Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილებების კვირა


ეს კვირა თბილისში მორიგი საკადრო ცვლილებით დაიწყო. განათლების მინისტრი ნიკა გვარამია, რომელმაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეცვალა. პენიტენციალურ სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს. განათლების ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კოლექტივს ოფიციალურად კვირის დასაწყისში, 8 დეკემბერს, წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ ის მის წინამორბედზე უკეთ გაართმევს თავს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს და რეფორმის კურსსაც გააგრძელებს:” მე მართლა ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო და არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ როგორც, საერთოდ, მინისტრთა კაბინეტის წევრი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აუცილებლად სურდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და ვეღარ გადავათქმევინეთ. შესაბამისად, წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს - დიმა შაშკინს, რომელიც ისევე გაართმევს თავს ამ საქმეს და, იმედია, უკეთესად, როგორც ამას აკეთებდა ნიკა გვარამია.”

მარცხნიდან: ნიკა გვარამია, ნიკა გილაური, დიმიტრი შაშკინი
რა ახალი იდეებით მივიდა დიმიტრი შაშკინი სრულიად განსხვავებული სფეროს სამართავად, საზოგადოებისათვის ჯერ ცნობილი არ არის. მისასალმებელ სიტყვაში მან მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველოს მთავარი სიმდიდრე ადამიანური რესურსია და საქართველომ ევროპაში თავი სწორედ ამით უნდა დაიმკვიდროს:

”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მასწავლებელს და მოსწავლეს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მასწავლებელმა ასწავლოს და მოსწავლემ ისწავლოს და ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რადგან განათლების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება.”

ამ გადაადგილებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პრესის მთავარი სათაურები ასეთი იყო: „განათლების მინისტრი სასწავლებლად მიდის“. ექსპერტების ნაწილმა ამ ფაქტში უჩვეულო ვერაფერი დაინახა - მათ განაცხადეს, რომ მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და აუცილებელი არ არის კონკრეტულ სფეროს ამავე სფეროს პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს. იყო სხვა - უფრო კრიტიკული - მოსაზრებაც:

”მინისტრი რამდენიმე ბატონის მსახურია - ვინც ნიშნავს, მისი და, ასევე, იმ საქმის, რომელსაც ემსახურება, ანუ საზოგადოების. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ვინც ნიშნავს და ხსნის, იმ ბატონის მსახური უფრო ერთგულია და ამიტომ ძალიან ხშირად ის ფუნქცია, საზოგადოებრივი, რჩება ხოლმე შეუსრულებელი. თავისთავად პრეზიდენტისთვის ასეთი პრინციპი კადრების შერჩევისა გამართლებულია. კადრი, რომელიც განათლების სფეროში სასჯელაღსრულებიდან თუ პროკურატურიდან მიდის, თავს მყარად არ გრძნობს ამ ადგილზე და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს და გამოდის, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი ხდება ერთი-ორი ადამიანი და დანარჩენი, მათ შორის, მინისტრებიც კი... ისევე როგორც ხალხს მიაჩნდა, რომ არაკომპეტენტური და ენერგიული ყველაფერს გააკეთებს, რასაც ხალხი ეტყვის, ასევე პრეზიდენტს და მის გარემოცვას მიაჩნია, რომ არაკომპეტენტური და ენერგიული მინისტრები ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ეტყვიან, და რომ კომპეტენცია ამ ქვეყანას არ სჭირდება”, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში რამაზ საყვარელიძემ.

მიხეილ სააკაშვილი (მარცხნივ) და ვალდის ზატლერსი
თბილისს ლატვიის პრეზიდენტი სტუმრობდა. დელეგაციაში, პოლიტიკოსების გარდა, 65 ბიზნესმენიც შედიოდა, რომლებიც სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ბიზნესფორუმში მონაწილეობდნენ. მიხეილ სააკაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის ვალდის ზატლერსის შეხვედრის შემდგომ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ლატვია აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიმართ იჩენდა.

თავის მხრივ, ზატლერსმაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ლატვია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერს გააკეთებს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად :

”ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში და განსაკუთრებით აქ, საქართველოში, მშვიდობის შენარჩუნება. ეს არ არის ადვილად მისაღწევი და ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ მშვიდობას რეგიონში.”

საქართველოსა და ლატვიის ეკონომიკის მინისტრებმა კი ორ ქვეყანას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროშო თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ვიზიტის ბოლო აკორდი ლატვიის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისათვის ლატვიის უმაღლესი ჯილდოს - აღიარების ორდენის - გადაცემის ფაქტი გახდა. ბიზნესფორუმზე კი ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, უძრავი ქონებისა და სხვა საკითხები განიხილეს. თავად ეს ფორუმი კი ორივე მხარემ შეაფასა როგორც შემდეგი ნაბიჯი საქართველო-ლატვიის ახალი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გზაზე.

მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებების თვალსაზრისითაც. 10 დეკემბერს მსოფლიო და საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა. თბილისში ეს დღე ორი მოვლენით აღინიშნა - არასამთავრობოების კონფერენციით, სადაც წლის უფლებადამრღვევი და დამცველი გამოავლინეს და ახალი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის, პირველი ანგარიშის წარდგენით პარლამენტში.

სამოქალაქო სექტორმა საქართველოში არსებული ვითარება, უფლებების კუთხით, კვლავ საგანგაშოდ მიიჩნია. უფლებადამრღვევად მიხეილ სააკაშვილი, დამცველად კი სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, დაასახელეს. ზოგადი შეფასებები კი ასეთი იყო:

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი:”პრაქტიკულად შეუძლებელია რიგითმა მოქალაქემ სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუ იქ სახელმწიფოს ინტერესი დევს. ხერხემლად კი მე მიმაჩნია არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სწორედ სასამართლო, რადგან შსს, თუ ამ რეჟიმს ადამიანის სხეულად წარმოვიდგენ, არის მხოლოდ ხელები, საცეცები, მაგრამ ხერხემალი, რომელსაც ემყარება და რომლის იმედიც აქვს, რომ რაც უნდა დააშავოს და დაარღვიოს ვინმეს უფლება, ის მთავარი ხერხემალი, სასამართლო, მას გაამართლებს.”

გიორგი ტუღუში
10 დეკემბერსვე გაიმართა 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში. ახალი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, ანგარიშში 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან აქციის ხმაურიან დარბევას შეეხო და ხაზი გაუსვა პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტს:

”სამართალდამცავების მიერ აღნიშნული იარაღის გამოყენება საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ იყო კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან იმ მომენტისთვის აღნიშნული იარაღის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით არ იყო დაშვებული. პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელი გახდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც განხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს. ხოლო 6 მაისისთვის პლასტიკური და რეზინის ტყვიები კანონით დაშვებული საშუალებების ჩამონათვალში არ შედიოდა.”

ტუღუშის წინამორბედმა, სოზარ სუბარმა, წარმოდგენილი ანგარიში შეაფასა როგორც საკმაოდ კრიტიკული:

”შეფასებები და დასკვნები გაკეთებულია გიორგი ტუღუშის მიერ და მიმაჩნია, რომ არის ძალიან ობიექტური და ძალიან მკაცრი. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.”

340 გვერდიანი ანგარიშის მოსმენას მხოლოდ 5 პარლამენტარი ესწრებოდა. სესიაზე მისი განხილვა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მიმდინარე კვირას კვლავ აქტუალური იყო H1N1 ვირუსის გავრცელების საკითხიც. მით უმეტეს, რომ ე.წ. „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში დღითი დღე იზრდება. ქალაქის მერი გიგი უგულავა სპეციალური ინიციატივითაც კი გამოვიდა, რაც, ვირუსული ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიკლინიკის ექიმის ბინაზე უფასოდ გამოძახებას გულისხმობს.

პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყო და პროგრამის განხორციელება მომდევნო 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით ამ ეტაპზე 2000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. „ღორის გრიპის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 368 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე კი აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, საგანგაშო მდგომარეობა არ არის და გართულებები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია მოსალოდნელი.

კვირის ბოლოს მთავარი პოლიტიკური მოვლენა აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც პრეზიდენტობისათვის 5 კანდიდატი იბრძოდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის წინააღმდეგ ოთხი კანდიდატი იყრიდა კენჭს: რაულ ხაჯიმბა, ვიტალი ბგანბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუტბა.

გადაწყვეტილების მიმღები არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის ეუთო ან გაერო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილი არ იქნება. პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილი წესების გარეშე რომ მიმდინარეობს, ამას რადიო თავისუფლების პროგრამა ”ეხო კავკაზას” ეთერშიც ადასტურებს ”საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის” კავკასიის პროექტის ხელმძღვანელი ლორენს სკოტ შიტსი, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აფხაზეთში არ არიან წარმოდგენილნი და საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების აღიარებას არ აპირებს. თუმცა თბილისი მაინც გეგმავს მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, არ აღიაროს ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგები.

ამ მოწოდებით თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას 15 დეკემბერს, სამშაბათს, მიმართავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG