Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს


ზვიად სიჭინავა
ზვიად სიჭინავა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ბიზნესმენი და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” მფლობელი, პრეზიდენტობის უკონკურენტო კანდიდატი ზვიად სიჭინავა 1 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში აირჩიეს. მისი თქმით, ის საქმიანობას ხვალიდანვე შეუდგება, გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტების ვინაობას კი იმ კვირაში დაასახელებს.

29-ით 2 - აი, ასეთი სასურველი შედეგით დასრულდა ერთადერთი კანდიდატისათვის, ზვიად სიჭინავასათვის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში 1 ოქტომბერს გაიმართა. მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს.

ინფრასტრუქტურის განვითარება, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა, ეროვნული ჩემპიონატისა და კლუბების, ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების სრულყოფა - აი, ის ძირითადი პრიორიტეტები, რითაც ზვიად სიჭინავას საარჩევნო პროგრამა გამოირჩევა.

როგორც არჩევნების შემდეგ ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ის ხვალიდანვე შეუდგება საქმიანობას. მისი თქმით, იმ კვირაში დასახელდება ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტების ვინაობაც: ”ჩემ გვერდით პროფესიონალები მჭირდება, რომლებმაც იციან და უყვართ ფეხბურთი. ილუზიებს დავანებოთ თავი, უნდა ვიმუშაოთ. შესაძლებელია შედეგი ხვალაც ვიხილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგად არის”, - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

სწორ სტრატეგიად აფასებს ზვიად სიჭინავას მიერ წარმოდგენილ ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. მისი თქმით, საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ჩაიბარა ფეხბურთის ახალმა პრეზიდენტმა და სწორედ ამიტომ ხელისუფლება მზად არის და სურვილი აქვს ითანამშრომლოს ფეხბურთის ფედერაციასთან. ისინი უკვე ელოდებიან დეტალურ გეგმას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მიმართულებებზე დაიწყება მუშაობა.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ყველაფერს დრო აჩვენებს და ის მზად არის ბოლომდე იდგეს ქართული ფეხბურთის სამსახურში.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნოდარ ახალკაცმა, ყველასათვის მოულოდნელად 17 სექტემბერს განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. ზვიად სიჭინავას, ბიზნესმენისა და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” მფლობელის, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია მედიასივრცეში იმავე დღეს გაჟღერდა.

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება და სწორედ ამიტომ დაუჭირეს მხარი მის კანდიდატურას: როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, ზვიად სიჭინავამ საკუთარი საქმით უკვე დაამტკიცა, რომ მას შესწევს უნარი და ძალა ქართული ფეხბურთისათვის ბევრი სასიკეთო რამ გააკეთოს.
XS
SM
MD
LG