Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარა თითები უკეთ გრძნობს შეხებას


ხშირად ქალები უფრო ფაქიზად გრძნობენ შეხებას თითების წვერებით, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზი, უბრალოდ, პატარა თითებია. რაც უფრო პატარაა თითის წვერი, მით უკეთესია მგრძნობიარობა. ამის დადგენა შეძლეს კანადელმა მეცნიერებმა, რომელთა გამოკვლევა "Journal of Neuroscience"-ში არის გამოქვეყნებული. პატარა თითებზე ნერვები, რომლებიც შეხებას არეგისტრირებს, უფრო ახლო-ახლო მდებარეობს და, შესაბამისად, შეგრძნებაც უფრო ფაქიზია.

„ნევროლოგებმა დიდი ხანია იცოდნენ, რომ ზოგიერთ ადამიანს შეხების უკეთესი გრძნობა აქვს, ვიდრე სხვებს. მაგრამ ამ განსხვავებების მიზეზი აქამდე უცნობი იყო“, ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, დანიელ გოლდრაიხი ონტარიოს მაკმასტერის უნივერსიტეტიდან. „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ შეხების შეგრძნების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია თითების ზომა.“

გამოკვლევაში ასი სტუდენტი მონაწილეობდა, 50 ქალი და 50 მამაკაცი. თავდაპირველად მეცნიერებმა ცდის მონაწილეებს თითის წვერები გაუზომეს. მათ თითის წვერებზე აჭერდნენ დაღარულ საგანს. პატარა თითების პატრონები ახლო-ახლო განლაგებული ღარების შეგრძნებასაც ახერხებდნენ. ცდების შედეგად აღმოჩნდა, რომ შეხების შეგრძნება მართლაც უმჯობესდება თითის ზომის კლებასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სქესი ამ შემთხვევაში როლს არ თამაშობდა. ერთი და იმავე ზომის მამაკაცს და ქალს შეხების შეგრძნებაც დაახლოებით ერთნაირი ჰქონდა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პატარა თითების წვერებზე რეცეპტორები, როგორც ჩანს, უფრო ახლო-ახლოს არის განლაგებული.

„უფრო ადრე, სხვა ლაბორატორიებში ჩატარეულმა ცდებმა აჩვენა, რომ ერთი და იმავე ასაკის ადამიანებს ვიბრაციის რეცეპტორების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა აქვთ თითების წვერებზე,“ ამბობს გოლდრაიხი. მეცნიერებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, ზრდასრულ ადამიანში რეცეპტორების რაოდენობა სტაბილურია თუ არა. შემდგომ კვლევაში მათ სურთ დაადგინონ, როგორ იცვლება შეხების შეგრძნება თითების ზრდასთან ერთად.
XS
SM
MD
LG