Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამკვირვებლო მისია საქართველოში კიდევ ერთი წელი დარჩება


26 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. მისია საქართველოში 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან მოქმედებს. მისიის საქართველოში წარგზავნა კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადაწყდა, როცა მედვედევ-სარკოზის ცნობილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა. მის ვალდებულებებში სწორედ ამ პუნქტების შესრულების მონიტორინგი, სტაბილურობის შენარჩუნება, სიტუაციის ნორმალიზება და ევროკავშირისათვის ინფორმაციის მიწოდება შედის. თბილისში ამ ფაქტის შეფასებას იძლევიან და მისიის მანდატის გაფართოებაზე ლაპარაკობენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლიდან მოღვაწეობს, თუმცა კონფლიქტურ ზონებში ის ვერ შედის და ვითარებას მხოლოდ გარედან აკვირდება. თავისი ვალდებულებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულებას ის კიდევ ერთი წელი გააგრძელებს. ჯერ ცნობილი არ არის გაიზრდება თუ არა მათი მანდატი, დაემატება თუ არა მას პოლიციური მისია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართულ პოლიტიკურ წრეებში მისიის ვადის გაგრძელება მნიშვნელოვან ევროპულ გზავნილად მიაჩნიათ. გავიხსენოთ, რა არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ვალდებულებები: შემაკავებელი მისია, რომელიც საშუალებას არ აძლევს რუსეთს პროვოკაციები განახორციელოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა დანარჩენ საქართველოში, - გვეუბნება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. მისია ხელს უშლის რუსეთის რიტორიკას - და ამის მაგალითად იაკობაშვილს შარშანდელი ზაფხულის მაგალითი მოჰყავს:

”ჯერ ერთი, ევროკავშირი მუდმივად ისმენს მათ ანგარიშებს და ეს საკითხი მუდმივად დგას ევროკავშირის წინაშე. ის ფაქტი, რომ რუსეთი არ უშვებს მათი მისიის ბოლომდე განხორციელებას, ცხადია, არის რუსეთისთვის დაკიდებული დამოკლეს მახვილი -პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ საკითხების კომბინაცია კი გვაძლევს იმას, რომ ამ მისიის საქართველოში ყოფნა - როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით - არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან, მაგალითად, როდესაც რუსეთი ინტენსიურად ეწეოდა ანტიქართულ პროპაგანდას და აცხადებდა, რომ საქართველო ომისათვის ემზადება, რაც ნიშნავს რეალურად, რომ თავად ემზადებოდნენ ომისათვის, ამასთან დაკავშირებით ჰაბერი გამოვიდა და თქვა, რომ ეს არ იყო სიმართლე და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია რუსეთს ამაში არ ეთანხმება.”

არც რუსეთს და, მით უმეტეს, არც მის სატელიტებს, - იგულისხმება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის თქმით, არ სურთ კონფლიქტის ზონას ევროკავშირი გამადიდებელი ლუპით აკვირდებოდეს. დამკვირვებლების გარეშე დარჩენილი ტერიტორია რუსეთს ხელს უხსნის აკეთოს ის, რაც მას სურს:

”მაგალითად, მოაწყოს პროვოკაციები, დააბრალოს ქართულ მხარეს, დაიკავოს ახალი ტერიტორიები.. და ამ დროს 200-300 ევროპელი დამკვირვებელი მათთთვის ყელში გაჩხერილი ძვალია. ის, რომ მათ მანდატში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლაც შედის და რუსეთი ამას დღემდე უძალიანდება და ჯერჯერობით წარმატებით - ანუ არ უშვებენ იქ, ეს დროებითია და ამაზე გვაქვს სამუშაო.”

რა შეიცვლება? კონკრეტულად კი, გაფართოვდება თუ არა მანდატი? დაემატება თუ არა მას საპოლიციო მისია? დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს ინტენსიური დიპლომატიური ჭიდაობის საგანია. ჯერჯერობით ევროკავშირი რუსეთის დაყოლიებას თუ იძულებას ვერ ახერხებს. ლოგიკურად ჩნდება შემდეგი კითხვა: რას შეცვლის საპოლიციო მისია, ანუ რა უპირატესობა აქვს მას? - ”თუნდაც ის, რომ სადამკვირვებლო მისიას იარაღი არა აქვს, საპოლიციოს კი ექნება. მათ ექნებათ შეხება მოსახლეობასთან და უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას ადგილზე”, - განმარტავს თემურ იაკობაშვილი.

ევროკავშირის მისიის ვადის გაგრძელებას დიდ მოვლენად არ აღიქვამს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და დარწმუნებულია, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ახალი სახელმწიფო საზღვრების დაფიქსირება ხდება: ”ეს ათი წლის შემდეგაც ასე იქნება და ყოველწელს გაგვიხარდება, რომ ევროკავშირმა გაუხანგრძლივა ვადა დამკვირვებლებს და ეს მათ აწყობთ კიდეც. გავა დრო და რუსეთი იტყვის, რამდენი ხანია ევროკავშირის მისია აქ დგას, ამ ტერიტორიაზეო, ესე იგი ეს არის საქართველოს ახალი საზღვრებიო... რა თქმა უნდა, რუსეთს არავინ დაუჯერებს, მაგრამ ამას აჩვევენ საერთაშორისო საზოგადოებას.”

თუ შედეგი არ არის, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ან საქართველოს, ან ევროკავშირს? - ვეკითხებით ზაქარეიშვილს: ”საქართველოს ხელისუფლების ინტერესია დააფიქსიროს ეს ვითომ წარმატება, მას სჭირდება ეს მუდმივი პიარი და ამ კვირაში ახლა ამაზე ილაპარაკებენ. რუსეთს აწყობს, რომ სწორედ ევროკავშირია ჩართული და არა გაერო ან ეუთო და ამერიკა და ევროკავშირთან მას თავისი ანგარიშები აქვს და, რაც მთავარია, ევროკავშირს სულ სხვა რეალობა დააფიქსირებინა, ვიდრე იყო გაეროს და ეუთოს დროს, რადგან ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ცხინვალშიც და სოხუმშიც. დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ ოთხ-ხუთ წელში ეს რეალობა იქნება სხვანაირი. ევროკავშირს რაც შეეხება, იმასაც აწყობს ეს, რადგან თავს იწონებს მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ რაღაც ღონისძიებებს ახორციელებს. მე მიმაჩნია, რომ ასეთ მონიტორინგს სულ რომ არ იყვნენ ჯობს და ქართულმა მხარემ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საომარ მოქმედებებს. მაგრამ ჩვენ არავინ გვენდობა, ამაშია უბედურება”...

ჯერჯერობით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობაში იმის შესახებ, განიცდის თუ არა რაიმე ცვლილებას მისიის მანდატი, კომენტარს არ ეკეთებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG