Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინთია უიტლსი - დიპლომატი


1 აგვისტო, კვირა
როგორი პატივია, როცა გთხოვენ, რომ მონაწილეობა მიიღო რადიო თავისუფლების ყოველწლიურ პროექტში „თავისუფლების დღიურები“! აღფრთოვანებული ვარ ამ შემოთავაზებით და იმედი მაქვს, რომ ჩემი დღიურები საინტერესო იქნება მკითხველისთვის. ჩემთვის კი ეს უკვე ნამდვილად არის სინტერესო! ამ წინადადებამ მიბიძგა, საქართველოში გატარებულ სამ წელიწადზე დავფიქრებულიყავი. ამ ხნის მანძილზე ხშირად მიგრძვნია თავი, როგორც უცნაურ მგზავრობაში მყოფს, სადაც წინასწარ ვერაფერს გათვლი, სადაც ყოველთვის რაღაც ახალი და მოულოდნელი ხდება, თუნდაც, როგორც ეს დღიური; მუდამ რაღაც ახალი გამოწვევა და სტიმული; ხშირად რაღაც, - როგორ გამოვთქვა? - ცოტა არ იყოს, გიჟური...

ახლაც თვალწინ მიდგას ათასი რამ, რაც ამ სამი წლის განმავლობაში განვიცადე. მაგალითად, როგორ ვიდექი ხმაურიანი ტელეკამერის ქვეშ საზოგადოებრივი ტელევიზიის სტუდიაში იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნების საყურებლად ახალგაზრდული პროგრამა „კედლისთვის“ და როგორ ვხედავდი სტუდიის მონიტორზე ახლად დაბრუნებულ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც რუსთაველზე დემონსტრანტებს შეუერთდა.

...ან როცა არჩევნების საერთაშორისო მეთვალყურე ვიყავი, ისნის საარჩევნო უბანზე (არც მეტი, არც ნაკლები არყის ქარხანაში!) და ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ ხელიხელჩაკიდებული უსინათლო ამომრჩევლები ხმის მისაცემად. როგორ მომაგონა ამ სურათმა კადრები ბერგმანის ფილმიდან „მეშვიდე ბეჭედი“!
სინთია უიტლსი - თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

...ან სოხუმი, წვიმიან და ნისლიან დღეს... მუსიკალურ სკოლაში მივდივართ დენ ტეპფერთან, საქართველოში ჩვენს მიერ მოწვეულ ახალგაზრდა, ნიჭიერ ამერიკელ ჯაზის პიანისტთან ერთად. სკოლის ფანჯრებიდან კი ფორტეპიანოს ხმები გვეგებება.

...ხანმოკლე ვიზიტი ცხინვალში, ინგლისური ენის მასწავლებლების ტრენინგზე მოსალაპარაკებლად, და პატარა, მძინარე ქალაქის ხედები.

...სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის პრესკონფერენცია და შემდეგ ჩემი დისაგან მოსმენილი ამბავი, რომ მან და მისმა ორმა ქალიშვილმა პარიზის სასტუმროს ნომერში, ტელევიზორში მნახეს!

...ქალბატონი ჩეინის ვიზიტი ხელოვნებისა და რეწვის სახელოსნოში, სოლოლაკში, და თექის დამზადება მახლობელ სკოლებში შეფარებულ დევნილ ბავშვებთან ერთად.

...პარლამენტის აივანზე, მასკის პროგრამის მონაწილეთა ჯგუფთან ერთად ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის სიტყვას ვისმენთ. და შემდეგ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, ტელეკამერების უკან მდგომი, თვალს ვადევნებ, როგორ ურთიერთობს იგი ბავშვებთან, მათ შორის უმეტესობა ცხინვალიდან არის დევნილი; მისი ცხოვრების ტრაგიკული მომენტების გაზიარება. შემდეგ ბავშვების ამბების მოსმენა, მათი სატკივრის გაზიარება...

... ჩვენი „ბავშვების ბროდვეის“ პროექტი: საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული პატარების სინჯები; მომღერლების, მოცეკვავეების, მუსიკოსების შერჩევა ამ ფანტასტიკური წარმოდგენისთვის ბროდვეის მიუზიკლების მიხედვით. იმის ცქერა, თუ როგორ გადაიქცევიან ბავშვები ხელოვნების ოსტატებად - და სტეპ-დანსის სწავლა! - სულ რაღაც სამ კვირაში!

...იმის გააზრება, რომ ყოველივე ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი საელჩოში ჩემი არაჩვეულებრივი და ფანტასტიკური კოლეგების გარეშე: ნინო, ორივე ნანა, ორივე ქეთი, სოფო და სოფია, შალვა, გიგი, გეგა, თეა და აკა. რომ აღარაფერი ვთქვა მაიაზე, მაგდაზე, ხატიაზე, ნათიაზე და ლელაზე...

ის თუ გითხარით, რომ ქართველი კატა მყავს? ის პაწაწინაა და ჭუჭყიანი, და საცოდავად გამხდარი. იმდენად პატარაა, რომ ხელის გულზე ეტევა. ის ჩემს ბაღში ცხოვრობს. ვაპირებ, ლომიკო დავარქვა.

ახლა კი უკვე მომდევნო წელიწადზე ვფიქრობ საქართველოში: ნეტავ რას მოიტანს მომავალი?

2 აგვისტო, ორშაბათი
ლომიკოს თვალები ეწირპლება, სველი ცხვირი აქვს და თან ახველებს. დღეს ვეტექიმთან უნდა წავიყვანო. მაგრამ ამ დილით, ჩემს დაძახებაზე, მაინც ყოჩაღად მორბის.

თათბირი თანამშრომლებთან. ვლაპარაკობთ საელჩოს ვებსაიტზე, ჩვენს „ფეისბუკზე“ და ჩვენს „იუტუბზე“. როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ინფორმაცია სრულია? როგორ უზრუნველვყოთ, რომ ვაშინგტონი ინფორმირებული იყოს იმ არაჩვეულებრივი და საინტერესო საქმიანობის თაობაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ? როგორ მოვიზიდოთ მეტი სტუმარი ამ საიტებზე და უკეთ გავარკვიოთ, რა აინტერესებთ? და როდის მოვაწესრიგებთ ჩვენს ქართულენოვან საიტს? ელჩს უნდა, რომ „ფეისბუკზე“ საკუთარი გვერდი გახსნას და ამისათვის დახმარება და სურათები სჭირდება. შეგვიძლია თუ არა, ბოლოს და ბოლოს, დავგეგმოთ ფოტოგრაფების ტრენინგი, რომელზეც ამდენჯერ ვილაპარაკეთ?!

ინტერნეტის ამჟამინდელი 20-პროცენტიანი დაფარვით, საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, წარმატებით განვითარდეს ინტერნეტისა და სოციალური მედიის თვალსაზრისით. შეუძლია თუ არა საელჩოს, წარმართოს მომავლის ეს ტალღა? კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ? ძალიან კარგი განაცხადები გვაქვს ინგლისური ენის შესწავლისათვის. არის თუ არა მსურველთა შორის საქართველო? სტუდენტები, ალბათ კი, განსაკუთრებით - ქალაქებში. მასწავლებლები - ნაკლებად. კიდევ რა არის საჭირო, რომ გავაკეთოთ საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გასაუმჯობესებლად?

წლევანდელი აგვისტო მშვიდი ჩანს (ხეზე დავაკაკუნოთ!) - დრო მოგვეცა, ყველაფერს დავეწიოთ და მომავლის გეგმები დავსახოთ.

3 აგვისტო, სამშაბათი
ლომიკოს თვალები კვლავ სველი აქვს. როგორც ჩანს, ექიმთან ხშირად მომიწევს ტარება, სანამ არ მომჯობინდება. ძალიან კარგი ბუნების კატაა - სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ყოველთვის მორბის და მეგებება. ყველა კბილი ადგილზე აქვს და მადაც - საოცარი! ასე რომ, მგონი, არც ისეთი პატარაა, როგორიც ჩანს. ლომიკო ნამდვილ ქართველს ჰგავს: წარმოუდგენლად ხალისიანია და გასაჭირის ამტანი.

დღეს კინოთეატრების - „რუსთაველისა“ და „ამირანის“ მენეჯერებს ვხვდები. ვაგრძელებთ გასულ კვირაში დაწყებულ შეხვედრებს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელთან და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სამუშაო ჯგუფთან. კონოთეატრები ამ ზაფხულს ფილმების არაჩვეულებრივ სერიას წარმოადგენენ - 101 საუკეთესო ფილმი. მათ შორის ხუთი-ექვსი ამერიკული ფილმია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეკრანზე მათ რუსულად გახმოვანებულებს გაუშვებენ. ჰმმმმმ.... ქართული აუდიტორია, შესაძლოა, ჯერ მზად არ იყოს ამისათვის, მაგრამ ხომ კარგი იქნებოდა, ეს ფილმები ორიგინალური, ინგლისური საუნდტრეკით გასულიყო? ვნახოთ, იქნებ მოვახერხოთ და რაიმე გამოსავალი მოვძებნოთ ამასთან დაკავშირებით...

GIPA-ს საბჭოს შეხვედრაზე ვარ. ახალი რექტორი უნდა შევარჩიოთ. რამდენიმე საუკეთესო ინტერვიუ. რთული იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ბედნიერი ვიყავი გამომეცხადებინა, რომ ჩვენი გრანტი - პარტნიორობის ხელშეკრულება - GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიურ სკოლასა და სამხრეთ კაროლინის ჟურნალისტიკის სკოლას შორის ხელმოწერილია! სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში მართლაც აღფრთოვანებული არიან ამ შესაძლებლობით და გვთხოვენ, ვირტუალური შეხვედრა მოვუწყოთ კავკასიის ჟურნალისტიკის სკოლის თანამშრომლების გასაცნობად. ეს გრანტი სამ წელიწადს გაგრძელდება და შესაძლებლობას მისცემს GIPA-ს სამ პროფესორს, სადოქტორო პროგრამა ამერიკაში გაიარონ. ასევე, ხელს შეუწყობს GIPA-ს კურიკულუმის სრულყოფაში, შესაძლებლობას მისცემს, დაიწყოს ახალი სამაგისტრო პროგრამა და შექმნას სხვადასხვა სახის მედიის ლაბორატორია.

მივიღე GIPA-ს ანგარიში მედიაბაზრის კვლევის თაობაზე - ძალიან საინტერესო შედეგებია! საგანგებო დაფინანსებით ჩვენ მათ შესაძლებლობას ვაძლევთ, გააძლიერონ რადიომაუწყებლობა. GIPA-ს რადიო დაიწყებს ახალი ამბების ყოველდღიურ პროგრამას, ყოველკვირეულ კულტურულ პროგრამას და ტოკ-შოუს. ყველაფერ ამას სტუდენტები გააკეთებენ. რა შესანიშნავი შესაძლებლობაა!

4 აგვისტო, ოთხშაბათი
ლომიკოს ამბავი ძალიან მაწუხებს. მინდა, მალე მომჯობინდეს, რომ შემეძლოს, სახლში შემოვიყვანო და გავაცნო ნაჰარი, ჩემი 10 წლის იემენელი კატა. ლომიკო საშინლად ბევრს ჭამს და პატარა ღიპიც დაედო. მას ხშირი ბალანი არა აქვს და ეს არის ერთმანეთში არეული - შავი, ყავისფერი და ნარინჯისფერი, გრძელი და მოკლე ბეწვის უცნაური წყობა.

შემდეგ - თავაზიანი ვიზიტი რამდენიმე სატელევიზიო არხიდან. გვთხოვენ, ჩვენი ახალი პრესატაშე გავაცნოთ. ეს კარგი შესაძლებლობაა, ნიადაგი მოვსინჯოთ ამ საქმეში ჩართულ ხალხთან.

საინტერესოა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროგრამებმა, მგონი, მართლაც შეცვალა ვითარება და სხვადასხვა ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცილებით მეტი თქვან, არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ მოკლე კომენტარებით.

საღამოს ელჩის რეზიდენციაში მიღებაა. ვხვდებით კონგრესის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მოწვევით არიან ჩამოსულები. საინტერესო და დატვირთული განრიგი ჰქონდათ და უამრავი შეკითხვა საქართველოსთან დაკავშირებით.

5 აგვისტო, ხუთშაბათი
ნაჰარს ლომიკო არ მოეწონა. იჯაგრება და ოთახიდან გარბის, იმის მიუხედავად, რომ ზომით ნაჰარი ლომიკოზე ოთხჯერ დიდია! ლომიკოს კი ძალიან უნდა, იცნობდეს ნაჰარს. ისე, გუშინ ღამით, ორივეს საწოლში ეძინა, თუმცა ნაჰარი, მგონი, ვერც მიხვდა, რომ მარტო არ იყო - ლომიკო ხომ ასეთი პაწაწინაა...

„რუსთავი 2“-ზე, სამსაათიან „კურიერში“, სიუჟეტი მიდის. როგორ შეხვდა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ჩვენი პროგრამა FLEX-ის მონაწილე 11 გორელ სტუდენტს. რა შესანიშნავი ამბავია! სასიამოვნოა, რომ ამ პროგრამამ აღიარება მოიპოვა. ეს არის ერთ-ერთი იმ ოც არაჩვეულებრივ გაცვლით პროგრამას შორის, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს.

ნაშუადღევს გრანტების შესარჩევი სხდომაა. განვიხილავთ განაცხადებს ჩვენი საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტისათვის. იდეა ის არის, რომ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს ვასწავლოთ, როგორ აწარმოონ დასავლური ტიპის კვლევა, ავამაღლოთ მათი შანსები საიმისოდ, რომ დასავლეთის სამეცნიერო გამოცემებში შეძლონ სტატიების გამოქვეყნება; წავახალისოთ აკადემიური კვლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის სფეროში, რათა უნივრსიტეტებმა უფრო დიდი როლი შეასრულონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.

რამდენიმე ძალიან საინტერესო განაცხადი იყო. გაძნელდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

სადილი ქართველი მეგობრების სახლში - არაჩვეულებრივი აზერბაიჯანული კერძები. ვათვალიერებ ოლიკო ჟღენტის ამერიკაში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფოტოებს – „სტაინბეკი და ბალანჩინი“ და „ამერიკის ეროვნული პარკები“. მშვენიერია და ძალიან საინტერესო!

6 აგვისტო, პარასკევი
დღეს ძალიან ბევრი დრო მოვანდომე ნაჰარის მოფერებას და მასთან საუბარს. მინდოდა ეგრძნო, რომ არ დამვიწყებია. ლომიკო კუთხეში იჯდა და გულდაწყვეტილი გვიყურებდა, შემდეგ კი მაინც შემოგვიერთდა. მაგრამ ნაჰარი ისევ აიჯაგრა და გააგდო.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივდივართ. ეს მართლაც შესანიშნავი ადგილია! ვეცდებით, მოვაწყოთ დისკუსია საქართველოში სტუმრად მყოფი კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელთან ერთად, რათა ფონდების დაცვაზე და დიგიტალიზაციის შესაძლებლობებზე ვილაპარაკოთ. ამერიკელი ბიბლიოთეკარი ერთი თვით სიღნაღში იმყოფება, ქართულს სწავლობს და პოლიფონიურ სიმღერებს მღერის. რა შესანიშნავი გზაა შვებულების გასატარებლად! საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გვიჩვენა სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც იგი მადლობას უხდის მას იმისათვის, რომ ლიდერ ქალებთან შეხვედრა ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა.

საელჩოში ვბრუნდები. მიღება გვაქვს. მივესალმეთ ჩვენს ახალ პრესატაშეს და დავემშვიდობეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ქართველ და ამერიკელ სტაჟიორებს.

7 აგვისტო, შაბათი
ლომიკო – საყვარელი და მშიერი, როგორც ყოველთვის. ნაჰარი – ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, რა მოხდა, რამაც ასე ერთიანად დაამსხვრია მისი სამყარო. ჯერ ვერ დამეგობრდნენ...

დღეს ომის დაწყებიდან ორი წელი სრულდება. ჩემი ფიქრები უნებურად ორი წლის წინანდელ ამბებს უტრიალებს. მესტიაში ვიყავი მილუოკიდან ჩამოსულ ოთხ ამერიკელ ბიბლიოთეკართან ერთად. გვახლდნენ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი თანამშრომელი, საელჩოს მძღოლი და სამი ახალგაზრდა ქართველი სტაჟიორი. მესტიაში ამერიკელი გლაციოლოგის, უილიამ ოსგუდ ფილდის ფოტოგამოფენის მოსაწყობად ჩავედით. ფილდი სვანეთს იკვლევდა 1920–30-იან წლებში. სანამ ვცდილობდი გამერკვია, როგორ დამებრუნებინა ჩვენი ამერიკელი სტუმარი შეერთებულ შტატებში და ჩვენი სტაჟიორები - თავიანთ ოჯახებში, გამუდმებით ვუმეორებდი ყველას, რომ საშიში არაფერია, სვანეთში თამარ მეფეც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს-მეთქი.

ბოლოს და ბოლოს, როცა საელჩომ ნება დაგვრთო, ხუთი მანქანის თანხლებით დავიძარით სვანეთიდან ზუგდიდისაკენ, შემდეგ გადავედით ბათუმსა და სარფში. ამერიკელი სტუმარი საზღვარზე გადავიყვანე და შემოვლითი გზებით თბილისისკენ გამოვემგზავრეთ.

დღესაც თვალწინ მიდგას, როგორ შევედით ჩაბნელებულ ბათუმში. სამოქალაქო თავდაცვის წესების თანახმად, ქალაქში შუქი გამორთული იყო. გამოვიხმეთ სასტუმროს თანამშრომელი, რომელსაც მისაღებში ხატები გამოეტანა და ლოცულობდა. მან გვითხრა, ოთახებში სინათლეს ნუ აანთებთ და მხოლოდ ტელევიზორის შუქი გამოიყენეთო. შემდეგ - ულამაზესი ხედები უკანა გზაზე, გზა თბილისისკენ საქართველოს იმ რეგიონების გავლით, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც, ალბათ, აღარასოდეს მექნება...

მთრგუნავდა მძიმე პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემი თანამგზავრების მიმართ და სრულიად სიურრეალისტური ვითარება ჩვენ გარშემო.

რამდენი რამ იყო ომისშემდგომ თვეებში ბინდით მოცული! ჩემი ამერიკელი კოლეგის მეუღლეს ძუძუს კიბო დაუდგინეს და შვილებთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა; ჩვენი სტაჟიანი ქართველი თანამშრომლები საელჩოდან სხვა, მნიშვნელოვან სამსახურებში გადავიდნენ; საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა 12-დან 18-მდე გაიზარდა; და ჩვენ კიდევ ორი მილიონი დოლარი მივიღეთ. ეს ფული ნაწილია იმ ერთმილიარდიანი გრანტისა, რომელიც ინგლისური ენისა და მედიაპროგრამისთვის, ასევე დევნილების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება.

რამდენი ცვლილება იყო ამ მოკლე დროში! და ჩვენი განყოფილება მუდმივად ცდილობდა, ყველაფრისათვის თავი გაერთვა და წინასწორობა შეენარჩუნებინა. მიხარია, რომ ეს შევძელით.

ახლა კი კვლავ მომდევნო წელიწადზე ვფიქრობ საქართველოში: ნეტავ, რას მოიტანს მომავალი?

დარწმუნებული ვარ, ლომიკო და ნაჰარი დამეგობრდებიან...
XS
SM
MD
LG