Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მზად არის ესაუბროს მოსკოვს, მაგრამ არა სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებს


საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას რუსეთთან და არა მოსკოვის მიერ აღიარებულ რეჟიმებთან სოხუმსა და ცხინვალში - ამის შესახებ, როგორც Civil.ge იუწყება, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, სოხუმთან და ცხინვალთან მსგავსი შეთანხმების ხელმოწერა შეცდომა იქნება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რეჟიმების ლეგიტიმაციას დაეხმარება. ვაშაძის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე არსებობს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, მაგრამ თუ რუსეთს რაიმე დამატებითი დოკუმენტი სურს, ეს საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მზად არის მოსკოვთან შეთანხმებას ხელი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მოაწეროს. გრიგოლ ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის, თუმცა რუსეთს ეს იმ მარტივი მიზეზით არ სურს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებით თავი კუთხეში მიიმწყვდია. ”ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაველაპარაკოთ, თუ ისინი საერთაშორისო სამართლის, საკუთარი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემას ისწავლიან” - განაცხადა ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG