Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისიას ავთანდილ დემეტრაშვილი უხელმძღვანელებს


25 მაისს საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს ოფიციალურად წარუდგინა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ თავის მიერ შერჩეული ავთანდილ დემეტრაშვილის კანდიდატურა. ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართული შეხვედრიდან გამოსულმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, პირველ რიგში, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის, კანდიდატურას დადებითად შეხვდა. ”შერატონ მეტეხი პალასში” ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საპარლამენტო უმცირესობასთან, ასევე თავად კომისიის მომავალ თავმჯდომარესთან საათ-ნახევრიანი შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დემეტრაშვილის კანდიდატურა და ოპოზიციის არჩევანი ასე შეაფასა:

”უმრავლესობის აზრით,

კანდიდატურა შერჩეულია უაღრესად კვალიფიციურად, არა პოლიტიკური, არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით, და ბატონი ავთო არის ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ამ ქვეყანაში ეჭვს ვერავის შეიტანს.”

შეთანხმება ასეთია: კვირის განმავლობაში სამუშაო კონსულტაციების სერია გაიმართება, სადაც ყველა ტექნიკურ საკითხს გაივლიან, ეხება ეს კომისიის დაკომპლექტების წესს, ვადებს თუ სხვ.. ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ამასობაში რეაგირება არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაც იქნება:

” ჩვენ ველოდებით რეაგირებას არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ისინიც ჩაერთვებიან თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვის პროცესში.”

თავად ავთანდილ დემეტრაშვილმა პირველი, რაც მედიასთან განაცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციის მისამართით გაგზავნილი თხოვნა იყო. მან არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვედრა და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში რაიმე ფორმით ჩართვა სთხოვა.

თავად ავთანდილ დემეტრაშვილის სიაში 15 ადამიანი მოიაზრება. კომისიის შემადგენლობა კი, მომავალი თავმჯდომარის ვარაუდით, 50-60 ადამიანით განისაზღვრება. მათ შორის წარმომადგენელი, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონიდანაც იყოს:
”ამ 15 ადამიანს შორის არიან ცნობილი კონსტიტუციონალისტები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები. ამ კვირას დასრულდება პერსონების შერჩევა, კვირის ბოლოს ჩატარდება კიდევ ერთი შეხვედრა, განიხილება ყველა კანდიდატურა და დავამტკიცებთ სრულ შემადგენლობას. დღეს კომისიის შემადგენლობას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა - რეგიონების წარმომადგენლები, და არ გამოვრიცხავ, რომ ცხინვალის რეგიონიდანაც იქნება წარმომადგენელი.”

დემეტრაშვილის მოწოდებას არასაპარლამენტო ოპოზიციისადმი გამოეხმაურა ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერიც, გიორგი თარგამაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ყველანაირი ადამიანური რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული.

”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას, შეფასებით კი, არასაპარლამენტო ოპოზიციას პროტესტის შემდეგ უნდა დაუდგეს მომენტი, როდესაც დიალოგზე წავა და ამას თუნდაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობით გამოხატავს:

”პროტესტს მივესალმები, მაგრამ ნებისმიერ პროტესტს უნდა მოჰყვეს დიალოგი, რომ ამ პროტესტის შედეგად მიღებული მონაგარი შენს აქტივში ჩაიდოს.”

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აზრი არ შეუცვლიათ. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას ისინი არ აპირებენ. რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ ავთანდილ დემეტრაშვილთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობას მისი პოლიტიკური თანამოაზრეები არ მიიღებენ.

რატომ? - ვკითხეთ ვახტანგ ხმალაძეს. - რატომ არ შეიძლება პროცესში ჩაერთოს არასაპარლამენტო ოპოზიცია? მით უმეტეს, რომ ამ პროცესს ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია დიალოგს უწოდებს. მაგრამ მასში ის პოლიტიკური ძალები, ვინც 9 აპრილის შემდეგ ქუჩაში გამოხატავენ პროტესტს, არ მონაწილეობენ. ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ, მიუხედავად კონსტიტუციაში შესატანი საჭირო ცვლილებებისა, ეს პროცესი დღეს კრიზისულ ვითარებას ვერ განმუხტავს, რადგან ხელისუფლება ოპოზიციის არც ერთ სხვა მოთხოვნას არ აკმაყოფილებს:

”როგორ შეიძლება მიიღო ასეთ არაპროგნოზირებად თამაშში მონაწილეობა, როდესაც ისიც კი არ ჩანს, თუ ამ კომისიამ მოამზადა პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილისათვის მისაღები დოკუმენტი, რომ ეს დოკუმენტი მიღებული იქნება საერთოდ.”

ავთანდილ დემეტრაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილიც. მან თქვა, რომ დემეტრაშვილს, როგორც თავის ლექტორს და კოლეგას, შეხვდება, მაგრამ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის სტატუსით.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG