Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი კავკასიის იდეა გაეროს ტრიბუნიდან


საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე მოიცავდა რამდენიმე უწყებას როგორც ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების, ასევე კავკასიის ხალხების, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ამ უწყებების არსი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ცივილიზებური, მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბებაა. ”მშვიდობა ჩვენი ყველაზე ძვირფასი საერთო მიზანია და, ამასთანავე, ერთადერთი გზაა იმ საერთო მიზნებისკენ, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან.

გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების ძირითადი არსი ”თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის” ხედვის წინ წამოწევა იყო. ამ ხედვის ერთგვარი შემადგენელია მოწოდებები აფხაზებისა და ოსების მიმართ, დაუბრუნდნენ საქართველოს ერთიან სივრცეს და საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდნენ. ”ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, თქვენს კულტურა, თქვენს ისტორიას. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და თქვენთვის”, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებს. მისი მეორე მოწოდება კი რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით გაისმა:

”თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ. თქვენ ჩვენი საერთო რეგიონის მიმდინარე ტრანსფორმაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და სხვა ქვეყნები აღიქვათ არა როგორც ვასალები, არამედ როგორც პარტნიორები. სხვა შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია თქვენს გარეშე მოხდება. ჩვენ ყველას და პირადად მეც მსურს ვიხილო რუსეთი როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი. ამიტომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე პოლიტიკას და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას.”

პარტნიორი რუსეთის ხედვა კი, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს ყოველთვის ხსნილი ექნებათ გზა საქართველოში. ”მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით, არა კალაშნიკოვებით, არამედ აიპოდებით”, - განაცხადა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა და რუსეთს საბჭოთა წარსულისაგან გათავისუფლება, საზოგადოების მოდერნიზაცია და პოლიტიკური სისტემის გახსნა ურჩია. საქართველოს პრეზიდენტის მესამე მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისაკენ იყო მიმართული:

”დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ მშვიდობა საქართველოში და რეგიონში. ქართველებს მწარედ გვახსოვს, როგორ შეიძლება ე.წ. გაყინული კონფლიქტი ძალზე სწრაფად გადაიზარდოს ცხელ დაპირისპირებაში. თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საერთაშორისო ინტერესის საგნად უნდა იქცეს კავკასიის, როგორც სტრატეგიული რეგიონის, მეტი სტაბილურობა, წარმატებულობა, გახსნილობა, თავისუფლება. ამ მიზნების მიღწევის მთავარ საშუალებად საქართველოს პრეზიდენტი კავკასიის გაერთიანებას მიიჩნევს:

”კავკასიის გაერთიანებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება. უნდა დავიწყოთ სულ უფრო მეტი ხალხის გაცვლით. დროა, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავამყაროთ კავშირები, რომლებიც ერთმანეთთან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გარეშე მიგვიყვანს.”

ერთიანობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, ერთიანობა, რომელიც საზღვრების შეცვლას არ ითვალისწინებს - მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახული გაერთიანებული კავკასია, გარედან დახმარებისა და ხელშეწყობის მოლოდინის ნაცვლად, უპირატესობას რეგიონის რესურსებისა და პოტენციალის ათვისებას მიანიჭებს.

მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგებსა და ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ ეკონომიკურ-სამართლებრივ რეფორმებს. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, საზოგადოების - მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების - ძირითადი ინტერესი კავკასიის გაერთიანების იდეისაკენ აღმოჩნდა მიმართული.

”მე მგონი, მომავლის იდეაა. ეს არის იდეა, გათვლილი მომავალზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მალე არ იქნება, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად აქვს ამ პროექტს. ეს არის სამომავლოდ ძალიან კარგი იდეა, რომელზეც აქამდე რომ ეფიქრა ყველას კავკასიაში, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა ახლა”, - გვითხრა ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ.

მამუკა არეშიძე კი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, დასძენს, რომ კავკასიურ ერთიანობას ისტორიული გამოცდილება აქვს და, თან, ამავე ინიციატივით სხვადასხვა დროს ყველა ქართველი ლიდერი გამოსულა:

”ასე იყო გამსახურდიას დროს, შევარდნაძის დროს; სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ პატრიარქმაც დააყენა ასეთი თემა. ამას ჰქვია კავკასიის სახლი, ზოგ შემთხვევაში - მშვიდობიანი კავკასია, მაგრამ რაღაცა ტიპის ერთიანობაზე, ერთიან სივრცესთან დაკავშირებით ლაპარაკი სულ იყო. თავისთავად იდეა, რასაკვირველია, პოზიტიურია. თუ ამას კონცეპტუალური ბაზა აქვს და ეს არის დასავლეთის ინტერესებში, და ასეთი ტიპის ინტერესი დასავლეთის მხრიდან სულ მოდის, მაშინ საინტერესო პოლიტიკური პროცესი შეიძლება შეიქმნას”, - ვარაუდობს მამუკა არეშიძე.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა კავკასიის გაერთიანების შესახებ გარე მოხმარებისთვის გათვლილი იდეა იყო და იგი სერიოზული კვლევისა და განსჯის საგანი არ გახდება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 სექტემბერს, სააკაშვილ-კლინტონის შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული მხარის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული იდეების შესწავლას აპირებს.
XS
SM
MD
LG