარყოფა", ამბობს სოზარ სუბარი და დასძენს: "ჩვენ მაინც ვცდილობდით, შეგვესრულებინა ჩვენი მოვალეობა. თუ ამაზე უარს ვიტყვით, მაშინ აღარ ვართ სახელმწიფო ინსტიტუცია და ვხდებით რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი. ბუნებრივია, ეს დაუშვებელია."
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG