Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები გამოსახლების პროცესის ზაფხულამდე გადადებას მოითხოვენ


პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები
პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები
პარლამენტის შენობის წინ დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. 300-მდე დევნილი და რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ითხოვდა დევნილთა საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლების პროცესის შეჩერებას და თბილისში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით მათ უზრუნველყოფას.

პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხეს რთავენ, შენობის სიმაღლის ნაძვის ხის ქვეშ დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ.

”ფაქტობრივად, ქუჩაში ვრჩებით. იქ (ფოცხოეწერში) წამსვლელი არავინ არის და ჩვენი საცხოვრებლებიდან ასე იოლად არ გამოვალთ. უკიდურეს შემთხვევაში იქ დავიხოცებით, ჩვენ მეტი მაინც არაფერი გვაქვს დასაკარგი”, - ამბობს გოდერძი პაკელიანი, კოდორის ხეობიდან დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად ვაზისუბანში, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის შენობაში, ცხოვრობს.

გოდერძი პაკელიანი ამბობს, რომ ორი წლის წინ შენობა გარემონტდა და მაშინდელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იქ მცხოვრებ დევნილებს შეჰპირდა, რომ შენობა მათ საკუთრებაში იქნებოდა. ახლა კი ფოცხოეწერში წასვლას სთავაზობენ.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დევნილების ნაწილი სათქმელს ემოციურად გამოხატავს;

”წლის და 2 თვის ბავშვი მყავს. იმ ცოლ-შვილს გარეთ მიდევნიან, სად წავიყვანო? ამათმა ნაძვის ხეები დაიდგეს და ჩვენ ქუჩაში ვრჩებით, რატომ არა გჯერათ ეს, ხალხო, რატომ არა გჯერათ?”

”ჩვენ ერთმანეთს ამოვუდგებით მხარში, ყველა ობიექტზე მცხოვრები დევნილი, და იმ ობიექტს, რომელსაც მიადგებიან გამოსასახლებლად, გავუკეთებთ კორიდორს და ამ ხალხის ასე სამარცხვინოდ გამოყრას შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ამ ფაქტს ასე იოლად არ შევეგუებით ”, - ამბობს პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი მაია თუხარელი.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ციკოლიას, განცხადებით, დევნილთა მთავარი მოთხოვნა ზაფხულამდე გამოსახლების პროცესის შეჩერებაა:

”ზაფხულამდე შეჩერდეს გამოსახლების პროცესი, მთავრობამ ,კეთილი ინებოს და ზაფხულამდე გამონახოს ალტერნატიული ფართი თბილისში და ზაფხულში სურვილის მიხედვით ჩაასახლონ ეს ხალხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსახლების შემთხვევაში, ერთი ადამიანი იქნება ეს, ერთი ოჯახი თუ მთელი ჩასახლება, მოვიყვანთ აქ, პარლამენტის წინ, და პარლამენტმა და მთავრობამ კეთილი ინებოს და ამ ადამიანებს პასუხი გასცეს”.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ დევნილებმა წერილობითი გაფრთხილებები მიიღეს საცხოვრებელი ფართის 10 დღის ვადაში დაცლის შესახებ. სანაცვლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გამოსახლებულ დევნილებს, სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, პირად საკუთრებაში სთავაზობს ფართებს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში - ზუმში, ლესიჭინეში, ფოცხოეწერში, ზუგდიდის რაიონის სოფლებში - ჭკადუაში და ნარაზენში, ხობის რაიონის სოფელ ნოჯისხევსა და აბაშის რაიონის სოფელ აბაშისპირში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დღეს, აქციის პარალელურად, განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

”დევნილთა დიდი ნაწილი, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქციებს მართავენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული არიან. უფრო მეტიც, რამდენიმე ბინა გააჩნიათ და მიუხედავად ამისა, საცხოვრებელ ფართებს კიდევ ითხოვენ. მათ შორის არადევნილებიც არიან. სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული ოჯახები რამდენჯერმე ვერ დაკმაყოფილდებიან. სამინისტრო უნდა იყოს სამართლიანი და ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ზოგ დევნილს არაფერი ჰქონდეს, ზოგს კი რამდენიმე ბინა”.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლის ირაკლი ციკოლიას განცხადებით, დევნილთა მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნეს და შესაბამის რეაგირებას ელიან. მანამდე კი დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია მომავალი კვირის სამშაბათისთვის დაგეგმეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG