Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრებს გამართავს


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუშოღლუ. ის დღეს დილით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს შეხვდება, შემდეგ კი პარლამენტს ესტუმრება და შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს. იგეგმება შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. სტუმარი წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში დევნილებსაც მოინახულებს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს შეხვდება, შემდეგ კი, ცხინვალის საოკუპაციო ზონაში ჩავა და შიდა ქართლის გამგებელ ლადო ვარძელაშვილს შეხვდება. 15 ივნისს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართავს შეხვედრებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს 16 ივნისს დატოვებს.
XS
SM
MD
LG