Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად გადის რუსული ზღვარი ქართული ოპოზიციის რიგებში


ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა
ნინო ბურჯანაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა
მაშინ, როდესაც ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დიდი პოლიტიკის ”გასაკეთებლად” გაემგზავრა, თბილისში წინასაარჩევნო კამპანია გამოაცხადა დედაქალაქის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ და ამის შესახებ 4 მარტს თავად განუცხადა ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას. შეხვედრა დაახლოებით 30 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით შედგა მათთვის გამოკვეთილ ლიდერთან ცალკეული საკითხების დასაზუსტებლად.

ორგანიზატორებს სტუმარი მისი მსოფლმხედველობის გასარკვევად არ მიუწვევიათ - მათთვის წინასწარვე ნათელი იყო, თუ სად გადის ზღვარი ალასანიასა და რუსეთთან თანამშრომლობის მოსურნე პოლიტიკოსებს შორის და სად გადის ასეთი ზღვარი, ზოგადად, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში.

დავიწყოთ იმით, რომ ვერის ბაღში გამართული თავყრილობის ინიციატორმა “ქართულმა აკადემიამ”, 24 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა ლიდერი გაერთიანებისა “ალიანსი საქართველოსთვის”. საზოგადოების ეს ნაწილი მოუწოდებს ყველა თბილისელს დაუჭირონ მხარი ირაკლი ალასანიას.

ბოლო დღეებში სწორედ ირაკლი ალასანიას უწევდა არაერთი განმარტების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არასოდეს უფიქრია პოლიტიკური კავშირის დამყარება ზურაბ ნოღაიდელთან და რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკური მიდგომები მისთვის და მისი ალიანსისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო. ერთგვარი ბრალდებულის როლში აღმოჩნდა ლიდერი გაერთიანებისა ”ალიანსი საქართველოსთვის” 24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში საზოგადოების ერთ ნაწილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ნოღაიდელისთვის ხელის ჩამორთმევა და სცენაზე მასთან ერთად დგომა გახდა საბაბი მათი კავშირის გარშემო ატეხილი ხმაურისა, რომლის შემდეგაც თავად ალასანიას აზრი თითქოს უკვე აღარავის აინტერესებდა. არადა, ის ირწმუნებოდა, რომ თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოვლენისთვის გაერთიანების მოწოდება იმ პოლიტიკური ძალებისკენ იყო მიმართული, რომლებსაც უკვე წამოყენებული ჰყავდათ საკუთარი კანდიდატები. ნოღაიდელის პარტიას ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ეს მოწოდება არ ეკუთვნოდა თუნდაც იმიტომ, რომ ამ ძალას მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატი წამოყენებული არ ჰყავს.
ალასანიას განმარტებები დამაჯერებელი აღმოჩნდა 4 მარტის შეხვედრის ინიციატორის - ქართული აკადემიისთვის. მეტიც, როგორც შეხვედრის დაწყებამდე უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამაზ ჯოლოგუამ, ალასანიასა და ნოღაიდელის შეხედულებათა განსხვავება ყოველთვის თვალში საცემი იყო:

”საქმის კურსში ვარ მეტ-ნაკლებად და რუსულ ორიენტაციას, ნოღაიდელის ტიპის ორიენტაციას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ... ალასანიამ რამდენჯერმე თქვა ეს ხაზგასმით და პირადი საუბრებიდანაც ვიცი, რომ არათუ გამიჯნული, არამედ დიამეტრულად სხვადასხვა პოზიციებზე მდგომი ადამიანები არიან.”

ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ალასანიამ კიდევ ერთხელ გაამართლა ერთობისკენ გადადგმული თავისი სარისკო ნაბიჯი, მაგრამ ისიც თქვა, რომ დრო აღარ ითმენს და ის მერობისთვის წინასაარჩევნო ბრძოლას იწყებს:

”ლაპარაკი შედგა... ჩვენ გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი, ხედვა - პრაიმერი შეიძლება ჩატარდეს, შეიძლება ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვა, რა ვადებში შეიძლება ეს ყველაფერი მოესწროს... სწორედ ამ დიალოგში გამოჩნდა, რომ დროის დაკარგვა ჩვენ აღარ შეგვიძლია...”

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე დადგება მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ლევან გაჩეჩილაძე, თუმცა მან ჭადრაკის სასახლეში 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე გამოხატა მზადყოფნა, რომ ”რიგით ჯარისკაცად” იბრძოლოს ოპოზიციის გამარჯვებისთვის. თავად ალასანიას აზრით, გაჩეჩილაძის ”გვერდში დგომა” არჩევნებში გამარჯვებისთვის ”გადამწყვეტი იქნება”.

აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ ალასანია გამოკვეთილი ლიდერია სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ძალისთვისაც, თუმცა, რუსული ორიენტაციის გამო, ნოღაიდელთან ალასანიას თანამშრომლობას ზურაბიშვილიც კატეგორიულად გამორიცხავს.

ჯერჯერობით ერთგვარად განზე გადგნენ პრაიმერის ინიციატორი პარტიები, რომელთა შორისაც, ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის გარდა, კობა დავითაშვილის ”ხალხის პარტია” და ზვიად ძიძიგურის ”კონსერვატიული პარტია” ირიცხებიან. ამასთან, დავითაშვილიც და ძიძიგურიც თბილისის მერობის კანდიდატებად რჩებიან. ხსენებულმა ჯგუფმა უკვე გამოხატა მზადყოფნა პრაიმერის იდეის დათმობასთან დაკავშირებით და ახალი იდეებისთვის კარი 7 მარტამდე დატოვა ღია. ამ კარში შესვლას ალასანია არ აპირებს, თუმცა თავად კვლავაც ღიად ტოვებს მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის სარბიელს გამარჯვებისკენ ორიენტირებული ყველა ძალისთვის, ზურაბ ნოღაიდელის პარტიის გარდა.

ამასობაში, ნოღაიდელის გზას საზოგადოების თვალში ნინო ბურჯანაძეც დაადგა. როგორც ვიცით, ”დემოკრატიული მოძრაბა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი მაისის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და სულ სხვა გეგმებზე ლაპარაკობს. მოსკოვში გამგზავრების წინ 3 მარტს ნინო ბურჯანაძემ თქვა: ”მაშინ, როცა ზოგი მერის არჩევნებითაა დაკავებული და ხელისუფლება კიდევ დაკავებულია ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ.”

4 მარტს გამოჩნდა, რომ ”დიდი პოლიტიკის კეთების” გეგმაში შედიოდა შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან. ისინი ერთმანეთს ხუთშაბათ საღამოს შეხვდნენ და ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინმა ბურჯანაძე ბევრად უფრო იოლად და ბევრად უფრო საზეიმო ვითარებაში მიიღო, ვიდრე ეს ნოღაიდელის შემთხვევაში იყო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG