Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა ცანავა - ექიმი


20 დეკემბერი, კვირა
დილით საზოგადოებრივი ტელევიზიის („პირველი არხის“) ზარი მაღვიძებს. კორესპონდენტი კომენტარს მთხოვს გრიპის ახალი ვირუსით (H1N1) გამოწვეულ ეპიდსიტუაციაზე. მთელი დღე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კვირა დღე აღარ არსებობს. შაბათიც სადღაც გამქრალა... სიმშვიდე, სიჩუმე აღარ არის... მთელი დღე ჩართული ვარ დაავადების გართულებული შემთხვევების შესახებ მონაცემთა ანალიზით. საღამოს კვლავ პირველ არხზე მიცემული კომენტარით ვასრულებ.
ვეღარ ვთვლი ტელე- და ელექტრონული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებს, გაკეთებულ კომენტარებს... ჩემი აღარაფერი გამაჩნია - ყოველ შემთხვევაში, შეგრძნება მაქვს ასეთი. ძმა არ მეხმიანება - გეყოფა დღეში 95 ზარიო. ყოჩაღ, ყოჩაღ!
მიმართეთ დაუყოვნებლივ!!!
მეგობრებიც არ მეხებიან, არ მაწუხებენ - ძალიან მაგრები არიან!
თავისუფლების დღიურები - შოთა ცანავა
please wait

No media source currently available

0:00 0:08:15 0:00

ისევ ზარი ჟურნალისტებისგან...
როცა რადიო თავისუფლებიდან დამირეკეს და დღიურების დაწერა შემომთავაზეს, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მეჩვენა. თან გამეღიმა ნუთუ დღიურების წერის დრო მოვიდა-მეთქი, მაგრამ დიდხანს აღარ მიფიქრია, რადგან საქმე რადიო თავისუფლებას ეხებოდა. რადიო თავისუფლება თავიდანვე იყო ჩემთვის ამაღელვებელი კუნძული, თავისუფლების კუნძული, რომელიც ასე გვაკლდა საბჭოთა ეპოქაში და რომელზეც ასე ვოცნებობდით. სტენდალი ამბობდა: არა მარტო გონიერი ადამიანები, გონებას მოკლებული ცხოველებიც კი ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებენო. მოკლედ, ამ კუნძულს დავთანხმდი.

21 დეკემბერი, ორშაბათი
ტელევიზიების ყველა არხის კორესპონდენტები მესხმიან თავს: „რუსთავი 2“ პირდაპირ ჩართვას იწყებს ჩემი მონაწილეობით. ყველანი შეშფოთებულები ვართ - გარდაიცვალნენ 22 წლის გოგონა, 18 წლის ორსული გოგონა; დაგვიანებით მიმართეს სამედიცინო დახმარებისათვის...
მთელი დღე ვერ ვწყდები მობილურს - მარჯვენა ყურში აღარ მესმის! საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბება ინფორმაცია დაავადებათა შესახებ, გრიპისშემდგომი გართულებების შესახებ. ვერთვები მინისტრთან; სახლში გაზის მრიცხველს ცვლიან თუ გარეთ გააქვთ... ვერ მივდივარ და ვერ ვადგები თავზე. დედაჩემი მარტოა, მაგრამ ესმის ჩემი და არ მსაყვედურობს - დედას ვუყვარვართ შვილები... ქართველი მამაკაცის დედის სიყვარულზე ხომ „გვაშაყირებენ“ ქართველი ქალები. ისე, გასაკვირია, რატომ?

22 დეკემბერი, სამშაბათი
დილა ისევ საზოგადოებრივ არხთან საუბრით დაიწყო. H1N1 თავის „მოსავალს“ იმკის. ვცდილობ, ნებისმიერი სატელევიზიო თუ რადიოგამოსვლისას რეალური სურათი ვაჩვენო და ამით დავამშვიდო ხალხი; მგონი გამომდის...
სიტუაცია ძალზე რთულია. ჩვენი ცენტრის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. მუშაობენ ქაოსის, ლაქლაქისა და თვითკმაყოფილების გრძნობის გარეშე. ეს მომწონს, მაგრამ ცუდ გუნებაზე ვარ - უკვე შვიდი ადამიანია გარდაცვლილი, აქედან სამი - ორსული.
მიმართეთ დაუყოვნებლივ!!!
სამედიცინო დაწესებულებებში იკლო მიმართვიანობამ, ე.ი. ოდნავ გამოანათა. თავი არ მახსოვს, ძმისშვილები მახსოვს, მეგობრები არ მახსოვს... ბარაქალა, რომ არ მსაყვედურობენ. მაგარი ხარ, ძმაო!!!

23 დეკემბერი, ოთხშაბათი
მოდის ჩემი ნათესავი და მეუბნება, რომ „ჰყავს“ ფანტასტიკური მეგობრის გოგო და უკვე მერამდენედ „მატანს ძალას“, ერთხელ მაინც შევხედო, გავიცნო და ეს იმ დროს, როცა არ ჩუმდება მობილური!
გრიპის შემთხვევების პიკზე ვართ და მასმედიას პირდაპირ სამიზნედ ვყავარ: „ბატონო შოთა, რას იტყვით „ტამიფლუს“ უკუეფექტებზე, ვიღაც ამერიკელი ავანტურისტის წერილებზე, ჰოლანდიელი მეცნიერის აღმოჩენებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერიმენტებსა და ფარმაცევტული კომპანიების გარიგებებზე, ეპიდემიის გამოცხადებაზე, საჯარო სკოლების დახურვაზე?..“
დედაჩემი მთხოვს, მოვძებნო სარდაფის გასაღები: აღარა გვაქვსო კარტოფილი, ხახვი. ყველაფერი მოვუტანე. გასაღების გამოცვლა შაბათისათვის გადავდე. თავს იქნევს. გასაგებია, დედიკო, გასაგები!!!

24 დეკემბერი, ხუთშაბათი
ისევ ყველა არხი „მოდის“. კომენტარებს ითხოვენ. გარდაიცვალა 13 წლის გოგონა, ქრონიკული დაავადებების ფონზე გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება გაურთულდა. ძალიან განვიცდი, ძალზე მიმძიმს კომენტარის გაკეთება, მაგრამ ვამბობ მერამდენედ - დროულად მიმართეთ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებებს, რომ გართულების მძიმე შედეგები ავიცილოთ თავიდან!
გრიპი ვერაგი დაავადებაა, სწორედ შემდგომი გართულებების გამო. განსაკუთრებით გაფრთხილდით, როცა დაავადებულია ორსული, ბავშვი, აგრეთვე სასუნთქი, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემების ქრონიკული სენით შეპყრობილი ადამიანები.
მიმართეთ ექიმს!
ექიმებო, ნუ ელოდებით ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებს!
ინტერვიუს ვაძლევ აზერბაიჯანის ერთ-ერთ ტელევიზიას, ერთ-ერთ რადიოს. რამდენჯერმე მეკითხებიან: „არის თუ არა საქართველოში ეპიდემია?“

25 დეკემბერი, პარასკევი
დილის 9 საათზე რეკავს “რუსთავი 2“, მერე - „პირველი არხი“, „იმედი“, „საქართველო“ – „ადასტურებთ თუ არა, რომ გარდაიცვალა?..“
გრიპი ვერაგი დაავადებაა!!! გრიპის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებებს!!!
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ორსულები, ბავშვები, სასუნთქი, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემების დაავადებებით შეპყრობილი ადამიანები!!!
- ბატონო შოთა, შეიძლება თუ არა წავიდეთ ზამთრის კურორტებზე?..
- მივიღოთ თუ არა მონაწილეობა საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიებებში?..
- არის თუ არა შემთხვევათა მატება?..
- რომელ რიცხვში დამთავრდება შემთხვევათა მატება?..
- რომელ რიცხვში დაიწყება შემთხვევათა მატების მეორე ტალღა?..
- გარდაიცვალა კიდევ ვინმე?..
ღამის 1 საათზე სახლში მისულს ახლა მეზობლები მეკითხებიან, რომელ რიცხვში დამთავრდება...
როდის დამთავრდება და როდესაც ყველა ბავშვს გავუფრთხილდებით, ყველა ორსულს გავუფრთხილდებით. ანუ მომავალს გავუფრთხილდებით.
გრიპი არასოდეს დაგვანებებს თავს, ყოველ წელს მოვა - მთავარია, ჩვენ როგორ დავხვდებით.

26 დეკემბერი, შაბათი
უჩვეულოა, მხოლოდ ერთი არხი რეკავს. არ ვიტყვი, რომელი...
სამსახურში ვარ 10 საათზე, მერე რა, რომ შაბათია.
ხვალ - მერე რა, რომ კვირაა...
ერთი რეკლამა მახსენდება - ლუდის რეკლამა: „მერე რა რომ ზამთარია...“
რაღაც ამის მსგავსი ხდება ჩემს ცხოვრებაში: ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.
მერე რა, რომ ზამთარია, მერე რა, რომ შაბათია... მერე რა, რომ ხვალ კვირაა...
სარდაფის გასაღები გამოვაცვლევინე. წუხელ თურმე ჩემმა კარდენახელმა ბიძაშვილმა (ალალმა ბიძაშვილმა) საახალწლო ღვინო მომიტანა. დედაჩემი მეუბნება, გადაიტანე შუშის ჭურჭელშიო. ამიტომაც იძულებული გავხდი, გასაღებზე მეზრუნა.
წუხელ გამახსენდა, ახალი წელი რომ მობრძანდება. 2010 წელი მობრძანდება...
ჭკუა და ცოდნა მოგვმატებოდეს,
წესი დაგვეცვას, მოთმინება გვქონოდეს,
სხვებზე (ერებზე) უკეთესი ან უარესი ნუ გვგონებოდეს თავი და ბედნიერები ვიქნებით ამ ახალ, 2010 წელს.
XS
SM
MD
LG