Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ჩრდილოკავკასიელებთან მეგობრობას მოსკოვის გვერდის ავლით გეგმავს


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტში ახლახან შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, ”ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფმა”, სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომლის ადრესატებადაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოები სახელდება. საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია ჩრდილოკავკასიის ხალხებთან იმ ისტორიული კავშირების აღდგენა, რომლებიც ამჟამად შეზღუდულია ”რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გამო”. კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ინიციატივა და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს კავშირების რუსეთის გვერდის ავლით დამყარების მცდელობამ?

დაძაბული ურთიერთობა და დიპლომატიური კავშირის არარსებობა რუსეთთან არ უნდა გახდეს დაუძლეველი ბარიერი საქართველოსთვის, რომ აღადგინოს მტკიცე ისტორიული მეგობრობა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, - ასეთია პოზიცია საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა, რომელიც ჩრდილოკავკასიელებსა და საქართველოს შორის ინტენსიური ურთიერთობების აღდგენაშიც ხედავს კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას.

”ჩრდილოკავკასიელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ახსოვს ისინი და, პოლიტიკური პროცესების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, საქართველო იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მოძმეებთან ურთიერთობა იყოს მყარი, სტაბილური და პერსპექტიული”, - განაცხადა 19 თებერვალს ტელეეთერით გამოსვლისას ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა და მიმართვის თანაავტორმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა:

”გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს უფრო ინტენსიური და ჩვენმა თანამშრომლობამ შეიძინოს სხვადასხვა კონტური, იქნება ეს სამეცნიერო ურთიერთობა, კულტუროლოგიური კავშირები თუ იქნება პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები.”

ნუგზარ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი
ინტერფრაქციული ჯგუფის გათვლებით, ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის გაწვდილმა მეგობრობის ხელმა საქმე რუსეთის გვერდის ავლით უნდა გააკეთოს.

რამდენად შესაძლებელია ეს? რამდენად წარმოსადგენია, რომ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების, მაგალითად, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა თუ დაღესტნის პარლამენტები?

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც 1995 წლის მოწვევის პარლამენტში ”კავკასიის ხალხებთან მეგობრობის კომისიას” ხელმძღვანელობდა და კავშირების დამყარებას თავადაც აქტიურად ცდილობდა, იხსენებს, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან პირდაპირ ურთიერთობას რუსეთი იმ დროსაც ეჭვის თვალით უყურებდა. ახლა კი ვითარება კიდევ უფრო დაძაბული და, შესაბამისად, კიდევ უფრო სათუოა:

”თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია და ამ პარლამენტების წევრები აბსოლუტურად არიან დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ, მაგალითად, ჩრდილოოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელობა ლობირებს ორგანიზაცია ”დარიალს”, რომელიც დაჟინებით ითხოვს ყაზბეგის რაიონის ჩრდილოეთ ოსეთისთვის გადაცემას... აქედან გამომდინარე, მეშინია, რომ ეს განცხადება განცხადებად არ დარჩეს. რუსეთის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ასეთი ტიპის კონტაქტებს პარლამენტების დონეზე... ”

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ინიციატივის მარცხში ეჭვი არ ეპარება კავკასიური სახლის დირექტორს ნაირა გელაშვილს. ის დარწმუნებულია, რომ არც რუსეთი დაუშვებს და ვერც ვერავინ გაბედავს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, რომ რუსეთის გვერდის ავლით დაამყაროს კონტაქტები საქართველოსთან, რადგანაც ეს საკმაოდ ”საშიშია”. ნაირა გელაშვილი საფრთხილოდ მიიჩნევს კონტაქტების დამყარების მცდელობას ხელისუფლების დონეზე, რადგანაც ”ეს ძალიან ყვირის, თვალშისაცემია და იწვევს შეშფოთებას.”

საქართველოს სურვილს, რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხალხებთან, საქართველოში ჩეჩნურ თემთა კონგრესის ყოფილი თავმჯდომარის ხიზრი ალდამოვის აზრით, შესაძლოა გარკვეული შედეგი მაინც მოჰყვეს, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა:

”მაგალითად, ინგუშეთში, დაღესტანში, ჩეჩნეთში შეიძლება წავიდეს ურთიერთობები ცოტა წესიერი გზით... ნუ, ოპოზიციონერი ვიღაცები გამოჩნდებიან და შეიძლება რაღაც მოიფიქრონ, მაგრამ ცოტა ძნელი იქნება, პუტინისა და მედვედევის ხელში...”

მიმართვის ტექსტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებს უნდა გადაეგზავნოთ, საბოლოო სახეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს და გაუყვება კიდევაც გზას ადრესატებისკენ. ერთ-ერთი ავტორი, ნუგზარ წიკლაური, ამბობს, რომ ეს არ არის ”ოფიციალური თბილისის ქმედება.” თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წიაღში შექმნილი დოკუმენტი რუსეთმა სწორედ თბილისის მიმართვად აღიქვას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG