Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს საქართველოსთვის რუსეთის სიჩუმე


რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბოლო დღეებში გახშირებული პროვოკაციების ფონზე, რამაც ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურთან მიმართებით იჩინა თავი, იბადება არაერთი შეკითხვა: რა მიზნები დგას მსგავსი პროვოკაციების მიღმა, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტები რუსეთში გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მოსკოვის ბრალდებას, გაიზარდა თუ არა მოსკოვიდან მომავალი საფრთხე საქართველოს მისამართით და რის გაკეთება მართებს ამ სიტუაციაში საქართველოს სახელმწიფოს.

თავდაპირველად გავიხსენოთ ფაქტები: საოკუპაციო ჯარების საზღვრის დაცვის უწყების კატარღა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის სანაპიროს 4 აპრილს დაახლოებით საღამოს 5 საათზე მიუახლოვდა, ქართველი პოლიციელების საგუშაგოსთან დაახლოებით 150 მეტრის დაშორებით რამდენიმე წუთს შეჩერდა და შემდეგ ისევ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაემართა. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი იმავე ტერიტორიას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა.
ამ ფაქტებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროვოკაციად, ”ძალის დემონსტრირებად” და მოსახლეობის დაშინების მცდელობად აფასებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში თორნიკე კილანავა. მისი თქმით, რუსეთი ვერტმფრენების საშუალებით მოსახლეობის დაშინებას ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებშიც.

მოსკოვმა ან უნდა აღიაროს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის, პუტინის პოლიტიკის, სრული კრახი, ან უნდა ეძებოს თავისი მცდარი პოლიტიკით გამოწვეული სიძნელეების რაღაც უცხო გამამართლებელი არგუმენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 აპრილს გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ყოველივე ეს საქართველოს მოქალაქეებს ”მყისიერ საფრთხეს” არ უქმნის და საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს - სხვათა შორის, დიპლომატიური არხებითაც - საფრთხეების თავიდან ასაშორებლად.

და მაინც, რა მიზანს ისახავს რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული პროვოკაციები?

მაგალითად, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აშკარა კავშირს ხედავს ოკუპანტების პროვოკაციულ გააქტიურებასა და რუსეთში ბოლო დროს გახშირებულ ტერორისტულ აქტებს შორის.

”მოსკოვმა ან უნდა აღიაროს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის, პუტინის პოლიტიკის, სრული კრახი, ან უნდა ეძებოს თავისი მცდარი პოლიტიკით გამოწვეული სიძნელეების რაღაც უცხო გამამართლებელი არგუმენტი... ჩვეულებრივი მოვლენაა რუსეთისთვის, როდესაც ამბობს, რომ, აი, ქვეყნის გარეთ დაგეგმილი ხერხებით, ქვეყნის გარედან შემოსული ძალები წყალს ამღვრევენ რუსეთში...” - უთხრა რადიო თავისუფლებას სოსო ცინცაძემ.

სხვა არაერთი კოლეგის მსგავსად, რუსეთის მხრიდან ომის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერც ცინცაძე ხედავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ, ”რაც უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდება რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს ტერორისტული აქტები, მით უფრო აქტიური გახდება რუსეთის პროვოკაციები საქართველოსთან მიმართებით.”

მოსკოვში მომხდარი ბოლო ტერაქტების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებას ამ საქმეში საქართველოს დადანაშაულების სერიოზული მცდელობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა და ეს 31 მარტს პრესის საშუალებით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა, თუ არ ჩავთვლით კიდევ რამდენიმე კომენტარს, რომლებიც რუსეთის სათათბიროს საქართველოს მიმართ განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

მე მგონია, ბოლო პერიოდი გვიჩვენებს, რომ კრემლი არ აპირებს ამ სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკური განცხადებების გაგრძელებას ან გაღრმავებას
ამის შემდეგ თითქოს დუმილმა დაისადგურა. მეტიც, ”ნოვაია გაზეტაში” 2 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში მოსკოვის ტერაქტების სახელმწიფო საგამოძიებო ჯგუფის ინკოგნიტო წარმომადგენელი იმასაც ამბობდა, რომ იმ ეტაპზე გამოძიებას არ ჰქონდა ინფორმაცია ქართველების კავშირზე ტერაქტებთან და რომ ასეთი ვერსია არ განიხილებოდა. პატრუშევის განცხადებას კი იმავე წყარომ ”კიდევ ერთი პოპულისტური განცხადება“ უწოდა.

რუსეთის მხრიდან ბრალდებების შეჩერების ახსნას 3 აპრილის სატელევიზიო ინტერვიუში ერთგვარ დადებით კონტექსტში შეეცადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია:

”მე მგონია, ბოლო პერიოდი გვიჩვენებს, რომ კრემლი არ აპირებს ამ სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკური განცხადებების გაგრძელებას ან გაღრმავებას... ეს კარგია და იმედი გვაქვს, რომ ეს არც მოხდება, იმიტომ რომ ყველამ - და, მათ შორის, ბუნებრივია, მოსკოვშიც ყველამ - ძალიან კარგად იცის, რომ ეს თავიდანვე იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და, როგორც უკვე ვთქვი, ცინიკური ბრალდებები ან ნახევარბრალდებები...”

ბრალდებების ნაკადის შეჩერებისა და კრემლის დუმილის უკან ექსპერტთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს ერთგვარი ”საშიში ტაიმ-აუტის” არსებობას. მათ შორის არის, მაგალითად, პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა, რომელსაც სრულიად არ გაუკვირდება, თუკი კრემლი საქართველოს დადანაშაულებას ცოტა ხანში ახალი ძალით და, თავისი აზრით, უფრო სარწმუნო ხერხებით შეეცდება. კვაშილავა ფიქრობს, რომ პატრუშევის განცხადებით რუსეთმა ”ნიადაგი მოსინჯა.”
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში საქართველოს სახელმწიფო?

”მთავარი, ალბათ, აქ არის კულისებში მოქმედება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან, როგორიც არის: საფრანგეთი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი... ანუ სწორედ მათთვის უნდა იქნეს მიწოდებული კომპეტენტური, ადეკვატური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის განცხადებები, როგორიც იყო თუნდაც პატრუშევის განცხადება, არის არაადეკვატური.“
საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე აქტიურობის აუცილებლობას სოსო ცინცაძეც ხედავს, რომლის აზრითაც, დიპლომატიასა და პოლიტიკაში ”წაყრუება” არასოდეს არის გამართლებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი, ზოგიერთი ექსპერტის მსგავსად, პატრუშევის განცხადებას კრემლის ლიდერების გულის მოსაგებად გაკეთებულ განცხადებად განვიხილავთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG