Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, ნატოს კვირეულის ფარგლებში, რობერტ სიმონსი სტუმრობს


რობერტ სიმონსი
რობერტ სიმონსი
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონსს 8 ოქტომბერს შეხვედრებით დატვირთული დღე ჰქონდა. ბოლო შეხვედრა მან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან გამართა. სიმონსი შეხვდა საქართველოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ყველა ამ შეხვედრის მთავარი საკითხი ნატოში საქართველოს ინტეგრაცია იყო.

სიმონსთან შეხვედრაზე მისულ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან საკუთარი გზავნილები ჰქონდათ. ”ქრისტიან- დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოების კუთხით გარკვეული სტანდარტების მიღწევა, არამედ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესების მეტი დინამიკა. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ვერანაირი გარე ძალის მცდელობა გავლენას ვერ მოახდენს: ”ნატოს გენერალური მდივნის გუშინდელი განცხადების შემდეგ დამოკიდებულება ნათელია. ტალიავინის კომისიის დასკვნამ ვერანაირი ნეგატიური გავლენა ვერ მოახდინა ნატოს წევრი ქვეყნების განზრახვაზე, მიიღოს თავის წევრებში საქართველო. ამჯერად კი ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენზე, თუ როგორ განვახორციელებთ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმას.”

რობერტ სიმონსის შეხვედრა ეროვნულ უმცირესობებთან
იდა რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობდა ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც.

შეხვედრას ესწრებოდა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ეკა ბესელიაც, რომლის აზრითაც, ნატოს კარი საქართველოსთვის კიდევ დიდხას არ გაიღება, თუ ქვეყანაში არ მოგვარდა მთელი რიგი პრობლემები, და მან ეს პრობლემები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა მედიის წინაშე: ”სასამართლო თუ არ იქნა დამოუკიდებელი, სიტყვის თავისუფლება იზღუდება, გვყავს პოლიტპატიმრები, საარჩევნო კოდექსს ვერ ვცვლით..ასე არავინ მიგვიღებს ნატოში და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა უნდა მას - დემოკრატიული ცვლილებები რეალურად თუ ავტორიტარულ ქვეყნად დარჩენა.”

თავად რობერტ სიმონსმა დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი პრესასთან. სხვადასხვა თემებს შორის, რომელიც მედიას აინტერესებდა, ცხადია, იყო კითხვა - რამდენად გრძელია საქართველოს გზა ნატოსკენ, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, რაზეც სიმონსის პასუხი ასეთი გახლდათ:

„მე ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე პასუხის გაცემისგან კითხვაზე, თუ რა დროს წაიღებს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რამდენად ახლოა ნატო, რადგან ეს ძალიან რთული პოლიტიკური პროცესია.“

მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ შეიარაღების გაზრდით საქართველოს პრობლემები ვერ გადაწყდება. საჭიროა ქვეყნის განვითარება და ამ პროცესში ნატოს შეუძლია ჩვენი დახმარება
8 ოქტომბერს სიმონსი ასევე შეხვდა თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას. მათ ისაუბრეს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების დეტალებზე, ასევე რეფორმების მიმდინარეობის პროცესსა და ავღანეთში ქართული სამშვიდობო მისიის წარგზავნაზე. შეხვედრა დახურული იყო, მედიისათვის მხოლოდ ზოგადი კომენტარები გაკეთდა.

”საუბრის თემა იყო ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ნატოში ჩვენს ინტეგრაციას”, - თქვა ბაჩო ახალაიამ.

თავად რობერტ სიმონსმა თქვა, რომ ნატოს პოზიცია, მიიღოს საქართველო საკუთარ რიგებში, არის მკაფიო, თუმცა კონკრეტულ ვადებზე მას არ უსაუბრია.

განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა სიმონსი ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრით:

ვან ბაიბურთი
”ჩვენ გვაინტერესებდა როგორ არიან ინფორმირებულნი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები, რას ფიქრობენ ნატოზე. ეს ნატოში გაწევრიანებისათვის მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მათეული აღქმა იმისა, რაც ხდება მათ ქვეყანაში, ასევე მათი დამოკიდებულება საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი. ჩვენ პირდაპირ მათგან მოვისმინეთ, თუ რა ხდება საქართველოში, რა პროცესები მიდის ქვეყანაში.”

შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ვან ბაიბურთმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ”გავიგეთ, რომ ნატო არის ნორმალური ორგანიზაცია და საშიში არაფერია და რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნატო საუკეთესო გამოსავალია.”

საინტერესო იყო რუსუდან მარშანიას, ქართულ-აფხაზური კავშირის - ”პირისპირ” - წარმომადგენლის, აზრიც:

”ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ გააძლიერონ ეკონომიკურ ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ შეიარაღების გაზრდით საქართველოს პრობლემები ვერ გადაწყდება. საჭიროა ქვეყნის განვითარება და ამ პროცესში ნატოს სეუძლია ჩვენი დახმარება”.

რობერტ სიმონსის ვიზიტი გრძელდება.

შეხვედრა ”ნატოს საინფორმაციო ცენტრში”
9 ოქტომბერს დაგეგმილია ბრიუსელის შტაბ ბინასთან ვიდეო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სანმინისტროს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ასევე სამხედრო აკადემიაში ნატოს დარბაზის გახსნა. სიმონსი ასევე შეხვდება სახელმწიფო მინისტს ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს.

შეგახსენებთ, რომ ნატოს კვირეული, ნატოს დღეები 5 ოქტომბერს დაიწყო, 9 ოქტომბერს სრულდება და მისი ორგანიზატორი გახლავთ საინფორმაციოა ცენტრი ნატოს შესახებ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG