Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა ოპოზიციას „თვითგამოცხადებული ეროვნული სინდისები“ უწოდა


ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა გასული წლის აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ ოპოზიციის შარშანდელი აქციები ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული იყო, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. პრეზიდენტმა, ავსტრიელი სამართალდამცველების გამოძიების საფუძველზე, სრულიად ნათელი უწოდა ოპოზიციის გასული წლის აქციების დაფინანსების საკითხს და იმ გარემოებას, რომ ეს აქციები რუსულ-ქართული მაფიის მიერ ფინანსდებოდა. გასული წლის აქციების გახსენებისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა არ უნდა მოეშვას და ორიენტაცია პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შეუქცევადობისკენ უნდა აიღოს. სააკაშვილი რუსეთის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არ აღელვებს, რომ რუსეთმა სომხეთთან და უკრაინასთან სამხედრო ბაზების არსებობაზე გრძელვადიანი ხელშეკრულებები გააფორმა. როგორც სააკაშვილმა დღეს, ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აღნიშნული ქვეყნებიდან უფრო ადრე გავა, ვიდრე ეს დადებულ ხელშეკრულებებშია აღნიშნული.
XS
SM
MD
LG