Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს ლარსის გახსნა?


ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
2006 წლის ივლისში რუსეთის გადაწყვეტილებით ჩაკეტილი საქართველო-რუსეთის საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1 მარტს დილის 6 საათზე გაიხსნება. მიმოსვლის აღდგენას წინ მხარეებს შორის ორი შეხვედრა უძღოდა: პირველი - 2009 წლის 28 ოქტომბერს ერევანში, სომხეთის შუამავლობით, და მეორე - "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 2009 წლის 23 დეკემბერს, შვეიცარიის მხარის მონაწილეობით. შეთანხმებების შესაბამისად, ორშაბათიდან აღდგება მიმოსვლა "ყაზბეგის" (საქართველო) და "ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტების გავლით.

"ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტის გავლით კი - რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება 27 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა: ”გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში - 6.00-დან 22.00 საათამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში - 7.00-დან 19.00 საათამდე.”

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების შესაბამისად, "ყაზბეგის" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა საქართველოს ვიზები. ისიც აღსანიშნავია, რომ გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვრის გადაკვეთის შეღავათიანი რეჟიმი არ იმოქმედებს.

რაც შეეხება ქართულ ტვირთებს, ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებითვე, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ექნება საქართველოში წარმოებულ იმ პროდუქციას, რომლის შეტანაც რუსეთის ბაზარზე აკრძალული იყო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს შემოღებისას: მისივე თქმით, საქართველო ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნით რაიმე ეკონომიკურ სარგებელს არ ელოდება: ”რუსეთთან ურთიერთობების რეგულაციაზე საუბარი მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება, რაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიების 20%–ს დატოვებს, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებული აქვს”,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იმის შესახებ, რომ საქართველო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნის შედეგად ვერანაირ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილიც ლაპარაკობს. მისივე თქმით, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უსაფრთხოების საკითხებსაც. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რუსეთი შეეცდება მოახდინოს აღნიშნული რეგიონის ინტეგრაცია საკუთარ სივრცეში: ”უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. მოსახლეობა, ძირითადად, წინააღმდეგია ამ პუნქტის გახსნის. გამოდის, რომ ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ რუსეთისა და სომხეთის ინტერესებს, სანაცვლოდ კი არაფერს არ ვიღებთ, ვქმნით რისკებს,ანუ ეს შეიძლება ჩაითვალოს მორიგი კაპიტულაციის აქტად.”

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა ზემო მლეთის ერთ-ერთ მკვიდრს, თუ რას ფიქრობს იქაური მოსახლეობა გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით. გელა ბურდულის პასუხი ასე ჟღერს: ”რა გარანტიაა, რომ ჩვენ ტერიტორიას არ დავკარგავთ? - ეს არის მოსახლეობის აზრი. რა იქნება მერე, მომავალში?”

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის, თქმით, ისე გადაწყვიტა ხელისუფლებამ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ზომებზე არც კი უფიქრია. ქრისტიან-დემოკრატები თვლიან, რომ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების ამოქმედების გარეშე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა სერიოზულ პრობლემებს მოიტანს: ”საფრთხე აშკარაა. ვლადიკავკაზში მოქმედებენ ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა - ეს არის ერთიანი დიდი ოსეთის შემადგენელი ტერიტორია. მცდელობა და პროვოკაციები იქნება და ამისათვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების შექმნა აუცილებელია. მაგრამ ხელისუფლებას ამ მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს.”

არაერთგვაროვანი განცხადებებისა და იმ საფრთხეების მიუხედავად, რომლებზეც როგორც ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე რიგითი ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 1 მარტს, დილის 6 საათზე, გაიხსნება და შესაბამისი დოკუმენტაციით აღჭურვილ მსურველებს საზღვარზე გადასვლის უფლებაც მიეცემათ.
XS
SM
MD
LG