Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვალეთა ბედი საქართველოში


გავრცელებული ინფორმაციით, მოვალეთა რეესტრში აღრიცხულ პირთა რაოდენობა ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნული ბიურო დაახლოებით 60 ათასი პირის საქმეს აწარმოებს. როდესაც პროცესი ასე შორს მიდის, ის, როგორც წესი, მოვალის ქონების გაყიდვით სრულდება. ექსპერტთა გარკვეულ წრეებში თვლიან, რომ 2010 წლის იანვრიდან, მოვალეთა რეესტრის ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ, მევალის საქმე - უკეთესობისკენ, ხოლო მოვალის საქმე გაცილებით უარესობისკენ წავიდა. რამდენად დარღვეულია ეს ბალანსი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და ვინ უნდა იზრუნოს მოვალეთა ინტერესების დაცვაზე?

თუკი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ ვალი 7 დღის მანძილზე არ დაიფარება, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთვება, რომელსაც სრული უფლება აქვს, მოვალეს მხოლოდ 4 კვირის სარჩო-საბადებელი დაუტოვოს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი აუქციონზე გაიტანოს. ინფორმაცია ეგრეთ წოდებული უიმედო მოვალეების შესახებ უკვე დაახლოებით 7 თვეა, რაც მოვალეთა რეესტრში იყრის თავს და მონაცემთა ამგვარი ბაზა სააღსრულებო ბიუროების ეფექტიანი მუშაობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად მიიჩნევა.

ყველაფერ ამას “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს და იურისტები პროცესის თანმიმდევრობაში ვერანაირ ხარვეზს ვერ ხედავენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის კახა კოჟორიძის თქმით, ”ცხადია, აღმასრულებელს უნდა ჰქონდეს იძულებითი ღონისძიებების გატარების უფლება” და ყველაფერი რიგზეა, როცა პროცესს უფლებამოსილი სტრუქტურები უძღვებიან. ”მთავარია, რომ არაუფლებამოსილმა პირმა არ მოახდინოს მოვალეების შეშინება, ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, ან სამართლებრივად შეცდომაში შეყვანა. ანუ უკანონო მოქმედებით არ უნდა ხორციელდებოდეს ვალის დაბრუნების პროცესი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კოჟორიძემ.

ბოლოს და ბოლოს, ვალს რომ დაბრუნება უნდა და დაუბრუნებელ სესხს რომ ბანკი არავის შეარჩენს, ესეც ყველასათვის ნათელი და გასაგებია. თუმცა ექსპერტთა ნაწილი საქართველოში კანონის სიმკაცრეზე, ერთგვარ ცალმხრივობასა და უსამართლობაზე ლაპარაკობს. უსამართლობის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ, მაგალითად, მოვალეთა რეესტრი არ აღრიცხავს იმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებსაც დავალიანება აქვთ რომელიმე კერძო ან იურიდიული პირის მიმართ, პირიქით კი - პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის ორგანიზაციაც მოვალეებთან დაკავშირებული პროცესების კვლევას აწარმოებდა, ამბობს, რომ ბოლო პერიოდის კრიზისის შედეგად დაზარალებული და მართლაც საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოვალეების მთელი არმიის ბედით სახელმწიფო არ დაინტერესებულა და არც კანონში ასახულა რაიმენაირად მათი დაცვის მექანიზმი:

”მოვალეების პრობლემებით დაინტერესება ვერც ერთი უწყების მხრიდან ვერ დავინახეთ... აგვისტოს ომის შემდეგ ბანკებსაც გაუჭირდათ და მოსახლეობასაც, მაგრამ ხელისუფლებამ იმ სიტუაციაში ყოველმხრივ ბანკების მხარე დაიჭირა: საერთაშორისო დახმარებებიდანაც დაეხმარნენ ბანკებს, მოვალეთა რეესტრიც დაახმარეს და სასამართლოში ჩივილისა და ამოღების დროს ბანკისთვის დაწესებული გადასახადიც შეამცირეს... ანუ ყველანაირად შეუწყო ხელი სახელმწიფომ ბანკებს, მოსახლეობას კი არავინ დახმარებია...”

დაზარალებული მოვალეები ხშირად აკითხავენ საადვოკატო ბიუროებს და ბევრი მათგანი ”კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ხელმძღვანელსაც უნახავს. ზვიად კორძაძის დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ სესხის აღების დროს მომავალი მოვალე წინდახედულებას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს ხელმოსაწერ ხელშეკრულებას:

”ამ დროს ხელშეკრულებებში ისეთი რაღაცები იწერება, რაც, უკვე დავის წარმოშობის შემთხვევაში, ითვალისწინებს ბანკისთვის ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციისთვის გაიოლებული წესით თანხის ამოღებას, ქონების გაყიდვას ან მის გადასვლას საკუთრებაში... კლიენტისთვის იმ წუთას მთავარია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სესხი, ამიტომ იმ ეტაპზე ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ უფლებებს და კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს, რომ იპოთეკის დროს არ გადავიდეს მისი ქონება ეგრევე ბანკის საკუთრებაში და რომ შესაძლებელი იყოს სასამართლოში დავა... არის მთელი რიგი ნიუანსები, რომლებითაც შეიძლება დაცვა.”

როდესაც უკვე დავა წარმოიშობა და კლიენტი ბანკთან დადებული ხელშეკრულების შინაარსს კარგად ჩაუღრმავდება, ადვოკატების დაკვირვებით, ბევრი რამ ხშირ შემთხვევაში უკვე აბსოლუტურად დაგვიანებულია. ამიტომ ისინი ბანკის კლიენტებს თადარიგის დაჭერასა და იურისტების დახმარებით ხელშეკრულებების კარგად შესწავლას ურჩევენ. წინასწარ უნდა გაითვალოს რისკები და კლიენტებმა, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს უნდა მიხედონ, რომ საბოლოოდ უსახლკაროდ, ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. მოვალეთა დაცვის სხვა გარანტიები ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ არსებობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG