Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი დაპირება სერტიფიცირებულ პედაგოგებს


განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის შეხვედრა პედაგოგებთან
განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის შეხვედრა პედაგოგებთან
იმ პედაგოგებს, რომლებმაც გასულ ზაფხულს სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, განათლების სამინისტრო სიახლეს სთავაზობს: 2011 წელს ყველა ის სერტიფიცირებული პედაგოგი, რომელიც ინგლისური ენისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნას კვლავ გამოცდების საშუალებით დაადასტურებს, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. დამატებითი ანაზღაურება კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მტკიცებით, 200 ლარს შეადგენს. 200-ლარიანი დანამატის დაპირება სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა გასულ ზაფხულსაც მიიღეს.

მცირე – რა თქმა უნდა, უახლესი – ისტორიული მიმოხილვით გავაგრძელებ თემას და, პირველ რიგში, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა და პედაგოგებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დანაპირებს გავიხსენებ. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა, სასერტიფიკაციო გამოცდა კი წარმატებით მხოლოდ პედაგოგთა 10-მა პროცენტმა ჩააბარა. როგორც მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებდა, სერტიფიცირებულ პედაგოგებს არა მხოლოდ ხელფასი მოემატებოდათ, არამედ მენტორ-მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობაც მიეცემოდათ, რაც ხელფასზე 160-ლარიან დანამატს გულისხმობდა. თუმცა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად გაზრდილი ხელფასის სრულიად განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს რადიო თავისუფლებას 21-ე საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი, ამჟამად მენტორ-პედაგოგად წოდებული ნინო ქევხიშვილი, რომელმაც სასერტიფიკაციო გამოცდებში საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენა, და იმ მიზეზებსაც ასახელებს, რის გამოც არ აპირებს ინტეგრირებული ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტის ჩაბარებას:

”გვაქვს 75-ლარიანი დანამატი, რომელიც იბეგრება და, საბოლოო ჯამში, 60 ლარი გამოდის. საუბარი კი 200-ლარიანი დანამატით დაიწყო და, ბოლოს, 75 ლარზე ჩამოვიდა. მათხოვრულად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ასეთია. თან ამ დანამატის გაცემა დაიწყეს არა სექტემბრიდან, როდესაც სასწავლო წელი დაიწყო, არამედ ნოემბრიდან. სხვანაირად შემოგვიბრუნდა რეალობა. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ პედაგოგს, ვინც ახალი გამოცდების ჩაბარებას გადაწყვეტს, მაგრამ ცოტა მიკვირს მათი, რომ ჯერ კიდევ შემორჩათ ამდენი ენერგია და ენთუზიაზმი. უმეტესობა მასწავლებლებისა საკმაოდ იმედგაცრუებულია. ყოველ შემთხვევაში, დაპირებების აღარ გვჯერა”, - ამბობს ნინო ქევხიშვილი.

ახალი დაპირების თაობაზე კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს:

”სერტიფიცირებულ მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, რომ ნებაყოფლობით ჩააბაროს, ასე ვთქვათ, ბონუს-სერტიფიცირება ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. მას ამისათვის სჭირდება მხოლოდ ბაზისური ცოდნა. სახელფასო დანამატი კი, პოზიტიურად ჩაბარების შემთხვევაში, 200 ლარი იქნება”.

ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდას პედაგოგებისთვის სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ეს არის ე.წ. დამატებითი სერვისი იმ პედაგოგებისათვის, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით დაძლიეს და ახლა საკუთარი ცოდნის გამოვლენის კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევათ, ამბობს ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი:

”მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად შეუძლია პედაგოგს ახალი ინფორმაციის მიღება, გააზრება, აღქმა და გამოყენება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს გამოცდა – შეუძლია თუ არა პედაგოგს ინტერნეტში მუშაობა, მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება, ელემენტარული პრეზენტაციის მომზადება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველა პედაგოგისათვის”.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ მოცემული ტესტების შესრულება კანდიდატისაგან მოითხოვს როგორც შინაარსობრივი, ისე გარკვეული ტექნიკური დავალებების შესრულებას.

გამოცდა 2011 წლის აპრილში ჩატარდება, რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 20 მარტამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.

ამ ეტაპისათვის, სრული ინფორმაცია და ტესტების მაგალითები პედაგოგებს შეუძლიათ იხილონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. დავალებები ისეა აგებული, რომ მოწმდება ერთდროულად როგორც ინგლისურის, ასევე კომპიუტერის ცოდნა. აქვე ერთი მაგალითიც:

”წაიკითხეთ ტექსტი ისააკ ნიუტონის შესახებ და გამოტოვებული ადგილები შეავსეთ სათანადო ინფორმაციით (ინგლისურ ენაზე). ინფორმაცია მოიძიეთ ინტერნეტში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრონული ლექსიკონები და spell-check. პასუხები დაწერეთ შრიფტით Times New Roman. გამოიყენეთ 11 ზომის ფონტი და ფუნქცია bold”.

იმ პედაგოგებს, რომლებიც გამოცდებს წარმატებით დაძლევენ, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დანაპირებ 200-ლარიან დანამატს სოლიდური დაქვითვით მიიღებენ, შეუძლიათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე დაწერონ განცხადება, დანაპირების შესრულების მოთხოვნით; ოღონდ განცხადება დაწერილი უნდა იყოს აუცილებლად აკადნუსხურით და ხელმოწერილი – აუცილებლად ბოლდითა და იტალიკით.
XS
SM
MD
LG