Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები - ომსა და მშვიდობაზე


ქართულ-აფხაზური შეხვედრის მონაწილეები დენოლა ჩხარტიშვილი და ამირან მაკარაძე
ქართულ-აფხაზური შეხვედრის მონაწილეები დენოლა ჩხარტიშვილი და ამირან მაკარაძე
კიშინიოვში გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ თბილისში, ემოციები ჯერაც არ განელებიათ. შეუჩერებლად მოგვითხრობენ აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრის დეტალებს და ამბობენ, რომ მიუხედავად დაძაბული მომენტებისა, მათ ჰქონდათ შეგრძნება, რომ მეგობრებს ელაპარაკებოდნენ.

28 წლის სოხუმელმა დენოლა ჩხარტიშვილმა , რომელმაც 9 წლისამ დატოვა მშობლიური ქალაქი, კიშინიოვში წასვლამდე უკვე იცოდა, რას ეტყოდა აფხაზ თანატოლებს ომიდან 18 წლის შემდეგ.

ქართველი და აფხაზები ახალგაზრდების ეს შემადგენლობა კიშინიოვში –ქვეყნის გარეთ, სხვა ქალაქში, მაგრამ ერთმანეთის პირისპირ – პირველად იჯდა:

„მინდოდა მეთქვა, რომ ქართველების მხრიდან ჩვენი ერთად ცხოვრების რესურსი ამოწურული არ არის. მინდოდა ნდობა მომეპოვებინა, წამოსულიყვნენ დიალოგზე და ეთქვათ, რაც რეალურად ხდება სოხუმში... ბოლო სადილზე ადგილი გამინთავისუფლეს, შენ ჩვენთან დაჯექიო, გამიკვირდა კიდეც მათგან ეს ჟესტი... საუბარი რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ყველა ჩემს სამეზობლოში ცხოვრობდა და რომ ვეკითხებოდი, ამ შენობასთან ცხოვრობ, იმ ქუჩის კუთხეში? – ერთმანეთს ეუბნებოდნენ, დენოლამ უკეთ იცის სოხუმი, ხედავო. .. მინდოდა ათასი კითხვა დამესვა, რა გზით მოვიდნენ, სოხუმში როგორი ამინდია... უბრალოდ, მინდოდა ყველას მოვფერებოდი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო“.

ოფიციალურ შეხვედრებზე პოლიტიკურ საკითხებზე კამათს ერიდებოდნენ: ქართველები – ტერიტორიულ მთლიანობაზე, აფხაზები კი – დამოუკიდებლობაზე. დროდადრო საუბარი მაინც იძაბებოდა. აფხაზები ამბობდნენ, რომ ქართველებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურდათ.

„ამაზე ვუპასუხე, რომ მე თქვენი მეზობელი შემიძლია ვიყო სოხუმში, სადაც ვცხოვრობდი, თბილისიდან ძალიან ძნელია-მეთქი მეზობლობა... მათ თქვეს, გვეშინია, ჩვენი კულტურული იდენტობა ევროპულში არ აითქვიფოსო. ჩვენ ვკითხეთ, რას იტყოდნენ მაშინ რუსიფიკაციაზე, რუსულ პასპორტებზე და გვიპასუხეს, რომ არც ამ მხრივ ვგრძნობთ თავს კარგადო. რაც შეეხება საქართველოს კურსს ევროპისკენ, ვაკვირდებით, რამდენად შეინარჩუნებთ თვითმყოფადობას და აქედან გამომდინარე, საქართველო ჩვენთვის მაგალითი იქნებაო. ერთ-ერმა მონაწილემ ისიც თქვა, რომ ქართველებზე უფრო ახლო მონათესავე ერი ბუნებაში არ არსებობს აფხაზებისათვის, იმდენად ბევრი საერთო გვაქვსო“ –

იხსენებს დენოლა ჩხარტიშვილი, რომელმაც ახლა უკვე პირველწყაროდან იცის, რისი დანაკლისი აქვთ აფხაზებს:

„მათ აქვთ გადაადგილების პრობლემა ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, სასწავლებლად ან სამკურნალოდ წასვლა პრაქტიკულად არ შეუძლიათ და ერთმა გულისტკივილით მითხრა, როგორ გაიარა მოსკოვში შესარჩევი კონკურსი, მაგრამ ბრიუსელში ვერ წავიდა, რადგან საელჩოში უთხრეს, რომ თბილისში გაეგზავნა საბუთები... საქართველომ იქნებ მოგვცესო იმის საშუალება, რომ გასვლა შევძლოთ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქართველი ევროპაში იღებს განათლებას და ჩვენც თუ იგივე შანსი მოგვეცემა, ქართველ ახალგაზრდებთან მეტი სალაპარკო გვექნება და შანსიც, რომ მათთან კონტაქტი გვქონდესო“.

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კონტაქტები მხარეებს შორის გაიშვიათდა:

„მაგრამ ამ შეხვედრების აუცილებლობას ყოველთვის ვხედავდი. სახალხო დიპლომატიას სწორედ ის მიზანი აქვს, რომ დაჩქარდეს შერიგების პროცესი. მაგრამ დღეს ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ არ გაწყდეს ურთიერთობები“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ამირან მაკარაძე იხსენებს, რომ მწვავე პოლიტიკური საკითხების გარდა, იყო ისეთი თემებიც, რომელიც ქართველებს და აფხაზებს კი არ აცალკევებდა, პირიქით –

„ორივე საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად ამ მწვავე პოლიტიკური კონფლიქტისა, ჩვენ ვართ ერთი საერთო სივრცის ნაწილი. მე დავინახე, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს მზაობა იმის, რომ, როგორც მინიმუმ, არაპოლიტიკური ურთიერთობები იქონიონ ქართულ საზოგადოებასთან. აფხაზური საზოგადოება დღეს, ჩემი აზრით, თავს კომფორტულად ვერ გრძნობს იმ პირობებში, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია, გაგრძელდეს ურთოერთობები სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულ ჭრილში. უნდა გაჩნდეს აფხაზების მხრიდან პოზიტიური ასოციაციები ქართული საზოგადოების მიმართ“.

ასეთი შეხვედრების მნიშვნელობას რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ხაზს უსვამს ახალგაზრდა აფხაზი პოლიტოლოგი ინარ გიცბაც:

„ჩვენთვის მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, მიუხედავად ზოგიერთი ადამიანის შეხედულებისა, რომ აფხაზეთის აღიარების შემდეგ საქართველოსთან დიალოგის ქონა საერთოდ არ ღირს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, ზოგადად, აღიარება არ არის მიზანი, ეს მხოლოდ იარაღია სახელმწიფოს და მისი საზოგადოების დინამიკური განვითარებისა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მეზობლები ვართ, გეოგრაფიას, ცხადია, ვერ შევცვლით და ურთიერთობების აღდგენა დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგვიწევს. ასეთი შეხვედრები კი ხელს შეუწყობს რეალურად არსებული პოლიტიკური სიტუაციის სწორად აღქმას“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG