Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საზღვარს რუსები გააკონტროლებენ


აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
26 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან “საზღვრების ერთობლივი დაცვის” შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. ამ წინადადებით რუსეთის დუმას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მიმართა. შეთანხმების მიხედვით, ორივე დე ფაქტო რესპუბლიკა თავის ე.წ. სახელმწიფო საზღვრებზე რუსეთის უფლებამოსილებას აღიარებს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ რუსულ მხარეს შეუძლია ისარგებლოს საჰაერო სივრცითა და, აფხაზეთის შემთხვევაში, საზღვაო აკვატორიით. თბილისში ეს ფაქტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად და საქართველოს ანექსიის პროცესის გაგრძელებად შეფასდა.

რუსეთის სათათბიროს მიერ რატიფიცირებული დოკუმენტით აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების სტატუსი და პირობები განისაზღვრა. მის მიხედვით, ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრებთან” სასაზღვრო სამმართველო ჩადგება. დე ფაქტო რესპუბლიკები კი, თავის მხრივ, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს ანაზღაურების გარეშე სარგებლობისთვის გადასცემენ უძრავ ქონებას, საჰაერო სივრცეს და საზღვაო აკვატორიას. საქართველოს პარლამენტში ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა:

”რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მხრიდან უსასყიდლოდ გადაეცა საზღვრის კონტროლი, სამხედრო ბაზები. ეს ფაქტი არღვევს ყველანაირ საერთაშორისო სამართლის პრინციპს, ირღვევა სარკოზი-მედვედევის შეთანხმება, ასევე ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები, რომლებიც არ სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს ანექსია გრძელდება.”

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ ირღვევა არც ერთი საერთაშორისო ნორმა. რუსი დეპუტატების განმარტებით, რუსეთი არაფერს აკანონებს და ეს, უბრალოდ, ორ სუვერენულ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებაა,ხოლო იმის გამო, რომ სასაზღვრო სამსახური არც ე.წ. სამხრეთ ოსეთს გააჩნია და არც აფხაზეთს, თანამშრომლობის ეს ფორმა ერთადერთი გამოსავალია. ხელშეკრულება ხუთწლიანია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მისი ვადა, შესაძლოა, გაგრძელდეს. საქართველოს კი მხოლოდ ისღა დარჩენია საერთაშორისო თანამეგობრობას საპროტესტო წერილები გაუგზავნოს, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 26 მარტის პლენარულ სხდომაზე დაავალა კიდეც საგარეო საქმეთა კომიტეტს.

რუსეთის დუმის მიერ აღნიშნული დოკუმენტის მიღება რუსეთის მიერ “პარალელური სამყაროს” შექმნის მცდელობად შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა:

”ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირება და აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ეს დოკუმენტები ისტორიკოსებისათვის კურიოზულ დოკუმენტებად იქცევა.”

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელძღვანელი თენგიზ ფხალაძე რუსეთის ქმედებას ასევე საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს და მაგალითად რამდენიმე დოკუმენტი მოჰყავს. ერთია სტამბულის 1999 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ; შემდეგ - რუსეთ- საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება რუსული ბაზების გაყვანის შესახებ და სხვა არაერთი მსგავსი შინაარსის, ქაღალდზე დარჩენილი, შეთანხმება:

”რუსეთი ცდილობს ეს ყველაფერი ისე წარმოადგინოს, თითქოს მათ გაყვანილი ჰყავთ შეიარაღებული კონტინგენტი საქართველოდან და რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ”სხვა ქვეყნებია”. ამიტომაც აწერენ ხელს დოკუმენტს ერთობლივი საზღვრის დაცვაზე ”დამოუკიდებელ ” აფხაზეთთან და ”დამოუკიდებელ” სამხრეთ ოსეთთან.”

საშიშ პროცესად აფასებს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი შექმნილ ვითარებას. მისი თქმით, მართალია, აფხაზეთის და ე.წ, სამხრეთ ოსეთის საზღვრები მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ არის, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ რუსების მიერ კონტროლის დაწესების და ადგილზე ვითარების მოწესრიგების შემთხვევაში ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზარდოს, ნამდვილად არსებობს:

”როდესაც ამუშავდება აეროპორტი, მოწესრიგდება გამშვები პუნქტების რეჟიმები და ფორმალურად დაემსგავსება საზღვარს, ამან უნდა გაზარდოს ტვირთების ნაკადი, საერთოდ, ეკონომიკური კავშირები გაააქტიუროს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთან. ეს არის მიზანი... ასე უნდათ, რომ მომზადდეს ნიადაგი დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებისა სხვა სამართლის სუბიექტების მიერ.”

რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს, გარდა განცხადებების? ხუციშვილის პროგნოზი არც ისე დამაიმედებელია:

”ფაქტობრივად, სამართლებრივი ჩიხია. საქართველო ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, იმიტომ რომ სახელმწიფო სტრატეგიაშიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წერია, რომ უნდა მოხდეს კონფლიქტის ზონების დეიზოლაცია. შეუძლიათ მათ ეს დაგვიდონ და გვკითხონ, რატომ გვიშლით ხელსო.”

ოფიციალური კომენტარი 26 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ რა კანონპროექტებიც არ უნდა მიიღოს დუმამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მას იურიდიული ძალა არ ექნება.

საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გასაგზავნი მიმართვის ტექსტი კი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG