Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ძლიერი იქნება საკრებულოს ოპოზიცია?


თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზი
თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზი
მართალია, მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ კიდევ ითვლის, მაგრამ უკვე ცნობილია, რა რაოდენობით მოვა ოპოზიცია საკრებულოებში. განსაკუთრებულ ინტერესს მაინც იწვევს თბილისის საკრებულო, სადაც 25 მანდატიდან 14 მმართველ პარტიას ერგო, დანარჩენი 11 კი - ოპოზიციას.

მაშ ასე: 14 მანდატი ნაციონალებს, 5 მანდატი - ალიანსს საქართველოსთვის, 3 - ქრისტიან-დემოკრატებს, 2 მანდატი - ეროვნულ საბჭოს და მხოლოდ ერთი - მრეწველებს. ბოლო მონაცემებით, სწორედ ასე გადანაწილდა ადგილები თბილისის საკრებულოში. დათვლილია თბილისის მერის არჩევნების წინასწარი შედეგები ყველა უბანში, თბილისის 765 უბანში კი შეჯამებულია პროპორციული სიის მონაცემები. ხმების დათვლა გრძელდება. ოპოზიცია კი, რომელიც ბრძოლას ახლა უკვე დედაქალაქის საკრებულოსა და საქართველოს სხვა თვითმმართველობის ორგანოებში განაგრძობს, აცხადებს, რომ ძალიან მალე პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი სწორედ ეს ადგილები გახდება. მათი ამომრჩევლის მთავარი კითხვა კი ასეთია: რა შეიცვლება, რის გაკეთებას შეძლებს რეალურად ოპოზიცია.

მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატების პირველი ნომერი, ინგა გრიგოლია, დარწმუნებულია, რომ შესაძლოა რაოდენობრივად საკრებულოში არსებულმა ოპოზიციამ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ვთქვათ, ბიუჯეტის დამტკიცებისას ვერ იმოქმედოს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა იქნება მეტად მწვავე, რომ ამ ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება:

”ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა ეყოლება თბილისის საკრებულოში ოპოზიციას. რაც შეგვეხება ჩვენ, მართალია, სულ სამნი მოვხვდებით, მაგრამ ეს იქნება სერიოზული შანსი იმისთვის, რომ საკრებულოში ხელისუფლებას პოლიტიკური ფრონტი გავუხსნათ. აქამდე თბილისის ხელისუფლება ისე იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომ კაციშვილი ვერ იგებდა, რატომ იყო, მაგალითად, თბილისის ბიუჯეტში გამოყოფილი ერთი უპატრონო ძაღლის დასაჭერად 16 ლარი და 70 თეთრი და რატომ აძლევდნენ მრავალშვილიან დედებს - ისიც, შვიდ შვილზე - მხოლოდ 5 ლარს. ახალი საკრებულოს პირობებში ეს ყველაფერი გამჭვირვალე გახდება.

შესაძლოა ცოტა უხერხულია თქვა, რომ მე შევებრძოლები მხოლოდ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებით ხელისუფლებას, მაგრამ ყველა გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ვიბრძოლოთ იმის განსახორციელებლად.”

ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ დასჭირდებათ ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვა ბერკეტის გამოყენებაც, გარდა ხმამაღალი განცხადებებისა, არც ხალხის მობილიზებას მოერიდონ. ქრისტიან- დემოკრატები, საერთო პროცენტული მაჩვენებლით, მეორე ადგილზე არიან რეგიონებშიც. ბრძოლა ცვლილებებისთვის, როგორც გრიგოლია ამბობს, იქაც გაგრძელდება:

”დღეს, როდესაც აშკარაა, რომ რეგიონებში ხალხი ბედავს ხმა მისცეს ოპოზიციურ პარტიას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქაც არის შესაძლებელი თავგასული სახელმწიფო მოხელეების და გუბერნატორების სურვილების მიხედვით არ იმართებოდეს ადგილობრივი ბიუჯეტი.”

აზრს, რომ საკრებულოს წევრთა ხარისხია მთავარი და არა რაოდენობა, იზიარებს საკრებულოში 2 მანდატით მოხვედრილი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობაც. კახა კუკავა საკრებულოში კობა დავითაშვილთან ერთად შევა. ის ამბობს, რომ საკრებულო იქნება უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანო, ვიდრე დღეს არის პარლამენტი. თუმცა იქვე მიანიშნებს, რომ ეროვნული საბჭო ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში დამარცხდა:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში დავმარცხდით. არა იმიტომ, რომ ჩვენი შედეგი არის 8% და რეგიონებში კი 7%, ეს თავისთავად არც ისე ცუდი შედეგია უფულო პარტიისათვის. მაგრამ ჩვენგან საზოგადოება ითხოვდა 50+1-ს, ხელისუფლების შეცვლას, რაც ვერ მოხერხდა და ამიტომ ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას ღიად და ალალად, რომ ჩვენ ამ არჩევნებში დავმარცხდით და ის ამოცანა, რომ მინიმუმ თბილისი წაგვერთმია ამ ხელისუფლებისათვის, ვერ შევასრულეთ.”

მთავარი მიზეზი ოპოზიციის დაქსაქულობა იყო, - ასეთია კახა კუკავას და მისი თანამებრძოლების შეფასება:

”თუ ჩვენ ამას არ დავინახავთ, ჩემი აზრით, მომავალშიც შეუძლებელი იქნება რეალისტური ამოცანების დასახვა. თუმცა საკრებულოში შევდივართ მე და კობა დავითაშვილი და დარწმუნებული ვარ, საკრებულოს დონეზე რისი გაკეთებაც შეიძლება, ეროვნული საბჭო იქნება მაქსიმალურად ეფექტური და ამას სულ მალე ნახავს ყველა. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ბრძოლის გენერალური ხაზი.”

ხუთი წევრი ქალაქის თვითმმართველ ორგანოში ბევრი არ არის, ფიქრობს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი, მაგრამ საკმაო ძალაა პოლიტიკური აქცენტების, ბრძოლის გადასატანად სწორედ საკრებულოში.:

”ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქუჩიდან მოგვეპოვებინა პოლიტიკური ტრიბუნა. ჩვენ ეს ტრიბუნა მოვიპოვეთ და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მას როგორ გამოვიყენებთ. ახლა ჩვენი შემდგომი ამოცანაა ყველა ის პრობლემა, რაზეც არჩევნების წინ ვსაუბრობდით, წინა პლანზე წამოვწიოთ და რეაგირება მოჰყვეს და დავანახვოთ საზოგადოებას, რისი გაკეთება შეეძლო საკრებულოს, რომელიც მთელი ეს ოთხი წელი რეანიმაციის მდგომარეობაში იმყოფებოდა და არაფერს აკეთებდა.”

დაბოლოს, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1740652-მა (ამომრჩეველთა 49%) ამომრჩეველმა. თბილისში 981,505 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 457,903 (46.7%).
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG