Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზებზე საუბრობს


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთწლიანი კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ დევნილთა პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას შეეხება. კვლევის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციები. კვლევა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან ერთად განახორციელა.

დილის ექვსის 20 წუთზე მოხდა დევნილების მასიური განდევნა, მათთან ერთად ჩემი და ჩემი ოჯახისაც...
კვლევა, რომლის განხორციელებაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გასული წლის ივლისში დაიწყო, დასრულებულია. შედეგების, უფრო ზუსტად კი, იმ ხარვეზების ანალიზი, რომელიც, საიასა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს განცხადებით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას ახლავს, წიგნად აიკინძა, სადაც, გარდა კონკრეტული ხარვეზებისა, კვლევის ავტორებმა ხელისუფლებისათვის რეკომენდაციებიც გაწერეს. მათი განცხადებით, სწორედ რეკომენდაციების შემუშავება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც კვლევის ავტორებმა თავიდანვე დაისახეს მიზნად.

ნანა კვაშილავა აფხაზეთიდან დევნილია. ის ახლა ფოცხო-ეწერში ცხოვრობს და რადიო თავისუფლებასთან საუბარში 2010 წლის 10 აგვისტოს იხსენებს, როდესაც ის და მისი მეზობლები თბილისიდან ფოცხო-ეწერში, როგორც თვითონ ამბობს, იძულების წესით გადაასახლეს. ათი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი დავწერე, იქნებ მოახერხოს და მე და ჩემი ოჯახი ფოცხო-ეწერიდან სხვაგან გადაგვიყვანოსო, ამბობს ნანა კვაშილავა.

”დილის ექვსის 20 წუთზე მოხდა დევნილების მასიური განდევნა, მათთან ერთად ჩემი და ჩემი ოჯახისაც. მოიყვანეს სატვირთო მანქანა, ე.წ. ”გრუზავოი”, და რაც კი ნივთები მქონდა, ისიც კი გამინადგურეს. ფოცხოში მოვედით შიშველ-ტიტველი, მშივრები და მწყურვალები. მე თვითონ ასთმიანი ვარ, ფოცხოს სინესტე ჩემთვის აკრძალულია. რომ ჩამოვედით, 27 დღის განმავლობაში მე და ინვალიდი დედა ვიწექით ლამინირებულ იატაკზე”, - ამბობს ნანა კვაშილავა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებულ კვლევაში, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზსს გულისხმობს, ცენტრალური ადგილი სწორედ გამოსახლება-განსახლების საკითხს ეთმობა. კვლევაში წალენჯიხის რაიონში მდებარე სოფელ ფოცხო-ეწერს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, იქ არ არსებობს დასაქმების შესაძლებლობა, არ არის ხელმისაწვდომი მიწის ნაკვეთები, პრობლემებია სამედიცინო მომსახურებისა და განათლების კუთხითაც. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც კვლევის ავტორები ხელისუფლების წარმომადგენლებს აძლევენ, არის დევნილთათვის საცხოვრებლის შეთავაზება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც სრულ თანხვედრაში იქნება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებასთან, რომლის მიზანიც არის დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ძირითადად აქცენტი გავაკეთეთ დევნილის სტატუსის მინიჭების პრობლემაზე. შემდგომაა კომპენსაციის გაცემის პრობლემა...
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკისა და იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელთა არსებობაც ხელს უშლის დევნილების ინტეგრაციის პროცესს და ზღუდავს მათ უფლებებს. ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი და კვლევის ავტორი, იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა მიმართაც კვლევის ავტორებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება:

”ძირითადად აქცენტი გავაკეთეთ დევნილის სტატუსის მინიჭების პრობლემაზე. შემდგომაა კომპენსაციის გაცემის პრობლემა, რაც უკავშირდება ოჯახების ხელოვნურად გაერთიანების პრობლემას. ასევე ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს გამოსახლებისა და განსახლების თემა”, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

როგორც ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, პრობლემა, რომელიც დევნილის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოწვეულია კანონის არასწორი ინტერპრეტაციით, ხოლო, მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხარვეზებით. მისი თქმით, კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. მათი რეკომენდაციით, ყველა იმ პირს, რომელიც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ამა თუ იმ სოფლიდან იძულებით გადაადგილდა სხვადასხვა საფრთხის შემცველი პირობების არსებობის გამო და ვერ ბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, უნდა მიენიჭოს დევნილის სტატუსი. ნონა ქურდოვანიძე ლაპარაკობს ასევე ერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაზე, რომელიც დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელია:

”შევიმუშავეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გულისხმობს კანონში ცვლილებებს და ვთვლით, რომ ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებენ დევნილის სტატუსს და ეს მათ, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ სოციალური გარანტიების მიღებაში, რაც სტატუსის არსებობას უკავშირდება.”

კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე - საკომპენსაციო თანხების გაცემაზე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ შემთხვევაშიც იძლევა რეკომენდაციას და ამბობს, რომ ყველა იმ ოჯახს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცალკე ოჯახად (კომლად) ცხოვრობდა და უარი თქვა სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე, უნდა მიეცეს საკომპენსაციო თანხა.

რადიო თავისუფლებამ კვლევის შედეგებისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შეფასება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სთხოვა, მაგრამ ამ ეტაპზე სამინისტროში კომენტარისგან თავის შეიკავეს.
XS
SM
MD
LG