Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილორის ეკლესიის და სტრასბურგის სასამართლოს კვირა


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიმოხილვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენებით დავიწყოთ. ამ კვირაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორი შეხვედრა გაიმართა: 31 იანვარს - გალში, ხოლო 4 თებერვალს - ერგნეთში.

ოკუპირებულ გალში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობს, თბილისში გასული წლის შემოდგომაზე მომხდარი აფეთქებების განხორციელებაში ეჭვმიტანილების დაკავების საკითხი დააყენა. გავრცელებული ცნობით, მერაბ ყოლბაია და მუხრან ცხადაია ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებენ თავს. ქართული მხარე ასევე მოითხოვს ამავე ტერაქტების ორგანიზატორად მიჩნეული რუსი ოფიცრის ევგენი ბორისოვის დაკითხვას, თუმცა, უტიაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო:

”გამოგვიცხადეს, რომ ბორისოვმა აფხაზეთი უკვე დატოვა, თუმცა როდის დატოვა, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ... ”

გალის შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხთა შორის შოთა უტიაშვილი ასევე ხაზგასმით ასახელებს ილორის ქართული ეკლესიის საკითხს. გავიხსენოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მე-11 საუკუნის ქართული ეკლესიის რესტავრაციის პროცესმა თბილისის დიდი აღშფოთება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ, რესტავრაციის შედეგად, მთლიანად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა - გადაღებვის გზით წაშალეს ქართული წარწერები, ხოლო ეკლესიას დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი გუმბათი. ქართული მხარის ინფორმაციით, 31 იანვარს გალში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა ეკლესიის ერთობლივად მონახულების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გაირკვა, იმავე დღეს ილორის ეკლესია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა მოინახულა.

ამ ფაქტის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას ”ეხო კავკაზას” იმავე დღეს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ, რომელიც ილორის ეკლესიის დასათვალიერებლად თავად ახლდა თან გერმანელ დიპლომატს.

ილორის ეკლესია
ირკვევა, რომ ჰანს იორგ ჰაბერი სოხუმს 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე სტუმრობდა და ამ გაუხმაურებელი სტუმრობის შესახებ არსებული ინფორმაცია ”ეხო კავკაზას” 3 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაუდასტურა. იქვე მაქსიმ ღვინჯიამ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰაბერს სოხუმი მასპინძლობდა როგორც ტურისტს და არა როგორც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელს. მართალია, ხსენებული მისიის თბილისის ოფისში ამ ფაქტს ადასტურებდნენ, მაგრამ დეტალები არ კონკრეტდებოდა. 4 თებერვალს კი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კომენტარი თავად ჰანს იორგ ჰაბერმა გააკეთა. მან თქვა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ის მართლაც არაოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული და რომ საკუთარი თვალით ნახა ილორის ეკლესიაც.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ამ საქმის სპეციალისტი არ არის, მაგრამ, გარეგნული დათვალიერების შედეგად, მან ეკლესიის გარუსულების ტენდენცია ვერ შენიშნა. ირკვევა, რომ ჰანს იორგ ჰაბერს არც ეკლესიის წინამძღვრის განზრახვებში შეჰპარვია ეჭვი:

”ეკლესიის წინამძღვარს უნდა, რომ ეკლესია მორწმუნეებს შეუნარჩუნოს და ცდილობს ეკლესია გადაარჩინოს დანესტიანებას. სწორედ ამ პროცესში აღიმართა გუმბათი და ეს შესაძლოა იმსახურებდეს კიდეც კრიტიკას... მაგრამ, ვფიქრობ, უმთავრესია, რომ ისევ იქ არის ქართველთა საფლავების ქვები - არც სადმე წაუღიათ და არც გაუნადგურებიათ. ეკლესიაშია ქართულწარწერიანი ხატები. ეკლესიის უძველეს ნაწილში არსებული ფრესკები კი 1957 წელს არის აღდგენილი, როცა შესაძლებელი არ იყო რესტავრაციის უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება. ვფიქრობ, ძეგლის გადასარჩენად ადამიანები აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც იმხანად შეეძლოთ... თუკი ამ ეკლესიას ახლა ხელოვნებათმცოდნეს ანახვებთ, შესაძლოა მან სხვა დასკვნები გამოიტანოს... მაგრამ მე ვხედავ მისი (ეკლესიის) შენარჩუნების გულწრფელ მცდელობას და აშკარაა, რომ ის არ არის გარუსულებული.”

ეს კომენტარი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 4 თებერვალს ერგნეთში გააკეთა, სადაც ის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაში მონაწილეობდა. მართალია, კონკრეტული შედეგებით ვერც ეს შეხვედრა დასრულდა, მაგრამ მისი მსვლელობისას ქართული მხარე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. ასე მაგალითად, ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამარტივება და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა შესთავაზა. ქართული მხარე მზადაა სამედიცინო დახმარება დაუბრკოლებლად აღმოუჩინოს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ასეთ დახმარებას საჭიროებს. ქართული დელაგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გაიხსენა 2 თვის ბავშვის დაღუპვის ფაქტი, მომხდარი იმის შედეგად, რომ ქართულ მხარეს მისი თბილისში გადმოყვანის პროცესში არაერთი დაბრკოლება შეხვდა.

ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთში საუბარი შეეხო ასევე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხს. ამ თემასთან დაკავშირებული კვლავაც სადავო არაერთი ასპექტის მიუხედავად, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ქართული და ოსური მხარეები 6–6 დაკავებულის გათავისუფლებას გეგმავენ.

საქართველოს დელეგაციის მიერ ერგნეთის შეხვედრაზე წამოჭრილი კიდევ ერთი მთავარი საკითხის ადრესატს რუსული მხარე წარმოადგენდა. საუბარია დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების Точка-У-ებისა და სმერჩების განთავსების პრობლემაზე, რომელმაც თბილისის აღშფოთება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოიწვია. თუმცა დასმული შეკითხვები რუსულმა მხარემ პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა.

სამაგიეროდ, რუსეთს საქართველოსთან მიმართებით არაერთ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა ამ კვირაში სტრასბურგის სასამართლოს სარბიელზე.

ორშაბათს, 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეუდგა 5-დღიან მოსმენას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2006-2007 წლებში საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის პროცესს უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ რუსეთიდან დაახლოებით 5 ათასი ქართველის გამოძევების გაუსაძლის და დამამცირებელ პროცესს საქართველოს 3 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოსა და რუსეთის მიერ წარდგენილი მოწმეების დაკითხვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რაც 1959 წელს დაარსებული ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათ და განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქმეს იხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა, რომლის გადაწყვეტილებებიც აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის ვალდებულებათა დარღვევაში - ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნაში - ადანაშაულებს. სარჩელი ძირითადად შეეხება მუხლს, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან უცხოელების კოლექტიურ გამოძევებას უკავშირდება. დაზარალებულების გარდა, საქართველოს სახელით სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. სტრასბურგში 31 იანვარს დაწყებულ მოსმენაზე ქართული მხარის დელეგაციას ტრადიციულად იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანი ხელმძღვანელობდა:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
”(ადამიანის უფლებათა ევროპული) კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა და ქართული მხარე, ბუნებრივია, მოითხოვს, რომ სწორედ ამ დარღვევის დადგენა მოხდეს სასამართლოს მხრიდან, პირველ რიგში... და, რა თქმა უნდა, სასამართლომ მიანიჭოს კომპენსაცია ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რუსული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.”

რადგანაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოთშორის სარჩელზე ვლაპარაკობთ და რუსეთს არა საქართველოს კონკრეტული მოქალაქეები, არამედ უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო უჩივის, საქმის მოგების შემთხვევაში, საკომპენსაციო თანხას საქართველოს სახელმწიფო მიიღებს, ამის შემდეგ კი ეს თანხა დაზარალებულ მოქალაქეებს სწორედ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გაუნაწილოს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია როგორც რუსეთისთვის მოსათხოვი თანხის ოდენობა, ასევე პრინციპი, რომლის მიხედვითაც უნდა განაწილდეს კომპენსაცია.

სარჩელი ქართულმა მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა, ხოლო პირველი საჯარო მოსმენა 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა. ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე კვირაში გამართული მოსმენა საქმის განხილვის პროცედურაში დასკვნით ეტაპს წარმოადგენს, რის შემდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილების პროექტზე უნდა დაიწყოს მუშაობა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა ერთი წელიწადი დასჭირდეს.

ამ კვირაში ასევე დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა თავდაცვის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც 2-3 თებერვალს ბათუმი მასპინძლობდა. როგორც კონფერენციის მონაწილემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, განსახილველი საკითხები ძირითადად უკავშირდებოდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და ნატოსთან შემდგომი ურთიერთობების ასპექტებს.

”საქართველოს თავდაცვის კონფერენციაში” მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პირველად ეწვია ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტი იურგენ ბორნემანი:

”აქ წარმოდგენილია შედეგები თავდაცვის მიმდინარე მიმოხილვისა, რომელსაც საქართველო ატარებს, როგორც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა. ჩვენ უნდა გარდავქმნათ ჩვენი სტრუქტურები, გარდავქმნათ ჩვენი ძალები, რათა შევძლოთ 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესრულება. და ამ პროცესში საქართველო ჩვენი პარტნიორია. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვღებულობ ამ კონფერენციაში, სადაც გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ 2010 წელი იყო ძალიან ნაყოფიერი წელი ამ ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენ იმედი გვაქვს ამ ინსტრუმენტებისა. 2011 წლის განმავლობაში ჩვენ განვავითარებთ ამ თანამშრომლობას პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ”

ბათუმში ჩასვლამდე ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი 1 თებერვალს შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან თბილისში და მან ასევე მოინახულა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი. გენერალ-ლეიტენანტის იურგენ ბორნემანის თქმით, ის საქართველოს ”საინტერესო დროს” ეწვია, რადგანაც ”საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG