Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამჭვირვალე დაფინანსება და უსაფრთხოების სხვა მექანიზმები


მომავალი კვირიდან საქართველოს პარლამენტი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის შესწორების პროექტზე დაიწყებს მუშაობას. შესწორების მიზანია გამკაცრდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი, რათა აღიკვეთოს საზღვარგარეთიდან ეგრეთ წოდებული „უკანონო ფულის“ შემოდინება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ამ საკითხის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან მიბმა გასული სამუშაო კვირის მთავარი თემა იყო.

პარტიების დაფინანსების თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, განცხადებას დასავლეთიდან შესაძლო ფინანსური დახმარების მიღების შესახებ ლევან გაჩეჩილაძისა და მემარჯვენეთა თავმჯდომარის დავით გამყრელიძის შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესთან შეხვედრების დამადასტურებელი ვიდეომასალის გავრცელება მოჰყვა. კადრები სხვადასხვა ადგილას, სავარაუდოდ, 15-18 ივნისს არის გადაღებული. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა გამყრელიძემ და გაჩეჩილაძემ ექს-მინისტრთან შეხვედრა აღიარეს, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსეთის მოქალაქე კახა თარგამაძეს ვარდების რევოლუციამდე ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების გზებისა და საშუალებების დაზუსტების მიზნით შეხვდნენ.

„ძალიან ბევრ საკითხზე მივიღე ინფორმაცია, თუ როგორ არის აკრძალული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ქართველ ბიზნესმენებზე ოპოზიციის დაფინანსება, რატომ აწყობს რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, მქონდა აგრეთვე ლაპარაკი იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღო ფული თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან, მათ შორის, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისაგან - გაჟღერდა ტარიელ ონიანისა და შაქრო კალაშოვის გვარები - და როგორ მიზანმიმართულად იყიდება რუსეთზე საქართველო.“

ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის ამ და სხვა ტიპის კომენტარების ძირითადი არსი ის იყო, რომ ისინი რუსეთში მცხოვრებ სკანდალურ პირებთან ფინანსურ გარიგებებს არ აწარმოებენ და ოპოზიციური მოძრაობის გასაძლიერებლად საჭირო დაფინანსებასაც დასავლეთიდან ელოდებიან და არა რუსეთიდან. სულ სხვა შეფასებები გაისმა მმართველი პარტიიდან.

„ეს არის დიდი საფრთხე პირდაპირი გარე ჩარევის შედეგად დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოქმედებების. ჩვენ ვიცით, რომ ამისთვის გამოიყენება ის ხალხი, ვინც ცხოვრობს რუსეთში და რომლებიც პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან.“

განაცხადა 24 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში, სადაც იგი ორდღიან ვიზიტად იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან სომეხ კოლეგასთან, სერჟ სარქისიანთან, ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფებზე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან კი, გლობალური უსაფრთხოების გარდა, კონკრეტული ეკონომიკური პროექტები განიხილა.

მიხეილ სააკაშვილის სომხეთში ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვალდას ადამკუსის, სტუმრობა. ვალდას ადამკუსი პრაქტიკულად უკვე ასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას. შესაბამისად, მის თბილისში სტუმრობას ერთგვარად სიმბოლური ხასიათიც ჰქონდა- ერთი მხრივ, საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დღეებში ვალდას ადამკუსის მიერ საქართველოსადმი გამოჩენილ განსაკუთრებულ მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი, იმას, რომ ლიტვა, ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, თანმიმდევრულად იცავს საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო გაერთიანებებში. „მან საქართველოსთვის იბრძოლა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვალდას ადამკუსისთვის საქართველოს უმაღლესი საბრძოლო ორდენის - ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენის - გადაცემის დროს. ვილნიუსის სახელობის სკვერის გახსნისას, თავის მხრივ, ლიტვის პრეზიდენტმა ბრძანა: “მე მინდა ვუსურვო ამაყ, დინამიურ, ენერგიულ ქართველ ხალხს გააგრძელოს ბრძოლა თავისი ოცნებისთვის, მიაღწიოს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ადგილის დამკვიდრებას. თქვენ გყავთ მილიონობით მეგობარი ლიტვაში და გყავთ უამრავი თანამგრძნობი მთელ მსოფლიოში. დიდი მადლობა.“

გასული სამუშაო კვირა საგარეო ასპარეზზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრებით. კერძოდ, 22 ივნისს ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საბჭოს პირველი სხდომა. შედგა ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქარტიის დებულებებით გათვალისწინებულ კონკრეტულ სფეროებში - დემოკრატიის განვითარების, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებში - თანამშრომლობის განხორციელების მიზნით.

“მოვილაპარაკეთ, რომ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გაგრძელდება საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის მუშაობა უკვე თბილისში. დაიწყება უკვე კონკრეტული ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა,“ აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის უშუალო მასპინძელი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ის მოტეხილ ხელს მკურნალობდა, გრიგოლ ვაშაძეს კლინტონის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტაინბერგმა აშშ-ის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სამხედრო პროფესიონალიზმის კუთხით, „რათა ამაღლდეს საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო პროგრამებში და ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს.“ სტაინბერგმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ ერაყის ოპერაციებში მონაწილეობისა და განსაკუთრებით იმის გამო, რომ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის ოპერაციაშიც ჩაერთოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის დროსვე გახდა ცნობილი, რომ ივლისში, ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვევა. ჯეიმს სტაინბერგმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამერიკა-რუსეთის კარგმა ურთიერთობამ შესაძლებელია განსაზღვროს ისეთი ქვეყნის კეთილდღეობა, როგორიც საქართველოა. მოსკოვიდან კი საქართველოსთვის სახიფათო სიგნალები არც გასულ კვირაში შემწყდარა. 24 ივნისს, მაგალითად, რუსეთის ექს-პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა,კანტონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ანდრეი ილარიონოვმა, საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს ზუსტად 6 ივლისს, ანუ ობამას მოსკოვში ყოფნის დროს, დაიწყებს. რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში ილარიონოვმა კონკრეტული თარიღი უკვე აღარ ახსენა, თუმცა საომარი მოქმედებების - თანაც, უახლოეს მომავალში - დაწყების ეჭვი მაინც გამოთქვა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგები, კერძოდ კი, დევნილთა საკითხი გასულ სამუშაო კვირაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განიხილებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეკომენდაციებში გათვალისწინებული იყო საქართველოს მიერ ინიცირებული წინადადებებიც.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის თქმით, უფრო მკაფიოდ ჩაიდო რეკომენდაციებში, რომ უფლება დევნილებისა დაბრუნდნენ თავიანთ წინა საცხოვრის ადგილზე არანაირად არ უნდა იყოს ეჭვქვეშ დაყენებული. ასევე დაემატა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების ამოქმედება.“

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე მიღებული რეზოლუციების შესრულებას, ამ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG