Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეწინააღმდეგება სოხუმი - საქართველოს თუ რუსეთს?


სერგეი შამბა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
სერგეი შამბა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ მოსკოვიდან მიღებული პროექტის იგნორირებას არაერთგვაროვანი ვარაუდები და განმარტებები მოჰყვა. საუბარია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში არსებული სხვადასხვა სახის ქონების დაკანონების პერსპექტივაზე, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ლიდერებმა ერთგვარი დიპლომატიური ხერხის გამოყენებით შეაჩერეს. რა სახის გათვლა ამოძრავებთ სოხუმში და რა დევს მოსკოვისთვის ნათქვამი უარის უკან?

რუსებისთვის ქონების დაკანონების პერსპექტივის შემცველი პროექტი მოსკოვიდან სოხუმში ისე ჩავიდა და ის დე ფაქტო პრეზიდენტმა, უარყოფითი რეზოლუციის დადებით, გვერდზე ისე გადადო, რომ ამის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იცოდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სერგეი შამბას მიერ 21 აგვისტოს გაკეთებული განმარტება. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ და სოხუმის მიერ იგნორირებულ კონცეფციას არც ოფიციალური ნომერი ახლდა და არც ვინმე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. უნდა ითქვას, რომ ხსენებულ კონცეფციაზე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერთგვარი თავის მართლების მოტივით ალაპარაკდა და შეეცადა დაეჯერებინა ოპონენტები, რომ აფხაზეთის ლიდერები საფრთხის შემცველ ფარულ გარიგებაში არ მონაწილეობდნენ. აქცენტი კეთდებოდა რუსეთის მოქალაქეობის საფარქვეშ მყოფი ქართველების აფხაზეთში შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე.

ამ ხალხის დაბრუნება არ შეგვიძლია, რადგანაც ეს გამოიწვევს ახალ სისხლისღვრასა და ახალ ჰუმანიტარულ კატასტროფებს ...
მომდევნო დღეებში სერგეი შამბას ტონი ერთგვარად შერბილდა და მის კომენტარებში გაჩნდა ახალი გარემოება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს აფხაზებმა ქონების დაკანონებაზე საბოლოო უარი კი არ უთხრეს, არამედ, უბრალოდ, ისინი ამ პროცესისადმი მეტი სიფრთხილით მიდგომას ამჯობინებენ. თუმცა სიფრთხილის ძირითად მიზეზად კვლავაც დარჩა ქართველების ფაქტორი და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუშიც:

”რუსეთის მოქალაქეებს წარმოადგენენ არა მხოლოდ რუსი ეროვნების ადამიანები (ეთნიკური რუსები), არამედ ამჟამად რუსეთის მოქალაქეა საქართველოს ბევრი მოქალაქე... მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობის გამო არიან გასვრილი და რომლებისთვისაც აქ შემოსასვლელი გზა ჩაკეტილია. ამ ხალხის დაბრუნება არ შეგვიძლია, რადგანაც ეს გამოიწვევს ახალ სისხლისღვრასა და ახალ ჰუმანიტარულ კატასტროფებს.”

შამბას მიერ ქართველების ფაქტორის ერთადერთ მიზეზად დასახელებას ერთგვარ დიპლომატიურ სვლად აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ის თვლის, რომ სინამდვილეში აფხაზებს უმცირესობაში აღმოჩენის ძლიერი შიში ამოძრავებთ:

”მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ რუსების დაბრუნებისაც და სომხების დაბრუნებისაც, მაგრამ ისინი ამას არ ახსენებენ... ისინი ამბობენ მარტო ქართველებზე, იმიტომ რომ იციან, ეს კარგად გაიყიდება... ეს მათთვის ძლიერი არგუმენტია და ამის უკან მალავენ უფრო მეტ შიშებს. შესაბამისად, ისინი ებრძვიან რა ქართველებს საჯაროდ, სინამდვილეში ებრძვიან რუსებსაც და სომხებსაც... ”

