Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“ მსოფლიოსა და საქართველოზე


„ამნესტი ინტერნეშნლის“ 2011 წლის ანგარიში მსოფლიოს 157 ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას ასახავს. საანგარიშო პერიოდი 2010 წელია და სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა საყურადღებო აქცენტით ინდივიდუალურად არის შეფასებული. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ქვეყნებს არ ენიჭებათ ქულები და არ დგება ერთგვარი რეიტინგული ნუსხა, თუმცა ანგარიშში მაინც არის გამოყოფილი ქვეყნები, სადაც ვითარება გაუარესდა ან გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

მორიგი ყოველწლიური ანგარიში ”ამნესტი ინტერნეშნლის” იუბილეს დაემთხვა. უკვე 50 წელიწადია, რაც ავტორიტეტიანი ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ადევნებს თვალყურს და ყურადღებით აღრიცხავს ადამიანის უფლებების სხვადასხვა კუთხით ხელყოფის ფაქტებს - იქნება ეს წამება თუ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებით სავსეა 2011 წლის ანგარიშიც. „ამნესტი ინტერნეშნლი“ იტყობინება, რომ 157 ქვეყნიდან აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებული შეზღუდვებია დაწესებული სულ ცოტა 89 ქვეყანაში; სინდისის პატიმრები ჰყავს სულ ცოტა 48 ქვეყანას; წამებისა და ცუდი მოპყრობის ფაქტები აღინიშნება სულ ცოტა 98 ქვეყანაში; ხოლო უსამართლო მართლმსაჯულების სისტემით სულ ცოტა 54 ქვეყანა გამოირჩევა.

მართალია, ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული წინსვლა შეინიშნება, მაგრამ მთავარი შეშფოთება კვლავაც უკავშირდება დევნილებს. განსაკუთრებით საუბარია მათი გამოსახლების პროცესზე...
2010 წელს ათასობით ადამიანის უფლებათა დამცველი აწამეს, დააპატიმრეს თუ მოკლეს, მათ შორის: ავღანეთში, ანგოლაში, ჩინეთში, მიანმარში, თერქეთში, აზერბაიჯანსა თუ რუსეთში. ვითარების გაუარესების კუთხით ანგარიშში ნახსენებია რუსეთის ჩრდილო კავკასიაც, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ხშირად ხდებოდნენ შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სახელისუფლებო ძალების სამიზნე. რუსეთის გარდა, 2010 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარების გაუარესება შეინიშნებოდა, მაგალითად, უკრაინაში, ბელორუსიასა და ყირგიზეთში.

რაც შეეხება პროგრესს, „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ მზარდი სწრაფვა შეინიშნება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამ პროცესში გამოიკვეთა სოციალური მედიის უპრეცედენტო როლი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეცვლის თვალსაზრისით, თუმცა „ამნესტი ინტერნეიშენალი“ თვლის, რომ ეს ისტორიული ცვლილებები ”დანის პირზე” დგას.

საქართველოს შემთხვევაში „ამნესტი ინტერნეშნლი“ ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით განიხილავს. ესენია: სამხედრო კონფლიქტის შედეგები, დევნილები, პოლიცია და უსაფრთხოების ძალები და ძალადობა ქალებზე. თუმცა მანამდე ცალკე ნაწილშია გამოყოფილი ზოგადი ფონი და ნათქვამია, რომ საერთაშორისო მეთვალყურეების მიერ დადებითად შეფასებულ მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ახლდა ცნობები ოპოზიციის ცალკეული კანდიდატების დევნის შესახებ. აქვე ნათქვამია, რომ კვლავაც დაძაბული იყო სიტუაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და მათ გარშემო; მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავაც განიცდიან დევნას გალის რაიონში, სადაც 2010 წლის ივნისში გამოვლინდა სროლის, მკვლელობისა და შენობების დაწვის ფაქტები და რომ ძირითადად ჩიხშია შესული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.

ანგარიშის მიხედვით, არ შეინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში გამოვლენილი ფაქტების გამოძიების თვალსაზრისით და სათანადო ყურადღება არ ექცევა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების საქმეებს, რომლებიც ასახული იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ცალკეა გამოყოფილი დევნილების თემა. „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელი, საქართველოსა და აზერბაიჯანის საკითხების მკვლევარი ნატალია ნოზაძე რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ლონდონიდან განმარტავს, რომ დევნილთა მდგომარეობის თვალსაზრისით შეინიშნება გარკვეული პროგრესი, ძირითადად საკუთრების უფლების დაკანონების კუთხით, თუმცა კვლავაც რჩება შეშფოთების მიზეზი:

”მართალია, ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული წინსვლა შეინიშნება, მაგრამ მთავარი შეშფოთება კვლავაც უკავშირდება დევნილებს. განსაკუთრებით საუბარია მათი გამოსახლების პროცესზე, რაც, „ამნესტი ინტერნეშნლის“ რწმენით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა. ასევე შეშფოთებული ვრჩებით ხელისუფლების პასიურობით, რომ გამოიძიოს და სასამართლოს გადასცეს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები...”

არასათანადოდ გამოძიებული ფაქტები, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს ნატალია ნოზაძე, ანგარიშის მიხედვით, ძირითადად 2009 წლის აპრილიდან ივლისამდე განვითარებულ მოვლენებს შეეხება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 6 მაისისა და 15 ივნისის ფაქტებზე. ანგარიშში ასევე საუბარია იმ შეშფოთებაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიციისთვის ‘შეჩერებისა და შემოწმების” უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ.

რაც შეეხება ანგარიშის ბოლო თავს, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით აღინიშნება მხოლოდ წინსვლა და ხაზგასმულია, მაგალითად, 2010 წლის მარტში პარლამენტის მიერ ”გენდერული თანასწორობის” კანონის მიღება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მთლიანობაში დადებითად აფასებს „ამნესტი ინტერნეშნლის“ 2011 წლის ანგარიშს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთან მიმართებით მასში გამოკვეთილ აქცენტებს. თუმცა გიგაურის ორგანიზაცია ერთი პრობლემური მიმართულების განვრცობას მაინც ისურვებდა:

წელს ჩვენს ანგარიშში არ არის თავი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აღარ აქვს პრობლემები ამ სფეროში...
”უფრო მეტს ვისურვებდით, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული... თუმცა, როდესაც საუბარია პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებაზე, ეს რაღაც სახით მაინც არის კავშირში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრობლემასთან. ის, რომ დღეს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს და ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას პირველ რიგში ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს მთავრობის მხრიდან.”

რის მიხედვით შეირჩა საქართველოსთან დაკავშირებული კონკრეტული აქცენტები „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ ორგანიზაციის წარმომადგენელს ნატალია ნოზაძეს მიმართა და აი, ასეთი პასუხი მიიღო:

”წლიური ანგარიში წარმოადგენს იმ საკითხების ძალიან მოკლე შეჯამებას, რომლებსაც ჩვენ ახლოს ვადევნებდით თვალყურს და რომლებსაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ის, რომ წელს ჩვენს ანგარიშში არ არის თავი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აღარ აქვს პრობლემები ამ სფეროში ან იმას, რომ სიტუაცია ან გაუარესდა, ან გაუმჯობესდა. ეს მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ ანგარიშში შეზღუდულია ამა თუ იმ ქვეყნისთვის დათმობილი ადგილი. ამისთვის პრაქტიკულად თითო ფურცელი გამოიყოფა და ამიტომ მთავარი მოვლენების შერჩევა გვიწევს...”

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებს „ამნესტი ინტერნეშნლის“ ახალი ანგარიშის მიმართ, რადიო თავისუფლებამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG