Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკების მომხმარებლებს კანონი შეღავათებს დაუწესებს


”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის. პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას ავტორობით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მთლიანად გათავისუფლება.
ამ ცვლილებებით, ჩვენ კანონში ვწერთ, რომ პირს საპროცესო გარიგების ფარგლებში შეუმცირდება ჩამორთმეული უფლებების ვადა ან სულაც შეიძლება საერთოდ გათავისუფლდეს ამ შეზღუდვებისგან...

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, რომელსაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, 3 წლით აქვს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საექიმო, საადვოკატო საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება. ასევე იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირებს კი ეს უფლებები 5 წლით აქვთ ჩამორთმეული. ზოგიერთ შემთხვევაში, ვადების ხანგრძლივობა 10 და 15 წელიცაა. ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, ვადები მნიშვნელოვნად მცირდება.

”დღემდე გამორიცხული იყო საკითხებისადმი ინდივიდუალური მიდგომა და, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მისი უფლებების ჩამორთმევის საკითხში რაღაც შეღავათის დაწესება. ახალი კანონი კი იძლევა ამის საშუალებას. ამ ცვლილებებით, ჩვენ კანონში ვწერთ, რომ პირს საპროცესო გარიგების ფარგლებში შეუმცირდება ჩამორთმეული უფლებების ვადა ან სულაც შეიძლება საერთოდ გათავისუფლდეს ამ შეზღუდვებისგან”, - განმარტავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ანჯაფარიძე. ახალი კანონით, შესაძლებელი გახდება კონკრეტული საქმეების ინდივიდუალურად გადაწყვეტა ამ საქმეების სპეციფიკიდან გამომდინარე:

”თუ დავაკვირდებით ამ შეზღუდვების ხასიათს, ვნახავთ, რომ საკმაოდ მძლავრი შეზღუდვებია. მაგალითად, მართვის უფლების ჩამორთმევა... შესაძლებელია ზოგისთვის ეს თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყოს. ამიტომაც არის საჭირო ინდივიდუალიზაცია. ეს კანონი უნდა იდგეს საზოგადოების სამსახურში, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ცალკეული პირის საქმის სპეციფიკის გათვალისწინება”.

იურისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კანონში გაზრდის საპროცესო შეთანხმებების რიცხვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი მიხეილ ღონღაძე ორ ძირითად არგუმენტზე ლაპარაკობს:
ჩემი აზრით, ხელისუფლებას სურს მას ჰქონდეს ყველაფრის გადაწყვეტის უფლება, ყოველგვარი განხილვის, გასაჩივრებისა და სასამართლოს გარეშე...

”შედეგს, ალბათ, პრაქტიკა აჩვენებს, მაგრამ ორი არგუმენტი არსებობს: ერთი - დადებითი: ვისაც სურს გამოსწორება, მას უნდა მივცეთ შანსი ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს ცხოვრება, ჰქონდეს მართვის უფლება თუ საექიმო თუ სხვა საქმიანობა; მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგაც მოიხმარს ნარკოტიკს და მას მივცემთ მართვის უფლებას, შესაძლოა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა ავარია მოახდინოს, მაშინ ეს ცვლილება სასიკეთო ვერ იქნება”.

უფრო რადიკალურად აფასებს მოსალოდნელ ცვლილებებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ახალი კანონი ხელისუფლებას დისკრეციულ უფლებებს ანიჭებს და კიდევ უფრო უზრდის ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას:

”ჩემი აზრით, ხელისუფლებას სურს მას ჰქონდეს ყველაფრის გადაწყვეტის უფლება, ყოველგვარი განხილვის, გასაჩივრებისა და სასამართლოს გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოც მათია დღეს. დისკრეციული უფლება ჰქონდეთ ყველაფრის და ეს კანონში უკვე დევს. მაგალითად, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ პროკურორს არათუ თავად შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს დადოს თუ არა საპროცესო შეთანხმება, არამედ დაიწყოს თუ არა საერთოდ სისხლის სამართლებრივი დევნა პიროვნებაზე და ეს მოსალოდნელი ცვლილებაც ამ კონტექსტში ჯდება - მათ ჰქონდეთ უფლება კონკრეტულ პირებს გაუკეთონ შეღავათები, კონკრეტულს კი ბრალი დაუმძიმონ”.
არ გამოვრიცხავ, რომ წაუყენონ ასეთი პირობა ვინმეს: შენ თუ გინდა ტაქსისტად იმუშაო, მაშინ ჩვენთან უნდა ითანამშრომლო და საეჭვო საუბრის მოსმენის შემთხვევაში გვაცნობო...

გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი იარაღი კონკრეტულ ადამიანებზე ზემოქმედებისათვის, კერძოდ:

”მაგალითად, არ გამოვრიცხავ, რომ წაუყენონ ასეთი პირობა ვინმეს: შენ თუ გინდა ტაქსისტად იმუშაო, მაშინ ჩვენთან უნდა ითანამშრომლო და საეჭვო საუბრის მოსმენის შემთხვევაში გვაცნობო.. ან რამე მსგავსი. და კანონი მათ პირდაპირ მისცემს ამის უფლებას”.

მიმდინარე კვირაში ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ.
მომავალ კვირას კი პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენა შედგება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG