Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ძალადობა ახლავს


ავღანეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელთა წინაღამდეგ მიმართულმა ძალადობამაც ამ დროისთვის ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩრდილოეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი დაიღუპა თალიბების იერიშის შედეგად. თალიბანი დიდი ხანია იმუქრება ძალადობით არჩევნების ჩასაშლელად. ჩრდილოეთშივე მდებარე რამდენიმე სხვა რეგიონიდანაც იუწყებიან იერიშების შესახება. ავღანეთისა და მრავალეროვანი ჯარების ათასობით ჯარისკაცია განთავსებული არჩევნებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 1000-ზე მეტი საარჩევნო უბანი მაინც ვერ გაიღო მწვავე საფრთხის გამო. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქაბულის საარჩევნო უბანში მისვლის შემდეგ ავღანელებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ დღევანდელ არჩევნებში: „როგორც ყველა არჩევნებში, ახლაც ვიმედოვნებთ, რომ მათში მრავალი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, რომ არავის შეაშინებს უსაფრთხოების ინციდენტები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იქნება. და რომ ხალხი მოვა და ხმას მისცემს კანდიდატს - მამაკაცსა თუ ქალს - რომელიც თვითონ აირჩია, ზეწოლის გარეშე, ფულით მოსყიდვის ან სხვაგვარი ზემოქმედების გარეშე და რომ ხალხი, საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებისთვის ხმის მიცემით, ქვეყანას რამდენიმე ნაბიჯით წინ წაწევს, უკეთესი მომავლისაკენ“. არჩევნების თანმხლები ძალადობის გარდა, იუწყებიან საარჩევნო დარღვევების - მათ შორის, გაყალბებული ბიულეტენებით სავსე ყუთების აღმოჩენის შესახებაც. 2500-მდე კანდიდატი იბრძვის პარლამენტის ქვედა პალატის, ანუ ვოლესი ჯირგას 249 მანდატის მოსაპოვებლად.
XS
SM
MD
LG