შამბას მხრიდან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის კეკლუცობა სასაცილოა მხოლოდ, მეტი არაფერი ...
პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რადგანაც ”აფხაზები კრემლის ყურმოჭრილი მონები არ არიან” და თანაც ”მოსკოვს აფხაზეთში ხმაურის გამოწვევა არ აწყობს”, შესაძლოა, კრემლს ქონების დაკანონების საკითხთან მიმართებით უკან დახევაც კი მოუხდეს. თუმცა ამგვარი პერსპექტივა აბსოლუტურად წარმოუდგენელია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ აფხაზებს რუსებთან ვირეშმაკობა არ გაუვათ:

”შამბას მხრიდან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის კეკლუცობა სასაცილოა მხოლოდ, მეტი არაფერი... ხვალ-ზეგ ჩვენ ყველანი გავხდებით მოწმენი იმისა, რომ სოხუმი მშვენივრად მიიღებს კანონს და დაუშვებს, რომ აფხაზეთის ყველა მოქალაქე, რომელიც ომამდე ცხოვრობდა იქ, დაბრუნდეს... ნუ დაავიწყდება იმავე შამბას ”კტო ხაზიაინ ვ დომე”...

თუკი აფხაზეთში მსგავს კანონს მართლაც მიიღებენ, ის, ბუნებრივია, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებსაც შეეხებათ, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, სოხუმის დე ფაქტო ლიდერები ათას მიზეზს მოიგონებენ და აფხაზეთში ქართველების დაბრუნებას მაინც არ დაუშვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი შამბას განცხადებებს აფხაზეთის საბოლოო ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ ”სასოწარკვეთილ მცდელობებს” უწოდებს, აფხაზი ლიდერების მხრიდან გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯები წარმოუდგენელია თბილისისთვის. სწორედ ამაზე ლაპარაკობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიაც.

”მარიონეტულ ხელისუფლებას რუსეთისთვის არანაირი წინააღმდეგობის გაწევის არც საშუალება აქვს და არც სურვილი... თორემ მაშინ ამდაგვარი წინააღმდეგობა უნდა იყოს ბაზების განლაგებასთან დაკავშირებითაც, რადგანაც ამხელა სამხედრო კონტინგენტი მათი გადასახედიდანაც არ არის საჭირო... მაშინ ასეთივე წინააღმდეგობა უნდა იყოს ეკოლოგიური სისტემის განადგურებასთან დაკავშირებითაც, რაც სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ვლინდება...”, - უთხრა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ამგვარი მოსაზრებების მიუხედავად, შამბას მიერ გაკეთებული განცხადებების უკან სოხუმის ერთგვარ ურჩობასა და მოსკოვთან დაპირისპირებას ხედავს ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსი. მაგალითად, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო.

”ჩვენებმა აფხაზეთში - ნაწილობრივ, შუამავლების დახმარებით - შეისყიდეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო: ბინები, სახლები... ზოგიერთმა დეპუტატმა პლაჟებიც კი შეისყიდა, რადგანაც აფხაზეთის აღიარებამდე ეს ყველაფერი კაპიკები ღირდა. აღიარების შემდეგ კი გაირკვა, რომ ყველა შენაძენი იურიდიულად უნდა გაფორმდეს, აფხაზეთში კი მიხვდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში, რესპუბლიკას დამოუკიდებლობის გარდა სხვა აღარაფერი დარჩება... და აფხაზეთს კოლონიად არსებობა არ მოუნდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა და მან, ფაქტობრივად, აღარ იცის, როგორ მოიქცეს: საკმარისია აფხაზეთის საგარეო უწყების შესაბამისი განცხადება და იქვე აქტიურდება თურქეთი, რეაგირებას მოახდენს ევროკავშირი, რომელსაც შეუძლია დაადანაშაულოს მოსკოვი თავისი კორუფციული სქემების გავრცელებაში მის მიერვე შექმნილ დამოუკიდებელ ქვეყანაში”, - ეუბნება მალაშენკო ”ნეზავისიმაია გაზეტას” და იქვე გამოაქვს დასკვნა, რომ ”ამჟამინდელი სკანდალი მხოლოდ დასაწყისია.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG