Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აკლია დიდ ოპოზიციურ ერთობას


24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში, ”საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით, საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციური სპექტრის ერთ ნაწილს შეხვდა. საუბარია ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას ინიციატივას გამოეხმაურა და მაისის არჩევნებისთვის ძალების გაერთიანებას ცდილობს. გეგმის მიხედვით, სწორედ ამ ერთობის წიაღში უნდა გამოვლინდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელიც მაისის არჩევნებზე, დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში, ხელისუფლების კანდიდატს უნდა დაუპირისპირდეს. ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრა სწორედ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის გზების ძიებას მიეძღვნა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გაერთიანების მომხრე ოპოზიციური ძალები დაახლოებისკენ მოუწოდებენ სხვადასხვა მიზეზით განზე გამდგარ პოლიტიკურ ძალებს.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში მისულმა საზოგადოებამ ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი იხილა, უკვე შექმნილ დიდი ერთობაზე ალაპარაკდა. ამ ერთობის მთავარ მიზნად დასახელდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, ამ ეტაპზე - მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეშვეობით. ითქვა, რომ ძალა ერთობაშია და რომ გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ ძლივძლივობით აღორძინებულ ახალ იმპულსს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. მოგვიანებით კი დაცვა დასჭირდება არჩევნებზე მოპოვებულ ხმებს. დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები მოისმინეს ჭადრაკის სასახლეში შეკრებილებმა ოთარ მეღვინეთუხუცესისგან, დავით მაღრაძისგან, ნონა გაფრინდაშვილისა თუ ჯანსუღ ჩარკვიანისგან. შემდეგ კი პოლიტიკოსების ჯერიც დადგა და გამოჩნდა, რომ დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნასა და საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არც ერთ მათგანს არ ეპარება.

გაერთიანების პროცესის ადგილიდან დაძვრისთვის კოლეგების განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს ლევან გაჩეჩილაძემ

და ირაკლი ალასანიამ, რომლის ინიციატივაც - ოპოზიციური ძალების საყოველთაო გაერთიანებასთან დაკავშირებით - ”ვაჟკაცობად”, ”გამბედაობად” და ”გმირობადაც” კი შეფასდა. თავად ალასანია გაერთიანების პროცესს იოლად არ მიიჩნევს, მით უმეტეს, როგორც თავად ამბობს, საქართველოს მსგავს პოლარიზებულ საზოგადოებაში, მაგრამ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი უკან დახევას გამორიცხავს:

”საზოგადოება და პოლიტიკის წარმომადგენლები ერთად დავდგებით და ვიტყვით, რომ აღარ მოვითმენთ იმას, რომ მედიასივრცე წაღებული აქვს და კონტროლქვეშ აქვს ხელისუფლებას... აღარ მოვითმენთ, რომ ჩვენი პოლიტიკური უფლებები დაუცველია და ყოველდღე არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ ჩვენს თანამოქალაქეებს... აღარ მოვითმენთ, რომ ბიზნესი ზეწოლის ქვეშ არის ყოველდღიურად... და, რაც მთავარია, აღარ მოვითმენთ, რომ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი იყოს ერთი კაცის ქალაქი...”

ირაკლი ალასანიას მისამართით ჭადრაკის სასახლეში დიდი აღფრთოვანება გამოიხატა, თუმცა ამ ეტაპზე ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ერთიან ლიდერად სწორედ მას თვლის. ლიდერი, ანუ ამ შემთხვევაში - დედაქალაქის მერის პოსტზე წარდგენილი ერთიანი კანდიდატი, შესაბამისი მექანიზმით უნდა გამოვლინდეს. თუმცა ამისათვის ოპოზიცია ჯერ ამ მექანიზმის რაობაზე უნდა შეთანხმდეს.

ამ ეტაპზე არსებობს 3 შესაძლო გზა: სოციოლოგიური კვლევა, პოლიტიკური შეთანხმება ან პრაიმერი (ანუ წინასწარი არჩევნები). ერთიანი კანდიდატის გამოსავლენი ამ სამი შესაძლო მექანიზმისადმი ჭადრაკის სასახლეში გამომსვლელებმა სხვადასხვაგვარი მიდგომა გამოავლინეს. აქვე ვთქვათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ირაკლი ალასანიას პარტიას.

სამაგიეროდ, ჭადრაკის სასახლეში პრაიმერის სარგებელზე საუბარს დაუთმო თავისი გამოსვლა კონსერვატორების ლიდერმა, დედაქალაქის მერობის ერთ-ერთმ აკანდიდატმა და პრაიმერის ინიციატორი ჯგუფის წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა. თუმცა, თუკი ამავე ჯგუფის წარმომადგენელ ზურაბ ნოღაიდელს მოვუსმენთ, აშკარაა კომპრომისისთვის მზადყოფნაც:

”მთავარია, რომ დღეს ერთობა შედგა, შედგა უმნიშვნელოვანესი, დიდი ერთობა... და მექანიზმებზე, პრაიმერი იქნება ეს, გამოკითხვები იქნება თუ შეთანხმება ან ამ მექანიზმების კომბინაცია, ამაზე ჩვენ მოვილაპარაკებთ აუცილებლად... ”

ერთობის სურვილის გამო, როგორც მოვისმინეთ, ნოღაიდელმა, შესაძლოა, პრაიმერის იდეაც კი დათმოს, მაგრამ ის არ აპირებს

გამოეთიშოს პოლიტიკური ერთობისა და აქტიური მოქმედებების ეპიცენტრს. ეს კი არასრულად სახარბიელო გარემოს ქმნის ოპოზიციური ერთობის პროცესში რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების ჩასართავად. გავიხსენოთ, რომ ისინი, ანუ ირაკლი ალასანიას მოკავშირეები გაერთიანებიდან ”ალიანსი საქართველოსთვის”, პრაიმერის იდეის გარდა, უარს ამბობენ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ ძალასთან თუნდაც რაიმე სახის თანამშრომლობაზე. გავიხსენოთ დავით უსუფაშვილისა და დავით გამყრელიძის მიერ 17 თებერვალს გახმაურებული ერთობის ფორმულა - ”ყველა მინუს ნოღაიდელი.” ეს ფორმულა მუშაობს ალიანსის თანათავმჯდომარე სოზარ სუბარისთვისაც. ხოლო ალიანსის მიერ ჯერ ისევ ლიდერად წოდებული ირაკლი ალასანია, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების შესაძლებლობას ხედავს ყველასთან, მათ შორის, ნოღაიდელთანაც.

24 თებერვალს არაერთხელ ითქვა, რომ ოპოზიციური ერთობის იდეას არ უნდა შეეწიროს გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” მთლიანობა და რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აუცილებლად დასჭირდება ძალები რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების სახით. შემოერთებისკენ ამ ძალებს ჭადრაკის სასახლიდან არაერთმა გამომსვლელმა მოუწოდა. ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა კი მათ პერსონალურადაც კი მიმართა:

”ჩემო დათო გამყრელიძე, ჩემო ფიქრია ჩიხრაძე, ჩემო მამუკა კაციტაძე, ჩემო დათო უსუფაშვილო, ჩემო თინა ხიდაშელო, ჩემო დავით და ლევან ბერძენიშვილებო, მუხლმოდრეკით გთხოვთ, - ჩემთვის არა, ქვეყნისათვის, სამშობლოსათვის, - დავდგეთ ერთად, თქვენი ჭირიმე...”

თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საყოველთაო ოპოზიციური ერთობის შექმნისთვის მხოლოდ მოწოდებები არ არის საკმარისი. ალასანიას ინიციატივის გარშემო შეკრებილი ოპოზიციური სპექტრი იმედოვნებს, რომ ბევრი რამ გაირკვევა ”თბილისის დიდ კრებაზე”, რომელიც, ჭადრაკის სასახლეში შეკრებილთა გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში უნდა შედგეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG