Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ნატოს ვერც ერთი არაწევრი ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს ალიანსის გადაწყვეტილებას


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთთან ნატოს საერთო ინტერესებს არ ენიჭება უპირატესობა საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის წინაშე. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო კვლავინდებურად ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და დასძინა, რომ ნატოს ვერც ერთი არაწევრი ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს გადაწყვეტილებას ნატოს გაფართოების შესახებ. რასმუსენის განცხადებით, ნატოს სურს რუსეთი დაარწმუნოს, რომ მისი ”მტერი არ არის.” ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ არც რუსეთი უქმნის საფრთხეს ალიანსს. ანდერს ფოგ რასმუსენს ინტერვიუ ჩვენმა ბრიუსელელმა კორესპონდენტმა, აჰტო ლობიაკაასმა, ჩამოართვა.

რადიო თავისუფლება: თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისას თქვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნება. რა გაძლევთ საფუძველს ჩათვალოთ, რომ რუსეთს სურს ნატოსთან სტრატეგიული ურთიერთობა განავითაროს?

ანდერს ფოგ რასმუსენი:
ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს, რომ არსებობს რამდენიმე სფერო, რომელშიც ჩვენ და რუსეთს საერთო საფრთხეები გვემუქრება. ავღანეთზე ვსაუბრობთ ხოლმე - რუსეთი ამ ქვეყანას საბჭოთა დროიდან კარგად იცნობს. ამდენად, ავღანეთის სტაბილიზაცია ჩვენი საერთო ინტერესია. შემდეგი სფერო ტერორიზმია. რუსეთი თავად დააზარალა ტერორიზმმა და მასთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი ინტერესია. მესამე მაგალითი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების სფეროს ეხება - არც ჩვენი და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის ბირთვული იარაღის გავრცელება. მეოთხე ასეთი სფეროა მეკობრეობა - თანამედროვეობის ეს ჭირი რუსეთსაც ეხება. ვფიქრობ, ასევე საერთო ინტერესებში შედის ანტისარაკეტო სისტემა, განიარაღება და იარაღის კონტროლი - მხოლოდ რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ. რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობისას ამ სფეროებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. ამავე დროს, ამ ყველაფრის მიუხედავად, არის სფეროები, რომელთა ირგვლივაც კვლავაც უთანხმოება გაქვს - საქართველო, მაგალითად, და ნატოს გაფართოება. ჩვენ ფუნდამენტურ პრინციპებს ვუერთგულებთ. მაგრამ ამ უთანხმოებამ არ უნდა გადაფაროს ის, რომ სხვა სფეროებში საერთო ინტერესები გვაქვს - და მე სწორედ ამ ასპექტიდან ამოვდივარ.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ ამ შეხედულებას რუსეთიც იზიარებს და ნატოსთან სამომავლო თანამშრომლობა მას მართლაც სურს?

რასმუსენი: მე არ ვამბობ, რომ ეს ადვილი იქნება. მაგრამ, როგორც ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მოსკოვიდან მივიღე სიგნალები, რომ ისინიც დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის თავიდან დაწყებით და მეც ამით ვხელმძღვანელობ. კიდევ იმიტომაც, რომ ჩემი აზრით, ევროპის ყველა ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა რუსეთისა და ნატოს მოკავშირეებს შორის დაძაბულობის შემცირებაა. ამდენად, ნატოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია.

რადიო თავისუფლება: ამ ურთიერთობის განვითარების სანაცვლოდ, რუსეთი ითხოვს თუ არა რაიმეს?

რასმუსენი: არა მგონია, რომელიმე მხრიდან დათმობებზე უნდა ვსაუბრობდეთ - იქნება ეს ნატო თუ რუსეთი, იმიტომ რომ საქმე არ გვაქვს უნაშთო თამაშთან. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი ჯგუფი ამას, მართლაც, უნაშთო თამაშად მიიჩნევს. მაგრამ საქმე ასე არ არის - ურთიერთობის გაუმჯობესებას ყველა მხარისთვის შეეძლება სიკეთის მოტანა. ამდენად, დათმობებზე საუბარს აჯობებს იმაზე ვილაპარაკოთ, ერთობლივად როგორ წავიდეთ წინ, ევროპის ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. ვფიქრობ, ანტისარაკეტო სისტემა ამის კარგი მაგალითია . ისმოდა შეკითხვები, ”რატომ შეცვალეს ამერიკელებმა გეგმები, რუსეთისთვის ანგარიშის გასაწევად ხომ არა? იყო თუ არა ეს დათმობა ამერიკელების მხრიდან?” არა - სინამდვილეში, ახალი სისტემა ძველს სჯობია, იმიტომ რომ მისი ამოქმედება უფრო მალეა შესაძლებელი. ამ სისტემაში ყველა მოკავშირე შეძლებს მონაწილეობას და ის ყველა მოკავშირეს დაიცავს. ამას, მართლაც, ყველასთვის მოაქვს სიკეთე - რუსები ვერ დაგვადანაშაულებენ იმაში, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ სისტემას ვაშენებთ. ეს სწორედ იმის მაგალითია, რომ საქმე არა გვაქვს უნაშთო თამაშთან და ამით ყველა მხარე ნახულობს ხეირს.

რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ ნატოს და რუსეთს საერთო ინტერესები და საფრთხეების ერთმანეთის მსგავსი აღქმა აქვთ, ხოლო ორ მხარეს შორის არსებული უთანხმოების სფეროები მეორეხარისხოვანია?

რასმუსენი: არა, ეს მეორეხარისხოვანი არ არის. ეს სწორად უნდა გაიგოთ: მე საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ფუძემდებლური პრინციპის ერთგული ვარ.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, როგორია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ნატოში ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით.

რასმუსენი: ღია კარის პოლიტიკის პრინციპი ძალაში რჩება - ეს პოლიტიკა გაგრძელდება და ნატოს ვერც ერთი არაწევრი ქვეყანა ვერ შეძლებს გაფართოების შესახებ ნატოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებას. მე ამ პრინციპებს ვიცავ და ისინი მეორეხარისხოვანი არ არის. მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებამ მაინც არ უნდა გადაფაროს ის, რომ სხვა სფეროებში საერთო ინტერესები გვაქვს და პრაქტიკული თანამშრობლობისას ამ სფეროებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მე გამოვედი იდეით, ნატომ და რუსეთმა ერთობლივად განსაზღვრონ 21-ე საუკუნის საფრთხეები და გამოწვევები და ის სფეროები, რომლებსაც საერთო ინტერესებად აღვიქვამთ და შემდეგ ამ სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობა განვავითაროთ. ამდენად, შესაძლებელია ვთქვათ, რომ პრინციპებსა და ინტერესებს თანაბრად განვიხილავთ - დისკუსიებს ვაწარმოებთ და ამას გავაგრძელებთ, მაგრამ, ამავე დროს, პრაქტიკულად ვთანამშრომლობთ იმ სფეროებში, რომლებიც ორივე მხარეს სიკეთეს მოუტანს.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რა იქნება ის ფაქტორი, რომელიც ნატოს აიძულებს, ინტერესებზე მაღლა ფასეულობები დააყენოს, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამისათვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი?

რასმუსენი: დიახ, მაგრამ... ჩვენი ალიანსი ფასეულობებს ეფუძნება და სწორედ ამიტომ იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები - რასაკვირველია, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ნატოს წევრობა ავტომატურად გარანტირებული არ არის - ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩნდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG