Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ოკუპაციის დღე მშვიდობიანი პროტესტით აღნიშნა


საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს
საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი - საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით აღინიშნა, თუმცა მთავარი გზავნილი, რომლითაც საქართველო 89 წლის წინანდელ, 1921 წლის 25 თებერვალს გამოეხმაურა, ყველა ამ ღონისძიებას საერთო ჰქონდა და ის მრავალწლიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს, ოკუპაციის მუზეუმში საერთო სახელით - აგრესიის სიმბოლო - რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, ”ვერ წაშლი” - ერქვა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ფოტოგამოფენას. სხვადასხვა წლებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტოგამოფენები მოეწყო მთელ თბილისში, მეტროსადგურებთან, 25 თებერვალი აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მშვიდობიანი აქციები გაიმართა გორში, ბათუმში, ენგურის ხიდთან..

89 წლის წინანდელი ოკუპაციის მიმართ განწყობა ყველგან ერთნაირი იყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შესამჩნევად გამძაფრებული. ასეთია საქართველოს ოკუპაციის დღე ეროვნული მოძრაობის წევრის, მწერალ დათო ტურაშვილისთვისაც:

მწერალი დათო ტურაშვილი
”თითქოს ძალიან შორს იყო ეს დღე, 1921 წლის 25 თებერვალი, მაგრამ აგვისტოს ომის დროს ისე მოგვიახლოვდა ეს საფრთხე, დაგვბომბეს და მეტი რაღა უნდა ექნათ, და გამოჩნდა, რომ რუსული ოკუპაციის საფრთხე ისევ არსებობს საქართველოში.ხან ბოლშევიკური ჰქვია, ხან საბჭოთა, მაგრამ არ იცვლება და რუსები ერთი 500 წელი არც შეიცვლებიან. ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა, მაგრამ რა ვქნა, ამ სიყვარულის გამო სამშობლოს ხომ არ დავთმობ? მაგის გამო ვერ მოვითმენ ბომბებს, რომ კარგი ლიტერატურა აქვთ...”

პარლამენტის წინ მისულმა ძველი ეროვნული მოძრაობის წევრმა ირაკლი წერეთელმა თავის ძველ თანამებრძოლებთან ერთად ეს დღე რუსული დროშის დაწვით აღნიშნა:
”25 თებერვალი თავისუფლების დაკარგვის დღეა. ჩვენ კი ამ დღეს გვაზეიმებდნენ და გვასწავლიდნენ, რომ გასაბჭოების დღე იყო. სინამდვილეში კი ეს სამხედრო ოკუპაცია იყო.”

1921 წლიდან 1941 წლამდე საქართველოში 72 000 ადამიანი დახვრიტეს, 200 000 ადამიანი გადაასახლეს. ამ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 4 000 000 იყო. მე-11 არმიის თბილისში შემოსვლის დღიდან საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება. ამ ბრძოლაში იცვლებიან თაობები. ამ ბრძოლას ეწირება უამრავი ადამიანი.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, თბილისი
მეთერთმეტე არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო და ბოლშევიკური სადამსჯელო სტრუქტურა, ე.წ. ჩეკა, ფართომასშტაბიან სისხლიან რეპრესიებს იწყებენ. იატაკქვეშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი იქმნება, საქართველოს ეროვნული არმიის პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი კომიტეტის ხელმძღვანელს კოტე აფხაზს უკავშირდება და ბრძოლა იწყება... ეს ისტორია საქართველოს ოკუპაციის მუზეუმშიცაა გაცოცხლებული.

იქ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი არაერთი ადამიანის მიერ გავრცელებული პროკლამაციაა დაცული: ”პატრიოტებო ჩვენი ქვეყნისა, შეერთდით. 7 ნოემბერს არც ერთი დემონსტრაციაზე” - წერია გივი ბარამიძისა და იროდიონ ფაჩულიას მიერ გავრცელებულ პროკლამაციაში.

იქვეა მერაბ კოსტავასა და ლადო სიხარულიძის მიერ გავრცელებული ანტისაბჭოთა პროკლამაციაც - 1957 წელი. გაცრეცილ ფურცელზე იკითხება: ”ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი რუსი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა. ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები. რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი არ ასცდება”...

25 თებერვალი ოკუპაციის მუზეუმში აღნიშნა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტმაც, რომლის რექტორი, ზურაბ ვადაჭკორია, გვეუბნება, რომ გასაბჭოების დღეს საქართველოში არასოდეს არავის ეზეიმებოდა:

”ყოველთვის, როცა საქართველოში დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი, რუსეთი ყოველთვის სისხლში ახშობდა ამ მისწრაფებას. ყველაზე ძლიერად ჩვენ 1989 წლის 9 აპრილი გვახსოვს.. ის პროტესტი, რომელსაც დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა გამოხატავს, გზავნილია მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილისათვის. ეს არ არის აგრესია მხოლოდ საქართველოსადმი. თუ ასე გაგრძელდა, ეს აგრესია მთელ დემოკრატიულ მსოფლიოს დაემუქრება”.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მიხეილ დიაგონიძე მხოლოდ 22 წლისაა. აი, როგორია მისი განწყობა:

”რომ არ ყოფილიყო აგვისტოს მოვლენები, საქართველოს ოკუპაცია, შესაძლოა, როგორც ზღაპარი, ისე აღგვექვა. მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა დაგვანახვა, რომ საბჭოთა კავშირმა, უბრალოდ, სახელი შეიცვალა - მას დღეს რუსეთი ჰქვია და იმავე პოლიტიკას აგრძელებს, რაც 89 წლის წინ ჰქონდა.”

ერთ-ერთი პირველი, ვინც თავისუფლების იდეას ოკუპაციის დღიდან იცავდა, ქართული უნივერსიტეტიც იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა უნივერსიტეტის სახელით ამბობს, რომ ისინი დღესაც ამ იდეის ერთგულნი რჩებიან.

წითელი არმის თბილისში
25 თებერვალს 89 წლის წინ წითელ არმიასთან შეტაკებისას დაღუპული იუნკრებიც გაიხსენეს. კოჯორში იუნკერთა მემორიალს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაგეს პატივი. ოკუპაციის დღისადმი საკუთარი დამოკიდებულება მათაც გამოხატეს, ვისაც არც საბჭოთა კავშირი ახსოვს და ვერც დიდ პოლიტიკაში ერკვევა, მაგრამ ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. სკოლის მოსწავლეებმა განწყობა, რომელიც რუსულ აგრესიას უკავშირდებოდა, საკუთარ ნახატებში გამოავლინეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG