Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა, რომელსაც თეთრი სახლი ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლის, ბოლო პერიოდში გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ვაშინგტონის მიერ შედგენილმა შავმა სიამ, რომელშიც რუსეთის ოფიციალური პირები შედიან, შესაძლოა ხაზი გადაუსვას გადატვირთვის პროცესში მიღწეულ გარკვეულ შედეგებს. ამ კონტექსტში სახელდება ასევე საქართველოში ამერიკის საელჩოსთან განხორციელებული აფეთქება, რომლის უკანაც, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ვარაუდით, შესაძლოა რუსი ოფიცერი იდგეს. ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას?

დავიწყოთ საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენებით. ამერიკულმა გაზეთმა ”ნიუ-იორკ ტაიმსმა” 28 ივლისს დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში განიხილება საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში განხორციელებულ აფეთქებებში რუსეთის დაზვერვის ოფიცრის შესაძლო მონაწილეობას შეეხება. საუბარია გასული წლის შემოდგომის აფეთქებათა სერიაზე, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად 2010 წლის 22 სექტემბერს მომხდარ აფეთქებასაც აერთიანებს.

”ნიუ-იორკ ტაიმსი” ამ ინფორმაციას ამერიკული სადაზვერვო სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იტყობინება, რომ ამ აფეთქებებში რუსი ოფიცრის მონაწილეობასთან დაკავშირებული ვარაუდის პარალელურად, საიდუმლო ანგარიში ვერ იძლევა იმის ნათელ დასკვნას, რომ აფეთქებები მოსკოვის დაკვეთით განხორციელდა. ამასთან, თავად ანონიმური წყარო მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების საელჩოსთან განხორციელებული აფეთქება ვაშინგტონზე მეტად თბილისის გამოსაწვევად განხორციელდა.

გადატვირთვა არ მოხდება ჩვენი ინტერესებისა და პრინციპების საზიანოდ და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას...
თუმცა მანამდე - კერძოდ, 27 ივლისს - გაზეთი ”ვაშინგტონ ტაიმსი”, ასევე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ აშშ–ის დაზვერვის საიდუმლო ანგარიშში უკვე დადგენილია 22 სექტემბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში რუსი ოფიცრის მონაწილეობა. ამ კონტექსტში ვრცელდება რესპუბლიკელი სენატორების მოწოდება, რომ აფეთქებების საკითხი კონგრესის ეგიდით იქნეს გამოძიებული და აქვეა სენატორ ჯონ კილის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადება, რომ ვიდრე არ იქნება გარკვეული საკითხი საქართველოში მომხდარი აფეთქებებისა, რასაც ის ”ამერიკის საელჩოს აფეთქების მცდელობას” უწოდებს, უნდა შეჩერდეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა გადატვირთვა.

ამ საკითხმა დიდი ხმაური გამოიწვია თბილისში, სადაც 29 ივლისს კომენტარის გაკეთება შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასსაც მოუწია. მედიის მწვავე ცნობისმოყვარეობის საპასუხოდ, ბასმა თქვა, რომ ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას:

”გადატვირთვა ყოველთვის შეეხებოდა იმ გზების გამონახვას, სადაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს რამდენიმე ასეთ სფეროში. მაგრამ იგივე გადატვირთვა არ მოხდება ჩვენი ინტერესებისა და პრინციპების საზიანოდ და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას.”

თუკი რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკასთან ღია დაპირისპირებას ერიდება და ძირითადად იგნორირების პოლიტიკას მიმართავს, გაცილებით რთულად არის საქმე იმ შავ სიასთან მიმართებით, რომელში მოხვედრილ რუს ოფიციალურ პირებსაც ვაშინგტონმა შეერთებულ შტატებში სტუმრობა აუკრძალა.

საუბარია შავ სიაზე, რომელიც ვაშინგტონში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გამო შედგა. გავიხსენოთ, რომ 37 წლის მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა. მისი მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ადვოკატს, რომელიც ქვეყანაში კორუფციის მსხვილ შემთხვევებს ამხელდა, განზრახ არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, რათა ის მოეკლათ.

სფეროებით, როგორიც არის მაგალითად ავღანეთი, ბირთვული განიარაღება და ირანიც კი, სადაც რუსეთი და ამერიკა თანამშრომლობენ, ორივე მხარეა დაინტერესებული...
მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებულ რუს ოფიციალურ პირებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა და ამით უფლებათა დამცველების გული მოიგო, რუსეთმა სამაგიეროს გადახდა დააპირა. როგორც კრემლის პრესსპიკერმა უთხრა გაზეთ ”კომერსანტს”, საპასუხო გეგმის შემუშავების პროცესში თავად პრეზიდენტი მედვედევია ჩართული.

ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მიმართავს „ადეკვატურ ზომებს“ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ვიზების გაცემის აკრძალვის გამო, რამაც შესაძლოა „ავნოს ნდობის გაღრმავებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის მცდელობებს“.

ვითარება საკმაოდ დაძაბულია. თუმცა ანალიტიკოსების ძირითადი ნაწილი ვერც ამ შემთხვევაში ხედავს რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკის გაუქმების საფრთხეს. მაგალითად, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს ფიოდორ ლუკიანოვი, რედაქტორი ჟურნალისა ”რუსეთი გლობალურ ურთიერთობებში”, გადატვირთვის პროცესში გაჩენილი სერიოზული კითხვის ნიშნების მიუხედავად, ორი ქვეყანა საერთო ინტერესებს ვერ დათმობს:

”რა თქმა უნდა, ეს წვლილს არ შეიტანს ურთიერთობების გაუმჯობესებაში, მაგრამ არ მგონია, რომ ამან ბევრი რამ გააფუჭოს, რადგანაც სფეროებით, როგორიც არის მაგალითად ავღანეთი, ბირთვული განიარაღება და ირანიც კი, სადაც რუსეთი და ამერიკა თანამშრომლობენ, ორივე მხარეა დაინტერესებული.”

ფიოდორ ლუკიანოვის მსგავსად, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში მკვეთრ არსებით ძვრებს - ყოველ შემთხვევაში, 2013 წლამდე მაინც - არც ბევრი სხვა ანალიტიკოსი მოელის. ისინი ფიქრობენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს ახლა სხვა საზრუნავი აქვთ და ეს 2012 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG