Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სამხედრო ბალანსი 2009" – იარაღის ჟღარუნი ეკონომიკური კრიზისის ფონზე


სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტმა კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა ახალი მონაცემები მსოფლიოში არსებული “სამხედრო ბალანსის” შესახებ. მასში მოცემულია მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამხედრო დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შეფარდებით. ციფრებითა და პროცენტებით სავსე დიდტანიანი კვლევა მოწმობს, რომ, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, 2009 წელს მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა არათუ შეამცირეს, არამედ, პირიქით, გაზარდეს სამხედრო დანახარჯები. შესაბამისად, ძალთა თანაფარდობაც თითქმის უცვლელი დარჩა.

სამხედრო ძალთა ბალანსს მსოფლიოში, ძირითადად, 7 სახელმწიფო განსაზღვრავს. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი. მათ ანგარიშზე მოდის ასევე მსოფლიოში არსებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი ნაწილი. ყველაფერი ერთად კი აისახება ასტრონომიულ სამხედრო დანახარჯებში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი თითქმის უცვლელი დარჩა.

შედარებისათვის: შეერთებული შტატების წლიური სამხედრო ბიუჯეტი 2010 წელს 693 მილიარდი დოლარი იქნება - ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო 2009 წელს. რუსეთი კი 2010 წელს აპირებს 1 მილიარდი დოლარით გაზარდოს სამხედრო დანახარჯები, რაც გასულ წელს 41 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. რეკორდი კი გასულ წელს ჩინეთმა მოხსნა, რომელმაც 2009 წელს 10 მილიარდი დოლარით გაზარდა შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი და მილიტარიზებული ქვეყნების შვიდეულში გადაასწრო მეორე ადგილზე მყოფ დიდ ბრიტანეთს, რომელიც 2009 წელს იძულებული გახდა 11 მილიარდი დოლარით შეემცირებინა სამხედრო ხარჯები.

სამაგიეროდ, ეკონომიკური კრიზისი დრამატულად აისახა პატარა სახელმწიფოების შემოსავლებზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ მკვეთრად შეემცირებინათ საკუთარი, არცთუ დიდი, სამხედრო დანახარჯები, - ამბობს მარკ სტოკერი, ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო ეკონომისტი:

“კრიზისმა გავლენა იქონია ბევრ ქვეყანაზე, მაგრამ ესენი არიან პატარა ქვეყნები. მაგალითისათვის მე შემიძლია მიგითითოთ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და უნგრეთი, რომლებმაც სამხედრო ბიუჯეტები დრამატულად - ზოგ შემთხვევაში, 25 პროცენტით - შეამცირეს. მაგრამ, ვინაიდან ეს შედარებით პატარა ქვეყნებია, მათ საერთო სურათზე გავლენა არ მოუხდენიათ.”

მარკ სტოკერის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებისათვის ჩვენ შეგვეძლო დაგვემატებინა აგრეთვე საქართველო. “სამხედრო ბალანსის” თანახმად, 2009 წელს საქართველოს სამხედრო ძალების მომსახურებისათვის 537 მილიონი დოლარი გამოიყო, მაშინ როდესაც 2008 წელს საქართველოს არმიის ბიუჯეტი ორჯერ მეტს - მილიარდ დოლარს - შეადგენდა. როგორც ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია მითითებული, 2010 წელს საქართველოს სამხედრო ძალები, შარშანდელთან შედარებით, კიდევ 120 მილიონი დოლარით ნაკლებს მიიღებენ. შედარებისათვის თუ ავიღებთ სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის –აზერბაიჯანისა და სომხეთის - სამხედრო დანახარჯებს, ამ ქვეყნებმა მოახერხეს სტაგნაციის გადალახვა და 2010 წელს ერევანიც და ბაქოც არმიის შენახვაზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით მეტის დახარჯვას აპირებენ.

იმაზე, თუ როგორია სამხედრო ბალანსი ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში და როგორ აისახება ძალთა არსებული თანაფარდობა საქართველოს უსაფრთხოებაზე, კვირის სამხედრო პროგრამაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG